ლეო ქიაჩელი - ფოტო

ლეო ქიაჩელი

მწერალი, პუბლიცისტი

0 999

ESCALADE


სადღესასწაულოდ მორთულ მდიდარსა და ძალზე ახმაურებულ კაფეში ვიჯექი, მაგრამ მაინც მოწყენილი ვიყავი. ჩემს გარშემო საზეიმო მხიარულება სუფევდა, თამამი, შეუკავებელი და გიჟური… ჩემში კი მიმე დუმილი ფუსფუსებდა, შავფიქრიანი და გულჩათხრობილი.

ნაირად მორთული ახალგაზრდობის ფაფარ–აყრილი ტალღა როკვითა და ყიჟინით შემოდიოდა კაფეკში, ცეკვავდა, ბუქნაობდა, სვამდა და შემდეგ ქუჩაშივე გარბოდა აღტყინებული, რომ საერთო ფერხულში ჩაბმულიყო და ხალხის აზვირთებულ მდინარეს შემატებოდა…

ხოლო მე მაინც ჩემი რამ სევდა მიღიტინებდა გულში და გამოურკვეველი სულიერი განწყობილების ნემსი გულის მიმღებელ თანდათანობით მიჩხვლეტავდა სულს. უცხო იყო იქ ჩემთვის ყოველი, როგორც ყაიდა ქეიფისა და მოლხენის, ისე საერთო წესი დღესასწაულისა. უცხონი იყვნენ იქ ჩემთვის როგორც უნიღბო, ისე ნიღბიანი სახეები… და შუბლშეკრული ნაღვლიანად ვიყავი მიჩქმალული გაბრწყინვებული კაფეს მივარდნილ კუთხეში…

… უკანასკნელი ღამე იწყებოდა სამ დღე–ღამიანი ეროვნული უქმისა, რომელსაც ყოველ წელს დიდი ზეიმით აღნიშნავს ხოლმე პატარა რესპუბლიკა მშვენიერი ჟენევის კანტონისა, მესამე და უკანასკნელი ღამე ნიღბოსანი “Eუთსფდფვუ”–ისა.

დიდსა თუ პატარას, კაცსა თუ ქალს, ყველას განსაკუთრებით მოელხინა ამ საღამოს, როგორც ქუჩებში, ისე კაფეში ტევა არ იყო.

.

ჩემს გვერდით კაფეში უცნაურ ჯგუფს მოეკალათნა. ათამდის იქნებოდნენ. ხმის კილოზე ვამჩნევდი, რომ ქალებიც ერივნენ. ყველას ნიღაბი ჰქონდა სახეზე აკრული. ფანტასტიურად იყვნენ მორთულნი. ყვიროდნენ, სტვენდნენ, სვამდნენ და სადღეგრძელოებს ამბობდნენ.

– მე ვსვამ, – ამბობდა ვაჟთაგანი, – ჩვენი წინაპრებისათვის, რომლებმაც უკუაქციეს ჩვენს ტურფა სამშობლოზე გამოლაშქრებული მტერი!.. დავლიოთ თავისუფლებისა და გამარჯვებისათვის!

– მე კი ვსვამ სიყვარულისათვის! – კრიალა ხმით გამოაცხადა ქალთაგანმა. – სიყვარულისათვის და სხვა არაფრისათვის!

– რომელი სიყვარულისათვის, ჩემო პატარავ? კაცური სიყვარულისათვის, რომელმაც იესოს ჯვარცმა მოგვცა, თუ ქალურისათვის, რომელმაც შენ გუშინ კუტვუჭ–მწგთ–ზე ორ საათს გაყურყუტა? – ხუმრობით მიმართა ქალს მეზობელმა ვაჟმა, მოხდენილი სიმარდით მოხვია ხელი და მუხლზე დაისვა. – რომელი სიყვარულისათვის, ჩემო ჩიტუნავ?

– იმ სიყვარულისათვის, რომელიც ოთხ საათს მაყურყუტებს კუტვუჭ–მწგთ–ზე, ჩემო რაინდო! – მიეხმატკბილა ქალი და გულში ჩაეკრა.

– ხუმრობა იქით იყოს! ამაოება ყოველი, გარდა ღვინისა!.. დავლიოთ სმისათვის, მეგობრებო! – თქვა რომელიღაცამ.

– მე ვსვამ მხოლოდ სიყვარულისათვის! – უფრო ბეჯითად წარმოსთქვა ვაჟის გულში ჩახუტებულმა ქალმა.

– რომელი სიყვარულისათვის, ჩემო გაპენტილო ბამბავ? იმ სიყვარულისათვის, რომელიც სიბრნის წყაროა, თუ?..

– რომელიც კუტვუჭ–მწგთ–ზე რვა საათს მაყურყუტებს, ჩემო კლდე–რაინდო!

– ეჰ, თავი მოგვაბეზრა ამ სიყვარულისაგან! ვსვამ სიცოცხლისათვის!… იგი მეუფეა სიყვარულისა! – ადგა და განაცხადა ქალთაგანმა.

– თუ მაგრეა, ვსვამ სიკვდილისათვის, რომელიც უფალია თვით სიცოცხლისა! – გაეჯიბრა ქალს ვაჟთაგანი.

– მე მაინც ვსვამ სიყვარულისათვის! – კვლავ დაჟინებით ჩაარაკრაკა ამის პირველმა მთქმელმა.

– რომელი სიყვარ… – დაიწყო ისევ მისმა რაინდმა. მაგრამ ამ დროს ერთმა წითელ–ყვითელი ფერით შემოსილმა შავნიღბიანმა ქალმა დაჰკრა სუფრას ხელი და დაიკივლა:

– სმენა! სიტყვა ჩემია!… გაავსეთ ჭიქები!.. გული სფინქსის ბრჭყალებმა ჩამომკაწრეს და უცნაურობა რამ საწამლავივით შემესხა სისხლში! ეს სიყვარული როდია! არც სიკვდილია იგი!

– ისევ და ისევ სიყვარულისათვის! – ჩაურთო თავისი ვაჟის მუხლზე მჯდომარე ქალმა.

– რომელი სიყვარულისათვის? – გადააბა მის სიტყვას მისმა რაინდმა.

– ალბათ, იმ სიყვარულისათვის, – დაცინვით უპასუხა წითელყვითელმა შავმა ნიღაბმა, – რომელიც ჩვენს მეგობარს თექვსმეტ საათს აყურყუტებს კუტვუჭ–მწგთ–ზე!

– დიახაც, დიახაც! – დაუდასტურა სიყვარულის მოტრფილე ნიღაბმა. – თექვსმეტი რაა? ოცდათორმეტ საათს!!!

– ეს ერთნაირი “უთსფდფვუ”–ია, ჩემო კარგო! ამ მხრით მისაღებია შენი სიტყვამახვილობა!.. სიტყვა გამაწყვეტინეთ… მე ვთქვი, რომ სფინქსმა დამბრჭყალა–მეთქი და საწამლავი რამ უცნაური სისხლში შემესხა–მეთქი… მეგონა, რომ იგი სიყვარული არ იყო. ახლა კი ვგრნობ, რომ სიყვარულია! მეგობრებო! შეყვარებული უნდა ვიყო!

– ვაშა, ვაშა!

– ვაშა, თუ სიყვარული კიდევ არ მოგვჭარბებია!

– ასე თუ ისე, მე ვსვამ სადღეგრძელოს… დიახ… სმენა! ვსვამ სადღეგრძელოს იმ ყმაწვილისას, რომელის ჩვენს გვერდივ ზის, მაგრამ ჩვენთან არ არის!.. მე მომწონს მისი ნიღაბი და თავდაჭერილობა არტისტული! უცხოელსა ჰგავს, მაგრამ ამას ის იგონებს! შეყვარებულსა ჰგავს, მაგრამ არცოდეს ყოფილა შეყვარებული!.. შეუბრალებელსა ჰგავს, მაგრამ ტყუილია!… არისტოკრატსა ჰგავს, მაგრამ დემოკრატია!.. სწავლულსა ჰგავს, მაგრამ ამასაც იგონებს… კაცსა ჰგავს, მაგრამ…

– ხა–ხა–ხა!.. ხა–ხა–ხა!.. მაგრამ რა არის? – ერთხმად გადიხარხარა ყველამ.

– მაგრამ სფინქსია! – ბრანების კილოთი თქვა წითელ–ყვითლიანმა. – მაშ გაუმარჯოს უცნობს! ჩვენს მეზობელ უცნობს, რომელსაც საკუთარი სახე ასე მოხდენილად ნიღაბად აუფარებია! – ამ სიტყვებით სწრაფად მოშორდა თავის ადგილს ამ უცნაური სადღეგრძელოს ავტორი და მაღლა ამართული სავსე ჭიქით ჩემსკენ წამოვიდა.

ახმაურდნენ დანარჩენები, წამოცვივდნენ ფეხზე.

– გაუმარჯოს უცნობს! – დასახეს და ჩემს სუფრას გარს შემოეხვივნენ.

რაღა დამრჩენოდა, უნდა გამეცა პასუხი. სავსე ჭიქით მივეგებე უცხო სახეებს და მადლობა მოვახსენე.

– მოხარული ვარ, – მივმართე წითელ–ყვითელიანს, – რომ ჩემი ნიღაბი მოგწონებიათ! ჩემდა სამწუხაროდ, მის არჩევანში მონაწილეობა არ მიმიღია… შემიძლია დაგარწმუნოთ, ჩემგან რომ ყოფილიყო დამოკიდებული, სხვანაირს ავირჩევდი!… მაგრამ… ჩემი ნიღაბის ისტორია ცოტა გრძელია და არ მინდა თავი მოგაწყინოთ!.. გთხოვთ დაბრძანდეთ… ბედნიერი ვარ… ჰეი, მოგვიტანეთ შამპანური!

– ჰო, ჰო… რა თავაზიანი ყოფილა! ნეტავი მართლა უცხოელია, თუ კილოც მოგონილი აქვს?.. თქვენი ვინაობა, ბატონო?

ამის საპასუხოდ ამოვიღე ჩემი სადარბაზო ბარათი და გადავეცი. რამდენიმე თავი შეჯგუფდა ბარათის წასაკითხავად.

– ბარათზე არაფერი რომ არ სწერია? – ერთხმად წამოიყვირეს.

– შეგშლიათ, უცნობო!.. აქ თქვენი ვინაობა არ არის აღნიშნული! – ახმაურდნენ.

– ეს არის ჩემი სადარბაზო ბარათი, ბატონებო! – ვუპასუხე.

– უცნაურია, საკვირველია!

– ახირებულზე უახირებულესია!

– მე კი მშვენივრად ვკითხულობ ამ ბარათზე უცნობის ვინაობას! ახლა მისი სახელიც ვიცი, გვარიცა და ეროვნებაც! – მტკიცედ განაცხადა წითელ–ყვითელიანმა.

– მისტიური რაღაც ამბავია!

– შენი ხელი, მეგობარო! – ხელი გამომიწოდა შავ ნიღბიანმა ქალმა. – მე და შენ ტყუპები ვართ! ჩემი ვინაობაც მაგ ბარათზეა აღნიშნული!.. ჩემთან! – ამ სიტყვებით დამატანა ხელი და თვალის დახამხამებაში კაფედან გარეთ გამაქანა.

.

საოცარი და უცნაური იყო ქუჩა. ჰაერში ყიჟინა და აღტყინების სუნი ტრიალებდა.

მთელი ქალაქი გაკუდიანებულიყო. ჭინკებს გიჟური ფერხული გაემართათ.

– ეს თუ სინამდვილეა, წარმოდგენა რა უნდა იყოს? – ვკითხე ჩემს თანამგზავრს, რომელიც ჭინკასებრ გაჰკიოდა და სულ წინ მეზიდებოდა.

– ყოველი სინამდვილე წარმოდგენააა და ყოველი წარმოდგენა სინამდვილე, მეგობარო! – მიპასუხა ნელი ხმით და შემდეგ უცებ შესდგა და რაც ღონე ქონდა ქუჩის გასაგონად დაიყვირა:

– ჰეი, ისმინეთ! აზრისა და ფიქრის ბორბალი ამ ღამეს შეჩერებულია! ამ ერთ ღამეს მაინც ბედნიერია ჩვენი ქალაქი! ბრუნავს მხოლოდ ერთადერთი ბორბალი სიგიჟისა, რომელსაც უძველესი ღვთაების მთვარის შუქი აბრუნებს! კურთხეულ იყოს იგი!! – ჩვენს გარშემო კუდიანები და რქიანები შეგროვდნენ.

– კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს! – გაიმეორეს.

– დიახ, ბრუნავს მხოლოდ ბორბალი სიგიჟისა!.. აი, როგორ! აი ასე!

დაიჩხავლეს და მყისვე შეჰკრეს ფერხული. დატრიალდა წრე გიჟური სისწრაფით.

მე და ჩემი მეგობარიც ფერხულში ჩავებით.

არ გასულა ხუთი წამიც, რომ გაისმა ჩემი მეგობრის:

– შესდექით!.. მინდა ვიცეკვო ამღამინდელი ცეკვა!

– ვაშა! ვაშა! – მოეწონათ. – უკუდო კუდიანს ცეკვა უნდა! გაიშალენით!

გაქანდა ჩემი მეგობარი და ფერხულის რგოლის შუა ჩადგა.

– დაჰკარით საცეკვაო!

ატყდა სტვენა, კივილ–წივილი.

საიდგანღაც დოლის ხმა გაისმა.

უცებ მოსწყდა მის ადგილს წითელ–ყვითელიანი შავი ნიღაბი და, თითქო ქარს შეესვას ფრთებზე, ზეაფრინდა, მაღლა ჰაერში შეტრიალ–შემოტრიალდა. ვერ მოვასწარი გაკვირვება, რომ იქვე მდგარ ხის ტოტს წაატანა ხელი და ტანის უცები მაღლა შესროლით ზე მოექცა მეორე ტოტს.

– ჰაუ, – დაიკივლა და მესამე ტოტზე გადავიდა. მესამედან მეოთხეზე და ხის წვერზე მოექცა.

– ნამდვილი კუდიანი! ნამდვილი კუდიანი! – დაიგრიალა ხალხმა, – დაიჭირე, ვინც ვაჟკაცი ხარ!

– დიახაც დამიჭირეთ, თუ ვაჟკაცები ხართ! მისი ვიქნები, ვინც პირველი ამოვა ხეზე და დამიჭერს!.. დეე, გაიმართოს “Eთსფდფვუ!.. “Eთსფდფვუ!

– ჰოო… ნამდვილი “Eთსფდფვუ! აი, ნამდვილი “Eთსფდფვუ! ყოჩაღ, ქალო, ყოჩაღ!

– “Eთსფდფვუ! “Eთსფდფვუ! – მოისმოდა ხიდან ვნებიანი მთვრალი ხმა ჩემი უცნობი მეგობრისა. – მე ვარ შუქი მთვარისა, ასული მისი!.. მე ვატრიალებ ბორბალს ამღამინდელ სიგიჟისას! “Eთსფდფვუ, “Eთსფდფვუ!..

რა მეგობარი ვიქნებოდი უცნობისა, თუ პირველი არ ავიდოდი ხეზე!..

გავიხსენე ჭაბუკური… ქართველური ქარის სარტყელი შემოვირტყი და ევროპელთ გადავაბიჯე…

ხეზე რომ აველი, მიმოვიხედე და თვალი მოვკარი, რომ ჩემი უცნაური მეგობარი სულ მაღლა ასულიყო და საკვირველად ჩამოკიდებულიყო ხის წვერის უკანასკნელ სუსტ ტოტზე.

“მართლა კუდიანი არ იყოს–მეთქი”, გავიფიქრე და შევდექი. ცხადი იყო, რომ ის ტოტი, რომელზედაც უნდა ავსულიყავი, არ დამიმაგრებია.

ვუხმე მეგობარს.

პასუხად ზედ ყურთან მომესმა ჩურჩული:

– ეს ხომ შენა ხარ, მეგობარო? ყოჩაღ… მოგელოდი კიდევაც… ჩუმად იყავ! ისეთი აზრი მომივიდა, რომ პირდაპირ საუცხოვოა! წამოდი აქეთ! მომყევი, არ შეგეშინდეს!

– მოითმინე… ხმა ჩემი მეგობრის მესმის, მაგრამ ჩემს წინ კი სხვა დგას! ვისაც ვეძებ, აი, იმ ტოტზე ჰკიდია!..

– არა! ის მე არ ვარ! ღმერთო ჩემო, რა სასაცილოა, მართლა! იმ ტოტზე ჩემი შავი ნიღაბი და წითელ–ყვითელიანი მოსასხამი ჰკიდია მხოლოდ!.. ეს ჩემი იდეაა!.. დამაცადე ახლა!.. დეე, ხალხი მას მიაწყდეს! ჩვენ კი გავიპაროთ და სეირს ვუცქიროთ ქვევიდან! სუ… ჩუმად!.. ჩქარა მომყევი, სანამ ამოვიდოდნენ!

ამ სიტყვებით გაჰყვა ქალი ტოტს.

– “Escalade! “Escalade!! – დაიკივლა კიდევ რამდენიმეჯერ და კატის სიმარდით დაეშვა ძირს ტოტიდან.

მეც მივბაძე მის მაგალითს.

აუარებელი ხალხი ირეოდა ხის ძირში. ყველა ისე იყო ჯიბრით გატაცებული, რომ ვერავინ ვერ შეგვნიშნა.

ყვიროდნენ:

– “Escalade! ჩქარა! “Escalade!!

ვინ ხეზე ადიოდა, ვინ ზურგზე ისვამდა ამხანაგს და ეხმარებოდა…

დიდი ხმაურობა იყო… ჩოჩქოლი…

მე და ჩემი მეგობარი ახლა შორი–ახლო დავდექით.

– აი, ჩემი იდეა! ხომ კარგია! შეხედე, რა ამბავია? თითქო ხეზე მართლა ვინმე იყოს! ხა–ხა–ხა! რა სულელია ხალხი. ნახავ, თუ ჩხუბიც არ მოუვიდესთ!..

ხის ძირში აურზაური იზრდებოდა. აქა–იქ გაისმოდა გინებაც. ბევრი ასულიყო კიდეც ხეზე, ტოტებს ლაწა–ლუწი გაჰქონდა.

– “eskalade! “escalade!! – გმინავდა ახლა მთელი ქალაქი.

– ადით ჩქარა! არ ჩამორჩეთ!

– მომეცი ხელი!

– მომეშველე!

– ჰე, ჩამოვარდა!

– სისხლი!

– ექიმი!

ჰაუუუ!

ნამდვილი აჯანყება ატეხილიყო. ნამდვილი ბრძოლა გამართულიყო.

– ხა–ხა–ხა! მეგობარო, არ გეცინება? როგორ მოგწონს ჩემი იდეა? არ გაგონებს, განა ეს სურათი თვით კაცობრიობას, მის ბრძოლას, მის ცხოვრებას? რა კარგია! განა ასე ტყუილად არ იბრძვის კაცობრიობა? განა ასე თავდავიწყებით არ ეპოტინება რაღაც იდეალს, რომელიც ბოლოს და ბოლოს ისეთივე სისულელეა, როგორც ხეზე ჩამოკიდებული ჩემი ნიღაბი და წითელ–ყვითელიანი მოსასხამი!.. ჰაჰა… მიდი, ჰო… “Eთსფდფვუ! “Eთსფდფვუ!.. აჰა, ვინ იგდებს ხელთ მშვენიერ ქალს! ვინ ხართ მამაცი? ვინ ხართ პირველი?!

საშინლად დამცინავი ხმა ჰქონდა ჩემს მეგობარს. შევხედე: ჩვეულებრივი ქალი იდგა ჩემს გვერდით. არც ლამაზი, არც ულამაზო. მოკლე კაბიანი და მოკლე თმიანი, მაგრამ კოხტა და მოხდენილი, როგორც ფრანგის ქალი.

– ხა–ხა–ხა! – გულიანად იცინოდა იგი და მთელი ყურადღება ბრბოსაკენ ჰქონდა მიქცეული. – მიხვედით? ჩამოიყვანეთ? ხა–ხა–ხა!.. ვინ ხარ პირველი? ხა–ხა!

– პირველი მე ვიყავი, მეგობარო დაგავიწყდა?

– ჰო, მართლა! კი, შენ იყავი. ხა–ხა–ხა! – მომიბრუნდა და ისე მითხრა რაღაც სხვანაირი სიცილით. – კი, შენ იყავი, მაგრამ… ხა–ხა–ხა, მეშინია, რომ… გითხრა!

ვიგრენი, რომ დამცინოდა უცნაური ნაცნობი.

– მაგრამ… მე ხომ არ მოვტყუებულვარ, მეგობარო?

– ვაიმე, რომ კი! ხა–ხა–ხა! მეც იგივე ვარ, რაც ჩემი ნიღაბი ხეზე! – მითხრა და თვალის დახამხამებაში გაჰქრა ქალი! ათასნაირ ჭინკებსა და კუდიანებში გაერია!

სახტად დავრჩი.

… ისევ კაფეში ვიჯექი.

მთვრალი კაფე უკანასკნელ ჭიქას სცლიდა.

ქუჩიდან კიდევ მოისმოდა:

– “Escalade!”, “Escalade!!”

არ ნელდებოდა სტვენა, ყიჟინა და ყვირილი!…

– ჰო, ეს ბებერი ევროპა! – ვამბობ ჩემთვის – რომ არ ცხრება!
კომენტარები (0)