კეროლაინი. დედა აფრიკა
ჩემი უგანდელი მეგობრის კეროლაინ ლამუოკას ხსოვნას მოძრაობიდან გამოძრომას სჭირდება ძალა ხორცის ძვლებამდე დასვლის, ფილტვების შეშუპების, ციებ-ცხელების, ან თვალწასული წყაროს სიწმინდის. აბრეშუმიდან ამოცლილი ძაფია სუნთქვა. შავ აბრეშუმს არც დაემჩნევა. გადავიხვიოთ თითზე, დავწყვიტოთ. გამადიდებლად მზე დავადოთ, რომ დანახშირდეს. ასეც – მუქია, ისეც – მუქია. არაფერი არ დაემჩნევა: კონტინენტი – დედა ფუტკარი, რომლის საშოშიც იდო ჩვენი პირველი ჩონჩხი. სიშავემდე ოქროსფერია. ის მწიფდება ყველაზე ადრე. ის იზრდება, ის ბერდება ყველაზე ადრე. და ყველაზე ადრე ვივიწყებთ. ხის ნიღაბს ვადებთ მუქ სახეზე თვალდაუხუჭავს. კეროლაინ, შენი ქვეყნის თოფიანი შავი კაცები – ახმახები, თოფიანი თეთრი კაცების სილუეტებში ვერჩატეულნი, მშიერი ძვლებით – მზის მენჯებში რჩებიან მარად. ზედ აკვრიან ბავშვები ქალებს, რომ რძის გაშრობის შემდეგ პურად ლოღნონ მათი დამდნარი მკერდი, მაშინ როცა ძილისპირულს ამღერებენ ძიძა მანქანებს – ოკეანისმიღმა დედები. ბავშვები – ძიძა მანქანებისგან – შენი ქვეყნის სიმღერებსაც ისმენენ ზოგჯერ და გონიათ, რომ ლამაზი ზღაპარია – სიშავემდე ოქროსფერია. შენგან სიტყვაც კი აღარ ისმის. როცა ისმის, ეს არ არის შენი სიტყვა – თბილი და სადა, გულალალი, როგორც აფრიკა, სადაც სიცხე დროს და ჰაერს დღემდე ადედებს, რომ სულები დარჩეს ხილული
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი