წარსული აწმყოში


მორიგი წვეულება ჰქონდა ბატონიშვილ ლევანს.

სამნი ძმანი იყვნენ ბატონიშვილები: ლევან, დავით და ვახტანგი. უფროსი იყო ბატონიშვილი ლევანი.

სამი ძმაღა დარჩენილიყო იმ ისტორიული გვარიდან, რომელიც ფეოდალური საქართველოს ერთ პატარა, მაგრამ უმშვენიერეს, აწ მაზრადქცეულ კუთხეში მთავრობდა.

თუმცა ამ დიდებული გვარის მთავრული ვარსკვლავი დიდი ხანია რაც ჩამქრალიყო, მაგრამ აწინდელ მის წარმომადგენლებს ეს ისე ეჭირათ, როგორც ნამდვილ მთავრებს შეეფერებოდათ.

ძნელი გასარკვევია, რა იყო მიზეზი – ტრადიცია, ისტორიისადმი პატივისცემა, თუ უბრალო ზრდილობა, – მაგრამ მათ სახელს მთელ კუთხეში ისე არავინ ახსენებდა, რომ ზედ “ბატონიშვილი” არ დაეტანებინა.

ასე წარმოიდგინეთ, მაზრის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც კი “ბატონიშვილის” გარეშე არ წამოცდებოდათ მათი სახელი. თვითონ მაზრის უფროსი, ვეება ტანის, გრძელულვაშებიანი და რიხიანი მაიორი, ჩვეულებრივად ასე უწოდებდა მათ:

– “ “.

ღირსშესანიშნავი იყო უთუოდ, რომ მაზრის უფროსი ამ ორის სიტყვიდან პირველს “ბრანწის” მაგვარად გამოთქვამდა. ყოველ შემთხვევაში რუსულის არმცოდნეთ ეს სიტყვა უმრავლეს შემთხვევაში “ბრანწად” ესმოდათ. მისი წარმოთქმისას მაზრის უფროსი ჩვეულებრივად ცალ ულვაშს ეშმაკურად ააცმაცუნებდა და ისედაც წვრილ, ჭროღა თვალებს საიდუმლო მნიშვნელობით მოჭუტავდა. მაგრამ მაინცდამაინც ნამეტანი აშკარა რომ არ გამოსვლოდა დაცინვა, ზედიზედ მაგრად დაახველებდა და ულვაშის ვითომ ძალაუნებურ ცმაცურს და თვალი ცბიერ მოჭუტვას უეცარ დახველებას დააბრალებდა.

გარეშე ამისა, ბატონიშვილები საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდნენ თავიანთი სიდარბაისლით, მეფური თავდაჭერილობით და იშვიათი ენამჭევრობით.

ყველა ამნაირი და სხვა მრავალი მაღალი ღირსებით განსაკუთრებულად შემკული იყო უფროსი ძმა, ბატონიშვილი ლევანი, ტახტის მემკვიდრე. ძმებიც კი ბაძავდნენ მას, თუმცა ბატონიშვილი დავითი რუსეთსა და ევროპაში ნაცხოვრები იყო, ხოლო ბატონიშვილ ვახტანგს ახლო და მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ქართველი არისტოკრატიის უმაღლეს წარმომადგენლებთან, რომელთაც ბატონიშვილები ენათესავებოდნენ.

ბატონიშვილი ლევანი მაღალი და წარმოსადეგი იყო. მას შნოსა დაახოვანებას მატებდა გრძელი შავი ჩოხა, განიერ მკერდზე აქეთ–იქით ჩამოყოლებული შავი გიშრის მასრებიანი. მასრებს ზემოდან ეფინებოდა ბატონიშვილის სახელგანთქმული შავი წვერი, რომლის შნო და მოყვანილობა მთელი კუთხის თავმომწონე თავადების შურის საგანს წარმოადგენდა.

ბატონიშვილი მუდამ შავ ჩოხას და თეთრ აბრეშუმის ახალუხს ატარებდა. თავადაც შავგვრემანი იყო. სადა შავბალთებიანი ქამარ–ხანჯლისა და ხმლის ტარება უყვარდა* გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ ველი, საგვარეულო, მორჩილი დამბაჩა, რომელიც ბატონიშვილს მუდამ ზურგს უკან ქამარში ჰქონდა გარჭობილი. დამბაჩა დიდი ხელოვნებით იყო მოხატული ძვირფასი ქვებით. მის ტარს კვერცხისოდენა, სიძველისაგან შეყვითლებული და ხმარებისაგან შეცვეთილი სპილოს ძვლის კოპალი ამშვენებდა.

ბატონიშვილ დავითს უფრო ხშირად ევროპულად ეცვა. თუმცა დროდადრო, განსაკუთრებულად საზეიმო შემთხვევებში, ჩოხა–ახალუხით გამოწყობაც უყვარდა. უფროსი ძმის რიდით ის შავ ჩოხას არ იცვამდა. ხმალს სულაც არ ატარებდა, ხოლო ქამარ–ხანჯალი ფერადი მინანქრით მოკირწყლული და ოქროთი დაფერილი ბალთებით დამშვენებული ერტყა.

რაც შეეხება ბატონიშვილ ვახტანგს, ის ჩოხის ფერს მაინცდამაინც არ არჩევდა. ტანსაცმელს დღეში რამდენჯერმე იცვლიდა, მაგრამ საგარეოდ მუდამ შინდისფერი ჩოხა ეცვა. მისი ოთახი ძველი და ახალი იარაღის მუზეუმს ჰგავდა. ძვირფასი ხმალი და ხანჯალი ჭარბობდა, ისტორიულ პირთა ნაქონი. ხმლებში ერთი ჰქონდა შერჩეული, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებდა. ამბობდა, ალექსანდრე ბატონიშვილის ნაქონი არისო. ხმალს არაბული წარწერა ჰქონდა პირზე. როცა ბატონიშვილს მისი ღირსების ჩვენება უნდოდა, ამოიღებდა, ისე მოღუნავდა, რომ წვერს ვადამდე მიუტანდა და უცებ გაშლიდა, “კეთილშობილი” ფოლადი ამ დროს ისეთ წკრიალს გამოსცემდა, რომ ყველას გაოცებას იწვევდა.

მართლაც, შესანიშნავი ხმალი იყო, – ბატონიშვილი მით ტყვილა არ ამაყობდა.

წინააღმდეგ დინჯი უფროსი ძმებისა, ბატონიშვილი ვახტანგი ჩქარი და ფიცხი იყო. მასთან ავად გადაკიდება არავისთვის ხელსაყრელი არ იყო.

შესაძლებელია, მაზრის უფროსი თავისი დამცინავი “ბრანწის” ხველებით დაფარვას იმიტომ ცდილობდა, რომ ბატონიშვილი ვახტანგის სიფიცხისა და ხმლის ეშინოდა.

მეტად სწუხდნენ ბატონიშვილები, რომ მთავრებად იყვნენ დაბადებულნი და ვერ მთავრობდნენ, ხოლო მათ საგვარეულო სამფლობელოს სხვა განაგებდა.

თუმცა ვერ მთავრობდნენ ჩვენი ბატონიშვილები და სამთავრო აღარ გააჩნდათ, მაგრამ მაინც მთავრებივით ცხოვრობდნენ. ნამდვილ მთავრებზე უფრო ხშირად ნადიმობდნენ, ასევე ხშირად ნადირობდნენ და მტკიცედ იცავდნენ ძველი ქართული რაინდობის წესებს როგორც შინ, ისე გარეთაც, სიტყვას მეფურ კილოს ატანდნენ და უყვარდათ გასაუბრება რუსთაველის შაირით, თუმცა სხვა მრავალი ძველი და ახალი ქართული წიგნის ნაკითხობასაც ამჟღავნებდნენ, რაც განსაკუთრებულად ბატონიშვილ დავითზე უფრო ითქმის.

.

ბატონიშვილ ლევანის დღევანდელი წვეულება ჩვეულებრივი იყო. ძმებს წესად ჰქონდათ შემოღებული, რომ რიგრიგობით აწვევდნენ სტუმრებს. თავისთავად ცხადია, რომ ბატონიშვილი ლევანის წვეულება გამოირჩეოდა ძმების წვეულებისაგან სტუმრების სიმრავლითა და სუფრის სიუხვით, როგორც უფროს მას და მთავრის პირველ მემკვიდრეს შეეფერებოდა.

– ვაშა, ბატონიშვილო ლევან! ვაშა და დიდება ბატონიშვილ ლევანს! – ერთხმად შესძახეს სტუმრებმა, როცა თვალი გადაავლეს გაშლილ სუფრას, რომელსაც, ჩანდა, ჩიტის რძეც კი არ აკლდა.

– არ დამძრახოთ, დარბაისელნო! – მკერდზე ხელების დაკრეფით და თავის დახრით მიმართა ბატონიშვილმა წვეულთ. – როგორც ამ სახლს, ისევ თქვენს ღირსებას უფრო სხვანაირი სუფრა შეეფერებოდა. სულმნათი შოთას უკვდავი სიტყვები, ასე მგონია, ზედგამოჭრილია ჩემზე, ბატონებო:

საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების,

ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების!

მერე მის გვერდით მდგომ მეუღლეს თამარს მიმართა:

– ბატონიშვილო თამარ, ბატონიშვილი ლევანი გთხოვს ამ “მოქუხებული” ცის ქვეშაც ისე გაუმასპინლდე მის სტუმრებს, თითქოს ჩვენს თავზე მზე ანათებდეს…

თამარს გვერდში ედგნენ რძლები – ქეთევან და გურანდუხტ, ბატონიშვილების – დავითისა და ვახტანგის თანამეცხედრენი, უწარჩინებულესი თავადების ერისთავისა და დადიანის ასულები. სამთავემ თავის დახრით მოისმინა უფროსი ბატონიშვილის ბრძანება.

ბატონიშვილმა თამარმა წინ წარსდგა ნაბიჯი და სტუმრების რიგს თავით ბოლომდე მზიური ღიმილი მიანათა. მას უმცროსმა რძლებმაც წაბაძეს.

მაშინ სტუმრები მოკრალებით მიუახლოვდნენ ბრწყინვალე მანდილოსნებს და ხელზე ემთხვივნენ უფროს–უმცროსობის კვალობაზე.

როცა ხელზე მთხვევის ცერემონია გათავდა, ბატონიშვილმა დავითმა წარმოსთქვა:

– ბატონიშვილო თამარ, მზისადარო რძალო ჩვენო, სუფრა გაწყობილია და სტუმრებს მოელის. გთხოვთ, გაგვინათო მისკენ გზა. მოგეხსენება, ბატონიშვილო, რომ სამყაროში ურღვეველი წესრიგი და ჰარმონია მზის წყალობით სუფევს. მთვარეს თუ დედამიწას, ზუალს თუ მუშთარს და მარიხს მიკუთვნებული აქვთ თავიანთი ადგილი სამყაროს დასაბამიდან უცვლელად. შენ ხარ მზე ამ ოჯახისა, ბატონიშვილო თამარ, შენ გეკუთვნის მონიჭება ამ სუფრაზე იმ ადგილისა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს დაუმსახურებია ისტორიაში ჩვენი სამთავრო ოჯახის წინაშე… ველით შენს ბრანებას, ბატონიშვილო!

თამარმა მოისმინა უგანათლებულესი მაზლის სიტყვები. ის იყო უნდა შესდგომოდა რძლებთან ერთად დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რომ ლევანის ხმამ შეაყენა იგი.

– ბატონიშვილო დავით, შენი სიტყვა ბრძნული იყო, როგორც შეგეფერებოდა, მაგრამ მაპატიე, თუ ის მთლიანად ვერ მოგიწონო… შენ მხოლოდ დიდნი პლანეტანი დაგვისახელე, ბატონიშვილო, ასე ვთქვათ, ცის თავადები… მაგრამ სადაც თავადები ბრძანდებიან, იქ აზნაურებიც არიან… შენ კი გამოგრჩა ისინი, ბატონიშვილო… არ დაგისახელებია ასპიროზ და ოტარიდი, მზის მხარის დამამშვენებელნი! რუსთაველს არ დავიწყებია ისინი… მოგაგონებ:

მოდი, ასპიროზ, მაგრე რა…

ან:

ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვისა,

მზე მაბრუნებს, არ გაგიშვებს, შემეყრის და მიმცემს წვასა…

– ცდომილ ვარსკვლავებზე ვითომ აღარ შევაჩერე მაღალი საზოგადოების ყურადღება, ჩემო ბატონიშვილო! – თავი იმართლა დავითმა.

– ჩვენს აზნაურებს დიდი დამსახურება მიუძღვით ჩვენი ტახტის წინაშე, ბატონიშვილო დავით. ამიტომაც ბრძანდებიან აქ მოწვეულთა შორის… განსწავლულს ისტორიაში ჩემზე უკეთ მოგეხსენება, რომ თავადაზნაურობით იხსენიება ჩვენში მაღალი წოდება ერთიანად… ალბათ, რუსთველის დროსაც ასე იყო, რომ იმ სულმნათმა ასპიროზ და ოტარიდი დიდ პლანეტთ გვერდში ამოიყენა!

– შენს მზეს ვფიცავ, ბატონიშვილო, – შესძახა უფროსი ძმის სიტყვებით აღფრთოვანებულმა დავითმა, – ჩვენი გვარის გენია გიბრწყინავს თვალებში: შენი სიტყვებით დღესაც ისე მოხიბლული ვარ, როგორც ყოველთვის! რა გასაკვირია, რომ ყოველივე ჩემზე უკეთ იცოდე, რადგანაც თავად ხარ ხორცშესხმული ისტორია ჩვენი! – ამ სიტყვებით ის მიუახლოვდა ლევანს და მარცხენა მკერდზე მხურვალედ ეამბორა. მერე სტუმრებისაკენ პირი იბრუნა და დიდის აღგზნებით წარმოთქვა:

– ბატონებო, ვაშა ბატონიშვილს ლევანს! ვაშა და დიდება მას!

ქუხილით გაისმა დარბაზში საერთო “ვაშა”!.

აქ თამარიც შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას.

– ბატონიშვილო დავით, – უთხრა მან მაზლს, – მე და ჩემს რძლებს დანიშნული გვაქვს ძვირფასი სტუმრებისათვის ადგილები სუფრაზე… მოიღეთ მოწყალება, ბატონებო, დაბრძანდით… თქვენი ადგილი, ბატონიშვილო დავით, აი, აქ არის: ბატონიშვილ ლევანის ხელმარჯვნით… ხელმარცხნით მდგარი სკამი ბატონიშვილ ვახტანგს ეკუთვნის… მეტად ვწუხვარ, რომ ის დღეს აქ არ ბრნდება… თუ თქვენი ნება იქნება, შევუნახავთ კუთვნილ ადგილს.

– ბატონიშვილი ვახტანგი მისმა სიმამრმა, დადიანმა, აწვია სანადიროდ… – ჩამოართვა სიტყვა მეუღლეს ლევანმა. – ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა. ალბათ, აქამდის გრელდება დადიანის ნადირობა. მოგეხსენებათ, თუ რაოდენად უყვართ სიე–სიმამრს ნადირის დევნა. მაგრამ მე მაინც დღეს მოველი ბატონიშვილის დაბრუნებას ყოველ მიზეზს გარეშე, რადგანაც მან იცის ჩემი დღევანდელი წვეულების ამბავი.. აპატიეთ, დიდებულნო, ბატონიშვილ ვახტანგს კადნიერება…

– რას ბრძანებთ, ბატონიშვილო ლევან! ალბათ, მოგვისწრებს ბატონიშვილი… – ბოდიში მოხადეს სტუმრებმა ვახტანგს.

დასხდნენ, ვახტანგის სკამი ცარიელი დარჩა. ადგილები ისე იყო განაწილებული სტუმრებს შორის, რომ არავის შელახვია თავმოყვარეობა, გვაროვნული ღირსებისა თუ დამსახურების გრძნობა. თავადების რიგი აზნაურებმა განაგრძეს ვიდრე ბოლომდის, სადაც მოწვეული მომღერლები განლაგდნენ.

ბატონიშვილ დავითისა და სტუმრების მოთხოვნით სუფრას დიასახლისიც მიუჯდა, – მარცხენა მხარეს, ქმარსა და ბატონიშვილ ვახტანგის ცარიელ სკამს შუა. უმცროსმა რძლებმა დაჯდომა არ ინებეს. ფეხზე დარჩნენ და სტუმრების მომსახურება განაგრძეს.

სუფრას ამშვენებდა საგვარეულო საგანძურიდან მოტანილი ძვირფასი აზარფეშები, რქისა და ბროლის ყანწები, ოქროთი და ვერცხლით მოჭედილები, უცხოდ მოხატული დიდი და მორჩილი კუები, ლალითა და იაგუნდით მოკირწყლულები, ისტორიული მნიშვნელობის წარწერებითა და თარიღებით დამშვენებული, კეკლუც ქალივით კისერმოღერებული ძველი ვერცხლის სურები, – სხვადასხვა დროს მეფეთა, უფლისწულთა, მთავართა და დიდგვაროვანთაგან ბატონიშვილების წინაპართადმი სახსოვრად მოძღვნილები.

დარბაზში ტრიალებდნენ მსახურებად მოწვეული ყმაწვილკაცები თავადთა თუ აზნაურთაგან, – მერიქიფენი თუ კერის მომრთმევნი, მოკლე, ცალკალთა აკეცილი, მოსირმული თეთრი ჩოხა–ახალუხით მორთულები, აბრეშუმის სიფრიფანა ყაბალახებით თავწაკრულები.

მერიქიფეებმა აავსეს სასმისები. სტუმრები მცირედ შეექცნენ უხვად განლაგებულ საუზმეს და ბატონიშვილმა ლევანმა პირველად დაილოცა მომცრო ყანწით.

– ბატონიშვილო თამარ, – მიმართა შემდეგ მის გვერდით მჯდომ მეუღლეს. – რა ვქნა, არ ვიცი, სანამდე დავფარო, რომ ჩემს გულს რაღაცა აკლია…

– ბრძანე, ბატონიშვილო!

– ვერ ვხედავ სუფრაზე ჩვენი ოჯახის სიამაყეს, ბატონიშვილო თამარ… ოდითგან ჩვენი ლხინის დამამშვენებელს და მოზიარეს… ვერ ვხედავ ჩვენს “დიდებას”, ბატონიშვილო! ხომ არ გვემალება? იქნება, ღარიბ სუფრას გვიწუნებს, არ გვკადრულობს! ჩემს თავს გაფიცებ, გამაგებინე სად ბრძანდება იგი ამდენი ხანი!

“დიდების” ხსენებაზე სტუმრების სახეს ბედნიერების ღიმილი გადაეკრა. სუფრას ცელქი ნიავივით ჩაურბინა სასიამოვნო ჩურჩულმა.

თამარმა თვალი მიმოავლო სუფრას. ვითომ გაუკვირდა, რომ ვერ ნახა ის, რასაც ეძებდა. შეწუხდა ვითომ კიდევაც.

სტუმრები მიუხვდნენ ოინს. სიცილით შეეგებნენ დიასახლისის უწყინარ თვალთმაქცობას.

– ღმერთო ჩემო… ნუთუ დამავიწყდა! ბატონიშვილო ქეთევან, ბატონიშვილო გურანდუხტ… – ადგომა დააპირა, მაგრამ რძლებმა დაასწრეს. წინ გაშვერილ ხელებზე დასვენებული ორწყრთიანი ყანწი მოართვეს.

ეს იყო ბატონიშვილი ლევანის მიერ მოთხოვნილი “დიდება”, რომლის სუფრაზე გამოტანა ასეთი ზეიმით იყო მოწყობილი საზოგადოების გასამხიარულებლად.

ფიცხლად წამოდგა დიასახლისი. თითქოს უმნიშვნელოვანეს რასმე მღვდელმოქმედებას ასრულებსო, რძლებს ყანწი ჩამოართვა და ბატონიშვილ ლევანის წინ წინასწარ მოწყობილ ადგილზე დააყენა, მრგვლად დაღებული ვეება პირით სტუმრებისაკენ მიქცეული.

– ვაშა! – იქუხა დარბაზმა.

“დიდებას” დარბაზში კერის მომრთმევი მსახურნი შემოჰყვნენ დაწალიკებით. მათ თავს ზემოთ შემართულ ხელებზე შეყენებული ველებური ვერცხლის ხონჩები მოჰქონდათ, ნაირ–ნაირი საჭმელებით სავსე.

“ვაშას” ძახილი ჯერ კიდევ არ შეწყვეტილიყო დარბაზში, რომ ბატონიშვილი დავითის აღფრთოვანებულმა ხმამ დაფარა იგი:

მეფეთა შიგან სიუხვე ვით ედემს ალვა რგულია,

უხვსა მორჩილებს ყოველი, – იგიცა, ვინ ორგულია.

სმა–ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია!

რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია.

წარმოსთქვა ეს თუ არა, იქვე სულმოუთქმელად განაგრძო:

– ბატონიშვილო ლევან, ჩვენი გვარი ღვთით მოწოდებული იყო ერის წინამძღოლად ჭირსა და ლხინში. ასე იყო ძველად. მაგრამ ასე უნდა იყოს დღესაც. შეიძლება დრო გამოიცვალა, მაგრამ არ გამოცვლილა შენი დიდება, ჩვენი კუთხის განმგებლად დაბადებულო, ჩვენო ბატონიშვილო. მტერთან რომ ომი გვქონდეს, შენს გარდა სხვა ვინ იქნებოდა ჩვენი წინამძღოლი? მაგრამ დღეს ლხინი გვაქვს შენს ოჯახში, ბატონიშვილო, და ნება მოგვეცი მოგილოცოთ თამადობა.

ერთი კაცივით ფეხზე წამოდგნენ სუფრაზე მსხდომნი. ყოველი მხრიდან გაისმა:

– გთხოვთ, ბატონიშვილო, გთხოვთ.

ბატონიშვილი ლევანიც წამოდგა.

– ღირსი არა ვარ ასეთი პატივისცემისა, დიდებულნო! – თქვა მან თავმდაბლად და თავი ოდნავ ჩაქინდრა. ჩანდა, უარის თქმას არ აპირებდა, ოღონდ უფრო მეტ “პატიჟს” ელოდებოდა. მიუხვდნენ. თხოვნა გაუმეორეს. ისიც კი უთხრეს:

– რაკი ბატონიშვილი ხარ ჩვენი, გევალება კიდეც გვემსახუროო…

ამან იმოქმედა.

– თქვენს სამსახურს როგორ გავექცეო, – ბრაძნა ლევანმა და მარჯვნით და მარცხნით თავი დაბლა დაუკრა დიდებულთ ნიშნად მადლობის გამოცხადებისა მისი ესოდენ დიდი ნდობით აღჭურვისათვის.

ამის შემდეგ ყველანი დასხდნენ, გარდა ბატონიშვილ დავითისა. თავდახრილი მიუახლოვდა იგი უფროს ძმას და მოკრალებით მარცხენა მკერდზე ემთხვია. ცხადი იყო, მან ამით მადლობა გადაუხადა მას თამადობაზე დათანხმებისათვის. მაგრამ ამას არ დაჯერებულა. ფიცხლად ჩამოართვა მერიქიფეს ვერცხლის სურა, საკუთარი ხელით პირთამდე აავსო ღვინით “დიდება” და თამადას გაუწოდა. ბატონიშვილმა ლევანმა ყანწი ჩამოართვა და შუბლზე აკოცა ერთგულ მას.

მთელი სუფრა კვლავ ფეხზე წამოდგა.

არ გასულა ხანი, რომ დიდებულნი ბატონიშვილ ლევანის წინ გრელ ჯერში იდგნენ, რათა მკერდზე მთხვეოდნენ და ბატონიშვილ დავითს არ ჩამორჩენოდნენ ერთგულების გამომჟღავნებაში.

რაკი ჩამორჩენა არავის უნდოდა, ცერემონია გაგრძელდა.

გათავდა თუ არა იგი, აღელვებული ბატონიშვილი დაუყოვნებლივ შეუდგა დაკისრებული მოვალეობის ასრულებას.

– დიდებულნო, – დაიწყო მან ათრთოლებული ხმით. – ვერ დავფარავ, რომ დიდად ვღელავ… ასე ვღელავ ყოველთვის, როცა “დიდება” ხელთ მიპყრია… ამ დროს მაგონდება, ბატონებო, ჩვენს ოჯახში დღემდე შემონახული წმინდა გადმოცემა, რომ თამარ მეფეს ხელში სჭერია იგი პირთამდე სავსე, როცა რუქნადინის დამარცხების შემდეგ ბასიანიდან დაბრუნებული ქართველი ჯარისთვის ბრწყინვალე გამარჯვება მიულოცავს… საგულისხმოა, რომ ეს ისტორიული გაძი, ეს წმიდათაწმიდა დღეს ჩვენს ოჯახშია დაცული, როგორც სიმბოლო ქართველი ერის მთლიანობისა და მისი ისტორიის უწყვეტელობისა დასაბამიდან ვიდრე აქამდის… დიდება ჩვენს წინაპრებს, რომელთაც ეს “დიდება” ამ ჩვენს კუთხეში დაუცავთ ერის დიდების მარად მოსაგონებლად!

დაამთავრა თამადამ, პურზე ღვინო დააპკურა და “დიდება” პირზე მიიჭდო.

დარბაზში დაირხა საზეიმო “მრავალჟმიერი”, რომელიც თანდათანობით ქუხილის ძლიერებას აღწევდა იმის კვალობაზე, თუ როგორ იწვევდა სულ მაღლა და მაღლა ბატონიშვილ ლევანის ტუჩებზე ფართო პირით მიბჯენილი “დიდების” ოქროთი მოსალტული, მოკაუჭებული ბოლო.

ყველა სულგანაბული მისჩერებოდა ბატონიშვილ ლევანს. ყველა განიცდიდა “დიდების” უწყვეტლად დაცლის საზეიმო წუთებს.

ნადიმი გაგრძელდა.

საღამოს მოახლოებისას ბატონიშვილმა ლევანმა ბრძანა ახალი სუფრა გაეშალათ დიდი კაკლის ხის ძირში, რომელიც თავისი გაშლილი ტოტებით ვრცელი ეზოს მთელ ერთ კუთხეს ფარავდა.

მთელი დღე “დიდებასთან” ჭიდილით მოქანცული სტუმრები ახალ სუფრაზე უფრო ისვენებდნენ, ვიდრე სმასა და ჭამას განაგრობდნენ: ხილს და ტკბილეულს შეექცეოდნენ, დროდადრო პატარა რაკრაკა კულებით ყელს ისველებდნენ.

მომღერლებსაც მობეზრებოდათ ხმამაღლა სიმღერა და დაბალი, ტკბილი ღიღინით ართობდნენ მომლხენთ.

ბატონიშვილ ლევანს არათუ მოსმენა უყვარდა ღიღინის, თავადაც დიდი ოსტატი იყო ღიღინით სიმღერისა. მას მეტად სასიამოვნო კრინი ჰქონდა, ნაღვლიანად მჟღერავი და სევდიანი. ბატონიშვილის ბედზე მდურვას ამჟღავნებდა იგი. მისი ღიღინი ნამდვილ ტკბობას გვრიდა მსმენელს.

ამ საღამოს ნაღვინევი ბატონიშვილის ხმაში ცრემლი იგრნობოდა.

ახლობელი მეზობლები თუ შემთხვევით გავლილი ქალი და კაცი ეზოს მუხის მესრის ღობესთან მომდგარიყვნენ და ყურს უგდებდნენ ბატონიშვილის მდრტვინავ ღიღინს.

ბატონიშვილმა დავითმაც ფრთხილად ააყოლა ხმა მის ღიღინს, ოღონდ ის კი არ მღეროდა, რუსთველის შაირს ამბობდა ღიღინთან ხმაშეწყობილად:

რა ესმოდის მღერა ყრმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან.

მისივე ხმის სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაკვირდიან, რა ატრიდის, ატირდიან, –

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან…

აქ უცებ, თითქოს იჭექაო, სადღაც გასროლა გაისმა, არ გასულა ხანი, რომ ეზოში შემოიჭრა გაჭენებული ცხენების თქარათქურის ხმა.

უმალვე შეწყდა ღიღინი. წამოიშალნენ სუფრაზე მსხდომნი.

– ბატონიშვილი ვახტანგის დამბაჩა იყო! – თქვა ლევანმა.

– ბატონიშვილი ვახტანგია ნამდვილად! – დაუდასტურა მიხვედრა უფროს მას დავითმა.

– დააგვიანა, მაგრამ მაინც მოგვისწრო ბატონიშვილმა! – გაუხარდათ სტუმრებს.

მოულოდნელი სიხარულით სახეალეწილი ბატონიშვილი გურანდუხტი ფრთხიალით წამოდგა.

ყველამ ალაყაფის კარისკენ გაიხედა.

გაიღო კარი და ზედ შემოსასვლელთან სამმა მხედარმა ჩხრიალით შეაყენა ცხენები: წინ ბატონიშვილი ვახტანგი, გვერდით ორი მხლებელი, რომელთაც შუაში ერთი მარქაფა ბაჩა ცხენი ეყენათ, კეხზე ყორესავით აზიდული საკიდარით დატვირთული.

– ბატონიშვილი თავის ცხენზე არ ზის! ეს რას უნდა ნიშნავდეს ნეტავი? – თქვა დავითმა.

– მეცნაურება: დადიანის უნდა იყოს! – გამოთქვა აზრი ლევანმა.

გურანდუხტმა წამოიახა:

– ნამდვილად მამაჩემის “მიმინოა”, ბატონიშვილო! – და ალაყაფის კარისკენ გაემართა ქმრის შესაგებებლად.

სადაც დადგნენ შემოსასვლელთან, იქვე ჩამოქვეითდნენ მხედრები, რადგანაც წესი არ იყო ბატონიშვილის ეზოში ცხენდაცხენ შემოსვლა.

მიეგება თუ არა გურანდუხტი ქმარს, მაშინვე ჰკითხა:

– მამაჩემის “მიმინოზე” რატომ ჩამობრანებულხარ, მბრძანებელო? ჩვენი “არწივი” სად არის?

– “არწივს” ნუღარ მომაგონებ, გურანდუხტ! – მოკლედ და ნაღვლიანად უპასუხა ვახტანგმა მეუღლეს და ერთ–ერთ მხლებელს უბრძანა, ბაჩა ცხენი კაკლის ძირში წაეყვანა.

ამასობაში ბატონიშვილი ვახტანგის შესაგებებლად ნელა დაძრულიყვნენ ალაყაფის კარებისაკენ მონადიმენი ბატონიშვილ ლევანის მეთაურობით.

გაუსწორდა თუ არა უფროს ძმას, ბატონიშვილი ვახტანგი თავდახრილი დადგა მის წინ. მდაბლად მიესალმა და ბოდიში მოიხადა წვეულებაზე დაგვიანებისათვის. მერე მარდად გადახადა ლეჩაქი ცხენზე აკიდებულ ტვირთს და მოახსენა:

– ბატონიშვილო, დადიანმა ძღვნად მოგართვა, რასაც ამ ცხენზე აკიდებულს ხედავ… თან თავისი წუხილი შემოგითვალა იმის გამო, რომ ძღვენი დღევანდელ შენს სუფრას ვერ დაამშვენებდა დაგვიანების გამო, თუმცა თავად დიდად იყო მოწადინებული ნანადირევი გუშინ მოერთმია… მაგრამ ნადირობამ ოთხი დღე გასტანა ორის მაგიერ… თუ არა ეს მიზეზი, გუშინ უნდა გხლებოდი.

– იშვიათი ნადირობა გქონიათ სიძე–სიმამრს, ბატონიშვილო, – ფარული შურით წარმოსთქვა ლევანმა, როცა ლეჩაქახდილი მდიდარი ძღვენი შეათვალიერა. – თქვენს თავს ვფიცავარ, დიდებულნო, ჩინებული ძღვენია… მისი დაწუნება თვით მეფეს არ შეუძლია! – მერე თითქოს ცხენზე აკიდებულ ნანადირევს თითოეულად ასახელებსო, რუსთველის სიტყვებით განაგრო:

ირემი, თხა და კაჯარი, ქარციკი მაღლა მხტომელი!..

მერე გულზე ხელი მიიდო და ბატონიშვილ ვახტანგის წინაშე მდაბლად თავი დახარა: იგი ამით მადლობას უხდიდა დადიანს უხვი ძღვენისათვის.

– რაც შეეხება ძღვენის დაგვიანებას, ეს შესაწუხებელი არ არის. ჩვენი ნადიმი ხვალაც გაგრელდება. – ჩაიცინა ულვაშში ლევანმა და ვახტანგს მხარზე ხელი დაადო. – მით უმეტეს, დღეს შენ არ დაგიმშვენებია ჩვენი სუფრა…

დადიანის გულუხვობით კმაყოფილმა დავითმა თქვა:

– არა მგონია, ჩვენს ბატონიშვილს დადიანისათვის სამაგიეროს გადახდა გაუჭირდეს: არც ჩვენი მთებია დადიანისაზე ნაკლებად მდიდარი ნადირით… მოემზადეთ, დიდებულნო, მალე დიდი ნადირობა მოგველის!

ძღვენი სამზარეულოში გაგზავნა დიასახლისმა. სტუმარ–მასპინლები ბატონიშვილ ვახტანგის თანხლებით კაკლის ძირში გაშლილ ახალ სუფრას დაუბრუნდნენ.

– ბატონიშვილი ნამგზავრია… მშიერიც ბრძანდება, ალბათ! – გადაულაპარაკა ლევანმა თავის მეუღლეს და სთხოვა უხვად გამასპინლებოდა მას.

შეექცა თუ არა საჭმელს ვახტანგი, ლევანმა ჰკითხა:

– თუ გიყვარდე, გამაგებინე, ბატონიშვილო, რამდენად მართალია ის, რასაც აქედან თვალი მოვკარი… “არწივზე” არ ჩამობრძანებულხარ… მართალია?

– მართალია, ცათა სწორო! – მაშინვე უპასუხა ბატონიშვილმა ვახტანგმა და ძმას თვალი აარიდა.

– ჰაა… მივხვდი, მგონია! სიმამრს თუ მოეწონა შენი ბედაური, და მიუძღვენი, როგორც სიძძეს შეეფერება? – ჩაჰკითხა ლევანმა.

დავითმა თქვა:

“დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების,

უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების!

– თუ ასეა, – ჩამოართვა მას სიტყვა ლევანმა, – მომიწონებია შენი საქციელი, ბატონიშვილო… მეამა სწორედ. თუ მოეწონა, უნდა გეჩუქებინა კიდეც.

მაგრამ ვახტანგი გულჩათხრობილი ჩანდა და დუმდა.

– ახლა გვითხარი, როგორ მოხდა ეს ამბავი! – არ დაცხრა ლევანი.

წამოდგა ვახტანგი.

– ასე არ ყოფილა, ბატონიშვილო… – თქვა მან და თავი ჩაქინდრა.

ყველას გაუკვირდა მისი სიტყვა, გურანდუხტს მოუთმენლობა დაეტყო.

ერთი ხნის საერთო დუმილის შემდეგ ვახტანგმა თვალი გაუსწორა უფროს ძმას და ყველას გასაგონად წარმოსთქვა:

– შემომაკვდა, დიდებულო, ჩემი “არწივი”.

თუმცა ამ სიტყვებმა უდიდესი გაკვირვება გამოიწვიეს, მაგრამ არაფერი გამოუმჟღავნებიათ არც ბატონიშვილებს და არც სტუმრებს – სახეზე გაკვირვების გამოხატვა მათ სიდინჯეს არ შეეფერებოდა.

დუმილი გაგრელდა. მხოლოდ ბატონიშვილმა გურანდუხტმა ვერ მოითმინა და ლოყაზე ხელი შემოიკრა ტკაცანით.

– ვაიმეო! – წამოცდა. თამარმა მას ხელი დაუჭირა.

– იყუჩეო. – დარიგების კილოზე ჩასჩურჩულა რძალს.

საერთო დუმილი გამოწვევა იყო ბატონიშვილი ვახტანგისა: მას უნდა ეამბნა ყოველივე, რაც “შემომაკვდას” შეეხებოდა.

და ბატონიშვილმა ვახტანგმაც დაიწყო:

.

“გუშინ გვიან დავბრუნდით ნადირობიდან. შორს გაგვიტყუა მთებში ნადირმა… დავბრუნდით დაქანცულები. მშივრებიც ვიყავით, თუმცა ჯიხვის მწვადები არ გვაკლდა მთებშიც. მოგეხსენებათ, შინ გაწყობილი სუფრა მაინც სხვაა. ნავახშმევს ძილი მოგვეკიდა.

“მე გადაწყვეტილი მქონდა “დილაადრიან, უთენია წამოვსულიყავი, რათა ბატონიშვილის დღევანდელი ნადიმისათვის დროზე მომესწრო. დადიანს გავუმხილე ჩემი განზრახვა, უთენია ვაპირებ გამგზავრებას და, ალბათ, ვერ გნახავ–მეთქი, და ნება ვთხოვე გამომშვიდობებისა. მან მიბრანა:

– რა გაჩქარებს, ბატონიშვილის წვეულებას ისედაც ჩაუსწრებ, რადგანაც “არწივზე” ზიხარ. მზის ამოსვლას დაელოდეო.

“მაგრამ გამომშვიდობების ნება მაინც მომცა.

“გათენებული არ იყო, როცა წამოვდექი. გაფრთხილებული მყავდა მხლებლები, ზეზე დამხვდნენ სამგზავროდ გამზადებულნი.

“–ჩუმად, მასპინძლები არ გააღვიოთ–მეთქი, დავარიგე.

“მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როცა დავინახე, რომ მთელი ოჯახი ფეხზე იდგა და სახლში დიდი ფაციფუცი იყო.

“თვითონ დადიანი შემომეგება. დილა მშვიდობისა მისურვა. გამიცინა.

“– მაპატიე, უზმოდ შენი გაშვების ნება დიასახლისმა არ მომცა, წავიხემსოთ მცირედიო, მიბრძანა.

“უარი არ გამომივიდა. მკლავში მომკიდა ხელი და სასადილოში შემიღვა. ჩემს მხლებლებსაც უბრძანა მომყოლოდნენ.

“სუფრა გაშლილი დაგვხვდა. ჩემი სიდედრი ქალიშვილებითურთ სუფრას გარს დასტრიალებდნენ. დავსხედით. ცოლისდებმა შუაში ჩამისვეს. დადიანის ხმა მესმა:

“– თავი მოხადეთ ოჯალეშის ახალ ქვევრს, – უბრძანებდა იგი მსახურთ.

“ვინ მოსთვლის, რა და რა საჭმელი ამშვენებდა სუფრას.

“დაიწყო სმა–ჭამა.

“არ გასულა ხანი, რომ ოთახში შემოვიდნენ მზისა და მთვარის დარი ქალები, თვალწარმტაცად მორთულები და მოკაზმულები, – ნათესავები, მეზობლები, ბატონიშვილ გურანდუხტის მეგობრები, ქალებს რჩეული ვაჟებიც შემოჰყვნენ, გუშინდელი ნადირობის მონაწილენი, ჩემი მეგობარი თავადები. ცხადი იყო, ჩემთან გამოსამშვიდობებლად დაბარებულები იყვნენ. რა თქმა უნდა, სუფრაზე მოიპატიჟეს ყველანი…

“და ამ ალიონზე ისეთი პურის ჭამა, ქეიფი გაიმართა, რომ დიდ წვეულებას უფრო შეეფერებოდა. თვითონ მასპინელმა ინება თამადობა.

“მოკლე სუფრა გვექნება და თამადობას ამიტომ ვბედავო, – ბრძანა.

“ეჭვი არ იყო, მაგვიანდებოდა. შევწუხდი. გული თქვენსკენ მიწევდა. მაგრამ რა უნდა მექნა? ბედს დავმორჩილდი… ვგრძნობდი, რომ ღვინოც თანდათან მეკიდებოდა… ოჯალეში, დიდებულნო, ჩვენი ჩხავერის ტოლი ღვინოა…

“მოგეხსენებათ, დადიანი ბრძენი და გულთმისანი კაცია. შემატყო ფარული წუხილი და როცა მზის პირველმა სხივმა ფანჯარაზე დააკაკუნა, მაშინვე წამოდგა. ფეხზე დავდექით ყველანი. დადიანმა ყანწი ასწია და ხმა აიმაღლა:

“– ბატონებო, ჩვენს საყვარელ სიძეს და ძვირფას სტუმარს წუხელ სიტყვა მივეცი, რომ ამ დილით მზის ამოსვლისთანავე გზას დავულოცავდი. ღმერთია მოწამე, რომ მისი ყოფნა ჩვენს შორის უდიდესი ბედნიერებაა ჩვენი ოჯახისა და არასოდეს არ მოგვწყინდება. მაგრამ დღეს ის თავის ძმასთან, ჩვენთვის ყველასათვის სათაყვანებელ ბატონიშვილ ლევანთან არის საზეიმო სადილზე მიწვეული. მისი არ დასწრება არ იქნება… ღვთის გმობას უდრის წყენინება მთავრის მემკვიდრისა, რომელიც თავისი დიდებულებითურთ ჩვენს ბატონიშვილს დღეს თავის სუფრაზე მიელის… დავულოცოთ გზა ჩვენს სტუმარს, ბატონებო!

“ჩემმა სიდედრმა და ჩემი გურანდუხტის დედამ თავი მოიკლა: მასპინძლობის წესს არღვევ, სტუმარს როგორ ეუბნები წადიო?! უსაყვედურა ქმარს…

“– ბატონიშვილ ლევანის მომდურებას ყველაფერი მირჩევნიაო, – ბრძანა დადიანმა.

“აქ მეც წამოვეშველე სიმამრს… და რა გავაგრძელო, როგორც იქნა, დამთავრდა დილის ეს გრძელი საუზმე…

“საზოგადოება აივანზე გამოიშალა. მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ, გზას მილოცავდნენ, მოკითხვას მაბარებდნენ, მეალერსებოდნენ… კიბეზე დავეშვი… მამაკაცები ძირს ჩამომყვნენ დადიანის მეთაურობით. ქალები გამწკრივდნენ გრელი მოაჯირის გაყოლებაზე…

“ცხენი–მეთქი, ვუბრძანე მხლებლებს… მათ ვერ მოასწრეს ადგილიდან დაძვრა, რომ დადიანის მეჯინიბეებმა თავლიდან გამოიყვანეს “არწივი”. ორ კაცს მოჰყავდა ჩემი ბედაური… აქეთ–იქით ლაგამზე ჩაეჭიდათ ხელები და მაინც ძლივს იოკებდნენ, მიწაზე ოდნავ აკარებდა ფეხებს… ტოკავდა, ქშინავდა, სიფრიფანა ნესტოებს ჭიმავდა, თვალებს აბრიალებდა…

“მის შემხედვარე ვაჟებს შურით სუნთქვა შეეკრათ… მოჯადოებული ქალები განაბულიყვნენ.

“მომგვარეს. მიცნო. წინ დამიდგა. ზურგი შესაჯდომად შემომთავაზა. გადუსადავე. ის იყო უზანგში ფეხი უნდა შემედგა, რომ დადიანი მოეჭრა, მარჯვენა უზანგს ხელი მოჰკიდა დასაჭერად.

“– ნუ ინებებთ–მეთქი, ვთხოვე.

“– სხვა რითი გამოგიმჟღავნო ჩემი სიყვარული, ბატონიშვილო, ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრაო.

“– თუ მიბრძანებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში–მეთქი.

“– გიბრძანებო, – მითხრა ღიმილით…

“შევჯექი. მათრახის ტარით შემოვიკეცე ჩოხის უკანა კალთა… სადავე მოვზიდე… აივნისკენ დავახვევინე, ბარემ ქალებიც დატკბნენ მისი უფრო ახლოს ცქერით–მეთქი.

“ამ დროს გავიხედე და ვხედავ: დადიანი და მისი დილის სტუმრები ცხენებზე შემსხდარან და მოშორებით მდგარნი ჩემს დაძვრას ელოდებიან. დადიანს წინ ტვირთაკიდებული ეს ბაჩა უყენია… მივხვდი, რასაც ნიშნავდა.

“მოგვეცი ნება, ბატონიშვილო, ცხენდაცხენ გაგაცილოთ ჩვენი სოფლის საზღვრამდეო, – მითხრა დადიანმა…

“აივანთან შეყენებულ “არწივს” ოდნავ ქუსლი ვკარი, რომ ერთბაშად მომწყდარიყო ადგილიდან… მართლაც, საოცარი იყო მისი ნახტომი! რომელ ვეფხს არ შეშურდებოდა! აღტაცების ხმა აღმოხდათ ცხენოსნობის ნაცად ოსტატებს.

“მაგრამ… სხვა ხმაც მესმე შემზარავი, “არწივის” კუდის ძირიდან გამოვარდნილი…

“თითქოს ცა მოირღვა და თავს დამემხო. გულის ძგერა შემომაწყდა… აივანზე ქალების “უიმე” გაისმა.

“მყისვე შევაყენე ჩემი შემრცხვენელი. როგორც რისხვა მოვწყდი უნაგირს. ვიშიშვლე ხმალი და თვალის დახამხამებაში ერთი დაკვრით უსინდისოს შუა კისრიდან თავი წავაგდებინე… ითქრიალა სისხლმა…

“ერთ ხანს არაფერი მესმოდა, გარდა გაშმაგებული მოქნევისაგან აწივლებული ჩემი ხმლის რეკვისა, რაც დიდხანს გაგრძელდა…

“ცხენებიდან უმალვე ჩამოხდნენ დადიანი და მისი კაცები. მომვარდნენ.

“– რატომ ინებეო, – შეწუხდნენ.

“ჩემმა მხლებლებმა სხვა ცხენი შემომთავაზეს. მაგრამ დადიანმა გასძახა მეჯინიბეთ:

“– ჩემი “მიმინო” მოართვითო ბატონიშვილს!..”

… ასე დაამთავრა ბატონიშვილმა ვახტანგმა თავისი ამბავი.

ერთ ხანს ხმა არავის ამოუღია.

მერე ბატონიშვილმა დავითმა დინჯად წარმოსთქვა:

– ცხენი პირუტყვია, ბატონებო! ბოდიშის მოხდა რომ შესძლებოდა იმ მაღალი საზოგადოების წინაშე, იქნება, ბატონიშვილს ასე სასტიკად არ დაესაჯა ის უბედური…

ბატონიშვილმა ლევანმა კი ხმამაღლა ბრძანა:

– მოართვით “დიდება” ბატონიშვილ ვახტანგს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი