ყინულის დედოფლის დაბრუნება
ფიფქის ღმერთებო, თეთრო მწერებო, რომ ამოავსეთ ჩემი ჰაერი, რომ დამასიეთ ქარის მწევრები და ლოლუები ათასნაირი, რომ დამიწინწკლეთ, გამომიძენძეთ მოსასხამები ფართხუნა ჩრდილის, ყვრიმალებზე რომ გამომიძერწეთ სხვა ყვრიმალები – ყინულის ცვილით, რომ მომაცილეთ ძვირფასი ბაგე - ჩემი სახელით ჰაერს რომ ორთქლავს, ჩამომაშორეთ გრძნობების ბარგი და ბარათების უმიზნო მოთქმა, რომ გამიბრწყინეთ ნახშირი – კვნიტად – ყინულის – თვალში; გულის – ორივე – გასაღებიც და პაწია კლიტეც – ხელუკუღმა რომ მომასროლინეთ, - კიდევ, რას ითხოვთ? ზამთრის სარკმლებსაც - შევეგუები მშვიდად; გულადად - ვიტოვებ მხოლოდ – წიგნებს და სარკეს, მზესაც ველევი – სიყვარულამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი