მერვე დღე
ვინც ნემსის ყუნწში გაძვრა - გაება, ამოიკემსა სულ თეთრად - შავზე. არ შველის სრული გაძვალტყავება და რა თქმა უნდა, ნაკლები შანსი აქვს, ვინც სამყაროს მუცლით ეხება და ხორცის ცხენზე მთელს ფსონებს ჩადის, ვისაც თვალს სტაცებს ქვები, ფეხები, თუ საცობების პრიალა ჯართი - სამსახურიდან - სახლამდე (შანსი - ნემსის ყუნწიდან გაექცეს ამ წრეს, არ დაგვირისტდეს არც თეთრად - შავზე, და არც პირიქით - ამ ნაწერივით) ჩავცქერი - დროის კარგვას, გაშვებას სიტყვების - გზებზე - გულის მუჭიდან - ჩაბნელებას და გაკაშკაშებას - სადღეღამისო სადგურის - კუჭის. ისევ შვიდი დღე. წმინდა სცენარით გამორიცხული აწმყო - გაღწევა - ერთადერთ დროში. მცენარეებიც - ქარის ნებაზე - დღეებს არწევენ და რა თქმა უნდა, ნაკლებს სცოდავენ, დაუწერელზე რადგან არ წერენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი