კაბა
თითოეული სირმით, ნაქარგით, მძივით ვცდილობ წარმოვიდგინო თუ როგორი ლამაზი იყო ქალი, რომელსაც ტანზე ემოსა ეს თეთრი კაბა – მუზეუმში, ნახევრად სარდაფში თუ მარადიულ ბინდში – ნაზად გამოფენილი. ნაწნავების და თვალების და ბაგის გარეშე – თაროებს შორის ბჟუტავს იგი. ბჟუტავენ ლალის თვლები ხავერდის ჩიხტიკოპებში, ბეჭდები და ხანჯლები და ნამტვრევები – ფიალებად შეწებებული. და ისევ კაბა – სამუდამოდ უარყოფილი, როგორც ზედმეტად მძიმე თუ გრძელი თუ – ზედმეტად მშვენიერი, თვალისმომჭრელი. ვდგავარ – მისგან თავისუფალი. სიმსუბუქისთვის – სამოსელიც, სხეულიც დადნეს! მაგრამ ეს კაბა – შორიდან ისე მსუბუქია, ერთი წამით შეიძლება ვისურვო და ლექსად დამაჩნდეს: ჩავიცვა, კალთა ჩამოვბერტყო, ჩამოსცვივდეს ჩრჩილის პეპლები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი