მთვარეული
მთვარე თმის სარჭია - მაღლა წევს ღამის ცას - ჩინური ქაღალდის ფარანი, და რომც მოვაცილოთ ცას დეკორაცია, არ მოისაკლისებს არავინ. თვალებზე დასმული მინის საჭრეთლებით ღამის ქალაქები ელავენ, ჩვენ ორმა მთვარეს რომ მხრები მივაჭედოთ, ამასაც შეამჩნევს ვერავინ. ჩვენს შორის იმდენი გზა და ჰაერია - სხეულის უსაფრთხო კედლებად, მიმართულება რომ სულაც აგვერიოს, ფილტვები არ ჩაგვეკეტება. ყველგან შეიძლება შეყუჟვა, დარჩენა - ჟანგბადის იმდენი ბალიში და წყვილი თვალია მაშველად გაჩრილი - შეგეძლო მშვიდადაც გაგეშვი. მაგრამ სხვა მაგნიტი - მძლავრი, ძველებური განაგებს ყოველგვარ ხეტიალს - ის, რომ მე შენსკენ ვარ გამოძევებული - ჩვენს შორის – ჰაერზე მეტია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი