საზღვრების მაგიერ


საზღვარი,
რომლამდეც ვერაფრით მიხვედით -
მითია – მოძრავი,

საზღვარს ჩაყოლილი ვეება სკინჰედი -
ბოთლიდან მომძვრალი
საცობი, დასპირტულ სულებს რომ აორთქლებს -
პრიალა კეფიდან -
დამიზნებულია შენს შუბლზე.

ეგ სისხლი სჭირდება კეფირად.
ეგ მკერდი უნდა, რომ
ნოხივით, ყოველთვის ფეხებთან ეფინოს,

ეგ წაწვეტებული ქედები,
ლურსმების ზეწრად რომ ეფინა -
ასი წელიწადი, ორასი,

ეგ კეხი, ეგ შავი ნაწნავი,
ეგ ჭროღა თვალები -
ერთ ჭაში ჩაყრილი შუქი და ნაცარი,

ეგ შენი “ეკალზე ვარდი” და ტაძრები -
ცასავით მართლები -
მიწასთან, საზღვრებთან -
რომლებიც მითია. რომლებიც – არც არის.

რაც არის – თქვენს შორის -
საზღვარზე მეტია – საზღვრებად გამლღვარი:

ყოველთვის იქნება -
ის – უფრო გაშლილი,
შენ – უფრო – მაღალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი