ალმასგირ კიბულან


ინგურზე, ხუბერ–ჭალას შესართავთან, ლენხერში, სვანები ხე–ტყეს ამუშავებდნენ. სულ ათამდის იქნებოდნენ. მათ შორის იყო კალას თემის შორეული სოფლის ხალდეს მცხოვრებიც, ალმასგირ კიბულან. იგი თავისი დევური აღნაგობით ისე განირჩეოდა დანარჩენებისაგან, როგორც ველებური სვანური კოშკი სვანების ჩვეულებრივი სადგომებისაგან.

ამ ალმასგირ კიბულანს თან ახლდა თხუთმეტი წლის ვაჟი, სახელად გივერგილა, საკვირველი მონადირე, რომელსაც თავის სოფელში “დალი გეზალ”–ს უწოდებდნენ, რაც დალის შვილს ნიშნავს.

იგი პირველად იყო ხე–ტყის დამზადებაზე.

მამა–შვილი ხუბერზე სამუშაოდ მათ ნათესავს ბიმურზოლა მარგველიანს გამოეწვია ხალდედან. თვითონ ბიმურზოლაც ხალდეელი იყო, მაგრამ ამჟამად ლენხერს ესახლა. მას ჯერ კიდევ შარშან პირობა დაედო ხის მოიჯარადრე კაუზა ფიფიასთან, რომ წელს ზაფხულის დამდეგს ამ სატივედ გამზადებულს, განსაზღვრული ზომის ხეს – სულ ფიჭვსა და ნავს – სოფელ ჯვარში ჩააბარებდა, საქართველოს ხე–ტყის ტრესტის რწმუნებულის კანტორის სატივესთან.

გარიგებისთანავე ბიმურზოლას ფიფიასაგან ბე და მეტყევის სათანადო მოწმობა მიეღო. ალმასგირ კიბულანსა და მის შვილს გარდა, კიდევ რამდენსამე მეზობელს, ხის გამოცდილ მუშებს, შეთანხმებოდა, და ამნაირად იმავე ზამთარს სვანები ხუბერ–ჭალას ნაპირებზე ამართულ ფიჭვის ტანაყრილ დევებს შესჭიდებოდნენ. წამოექციათ ასი რჩეული, იქვე ფერდობებში, მდინარის გასწვრივ, ჩაერიგებინათ საზამთროდ, რომ ადრე ზაფხულზე ადიდებული ხუბერით ინგურის ტანწყლისკენ დაეცურებინათ და ასე სოფელ ჯვარში დანიშნულ ადგილს ჩაერეკათ.

და მთელი კვირა იყო, რაც ახლა, გაზაფხულის მიწურულზე, ისინი ისევ ხუბერს მისულიყვნენ და მუშაობას შესდგომოდნენ.

…

ნიაღვრიან გაზაფხულს ხევები ნაკადულებით დაესერა, მთების გულმკერდი ღელეების თეთრი აბრეშუმის არშიებით დაებლანდა და აქაფებული ჩანჩქერები შმაგი ხევებისათვის ცალკე მდინარეების შნო და ძალა შეემატებინა, ხოლო ღარავსილი ხუბერ–ჭალა მათ შორის გაენადგურებინა.

ერთი კვირის განმავლობაში სვანები საერთო ღონითა და მომარჯვებული ოწინარებით ძელებს ფერდობებიდან სძრავდნენ და თავდაქანებულთ აღმუილებული ხუბერის ზვირთებში ნთქავდნენ. მათ დაჯახებაზე კლდეებს თეთრი ნაპერწკალი სცვიოდა და მაღლა ავარდნილი ქაფის ალები მზეზე მოქნეული ხმლებივით კიაფობდნენ.

ირს, ინგურის შესართავთან, მაღლიდან დაქანებულ ხეებს ალმასგირ და გივერგილა დარაჯობდნენ გრელი ჭოლოკებით აღჭურვილები. – ინგურის მორევში ჩაყვინთულ ძელებს ზედაპირზე ამოტივტივებისთანავე ისინი ჭოლოკებით ეგერებოდნენ და მიწოლით მდინარის მარცხენა ნაპირისაკენ მირიყავდნენ* აქ კი, კლდის ჩიხისებურ ღრუში მოქცეული, მთავარ კალაპოტს აცდენილი წყალი დამდორებით ტორტმანობდა და ისევ მარჯვნით უხვევდა მთავარ ტანთან შესაერთებლად.

ეს ადგილი ინგურზე ხეების ნავსადგურად იყო მიჩნეული. აქ აქუჩებდნენ მოდენილ ელებს, რომლებსაც შემდეგ სათითაოდ, მწყობრად სოფელ ჯვარისკენ ისტუმრებდნენ. ნაპირ–ნაპირ აედევნებოდნენ, სადაც ეს შესალებელი იყო, და გზას უკაფავდნენ.

ალმასგირსა და გივერგილას დიდალი ხე მოემწყვდიათ ამ ჩიხში.

ცხვრის განაჭირ ფარასავით ქლოშინით ისვენებდნენ აქ ელები. ცახცახით ეკვროდნენ ერთმანეთს და კლდეებთან ბროლაში მიღებულ ჭრილობებს იშუშებდნენ.

ამ ადგილიდან დაშორებით, უნაგირივით მაღლიდან გადმოზნექილი ნაპირის ძირში, ჩამონაპობი კლდის კედელთან, სვანებს სახელდახელოდ კარვისებური საჩრდილობელი სადგომი აეგოთ, ოთხსვეტიანი, ნაბდითა და ნავის წიწვიანი ტოტებით გადახურული. ეს იყო მათი ღამის სათევი და დასასვენებელი ბინაც.

ამ კარვის წინ თანაბარი სიდიდის სამ ქვას შუა მუდამ ცეცხლი ენთო გაუქრობლად და ქვებზე პატარა კარდალა იყო შედგმული. ხელმარჯვე გივერგილას წყალობით სვანებს თითქმის ყოველდღე ჰქონდათ ნანადირევის ხორცი, უფრო კი კაკბისა, რომელიც მრავლად ბუდობდა მახლობელი ხევების ხრიოკ კლდეებზე. კარვის სვეტებზე ტყაპუჭები ეკიდა, გუდანაბდები და მოკლე სვანური ჩოხები ქამრებითა და ყამებით. წინ, ცალკე, ზემო ბოყვთან, ჯიხვის ტყავის “ქვირქზე” თასმით გადაკიდებული ერთლულიანი ფილთა ბზინავდა, ველებური ვერცხლით შემოსალტული.

“ქვირქიც” და თოფიც გივერგილას ეკუთვნოდა. ერთი იყო მის მიერ პირველად მოკლული ჯიხვის ტყავისა, მეორე – მისი სიამაყე, სანადირო ველი ფილთა, დალის მიერ საკუთარი ხელით სამჯერ ნაფერი და ამდენჯერვე დანალოცი.

…

საღამოვდებოდა, როცა ალმასგირმა ხუბერის ღარით ჩამოქანებული უკანასკნელი ხე ჩიხში დააბინავა, ჭილოკი მხარზე გადიდო. კორიანი კაუჭა სალოკი თითი ჰაერში შეარჭო და ძელების ჯოგს თვლა დაუწყო.

მალე ბიმურზოლაც დაეშვა მაღლიდან დანარჩენი მუშების თანხლებით. ალმასგირთან ნაპირზე მოქუჩდნენ. უხაროდათ, რომ მძიმე სამუშაოს მორჩნენ: აქედან ხეებთან ჭიდილს ინგურის ტალღებს უთმობდნენ. ახლა ბიმურზოლამაც დაიწყო თვლა. მას სხვებიც დაეხმარნენ. სრულად ასი აღმოჩნდა, რაც ერთმანეთს დაუმოწმეს.

მერე კარვის ცეცხლთან მოგროვდნენ.

ტანი დაიფერთხეს. ნაბდები მოისხეს. ყალიონი გააბოლეს.

ღერღლიანი სვანური მასლაათი წამოიწყეს.

გივერგილამ სვეტზე ჩამოკიდებული თავისი “ქვირქი” და ფილთა ჩამოხსნა. “ქვირქი” ზურგზე მოიგდო, თოფი იღლიაში და შეუმჩნევლად, ბოკვერის ნახტომით, როგორც ცხენს, აღმართის ზურგს ისე შეახტა.

ერთი გაინაბა და ხევებზე გადმოწოლილ ხრიოკ კლდეებს თვალი მიმოავლო.

ასაფრენად გამზადებულ შევარდენივით შეკუმშულიყო.

ნისკარტივით მოკაუჭებული ცხვირის ორთავე მხარეს მოწითალო შუქთა მფრქვეველი ჟღალი თვალები უელავდნენ.

კაჟისფერ მკლავსა და მკერდზე შვილდივით მოჭიმული კუნთები უკრთოდნენ.

თვალი შეასწრეს უფროსებმა. ამაყად ჩაიღიმეს და ცოტა განზე კლდესთან აყუდებულ ალმასგირს შურით შეხედეს.

ბიმურზოლამ ჭაღარა წვერი დაიბერტყა, ახმიანდა და კიბულანის ვაჟს სიმღერის კილოზე წარმოთქმული მონადირეთა ლექსით მიმართა წასაქეზებლად:

ვოიდა ლემჩილ იჰავოდა იაკამ,

ვოიდა გივერ იჰავოა გილა,

ხითხვიიარე ჭანგულისგა

კოჯას ფივერს დემ ხაცური.

გივერგილაც მოსწყდა თავის ადგილს და, თითქოს ჰაერში აფრინდა, ისე გაქრა.

ალმასგირს მოულოდნელად სახე მოეღრუბლა:

– გვიან არის. აქ ადგილიც უცნობია.

მას სიფრთხილე უსაყვედურეს. მონადირე შვილის ქება უთხრეს და მოაგონეს, რომ გივერგილას ნადირობაში განსაკუთრებული ბედი წყალობდა დალის სახით.

მხრები აიწურა ალმასგირმა. თავის გასამართლებლად ჩაილაპარაკა:

– დედაკაცმა დამაბარა, ბიჭს გაუფრთხილდიო, წამოსვლის წინ სიზმარი ენახა. ახლა მენიშნა რაღაც, თორემ არც მახსოვდა.

ჩაიხარხარა ამაზე ბიმურზოლამ. იგი ქალაქებში ნამყოფი იყო და წერა–კითხვაც იცოდა.

– ბევრი სძინავთ ჩვენს დედაკაცებს, ალმასგირ. მეც ასე მეტყვის ჩემი, მაგრამ ცოცხალი ვარ ამდენი ხანია, სიზმრის ნუ გჯერა: ძველ დროში შეიძლებოდა, ახლა კი ცხადიც სიზმარია.

ალმასგირმა არაფერი უპასუხა, მაგრამ ბიმურზოლას სხვები შეეკამათნენ.

ერთმა კამათს გრძელი ამბავი მოაბა. შიგ ყველა სვანური საშინელება არია: “ცხეკი დაავ”, “ჰეერია”, “შაშშარ” და “ლახავარ”.

უცებ, თითქოს ზღაპარს მოჰყვაო, დღემ ფრთები შეკეცა და მთებში ფერთა აღრევის დრო დადგა.

აიმრიზა ალმასგირ კიბულან, დევის ლანდივით საშინელი, და იმ აღმართს შეეფინა გულჩათხრობით, რომლითაც გივერგილა სანადიროდ გაიჭრა.

მზისაგან შერუჯულ კლდეებს შორის თვითონაც გვერდებშელეწილ კლდეს ჰგავდა, რომელსაც სასწაულებრ სული ჩადგმოდა და ამოძრავებულიყო.

ახმახი იყო, უსწოროდ ნაგები, უხორცო, კუთხეებ–ჩამოხეთქილი. ნაკვთსა და ნაკვთს შორის შეღრუებული, მხრებსა და გულმკერდში სვანური რკინით შესალტული.

გამოხედვა ირიბი ჰქონდა, უნდობი და მალი. ჩამოზნექილ შუბლზე წარბები შავი ფრთებივით ესხა, რომლებიც მოყვითალო, ხორბლისმარცვლისფერ თვალებს უჩრდილავდნენ.

აღმართზე რომ შედგა, ბარისოდენა ხელისგული თვალებზე ჩამოიფარა და მზის უკანასკნელ სხივზე ოქროსფრად მოხამხამე შორეულ მთებს გახედა. სახის ვალზე დაბეგვილი აბედივით გადაკრული კანი ჩაღრმავებულ ნაოჭებს დაესერა და ზედ გაურკვეველი შიშის ლანდი გადაფენოდა.

– გივერგი–ილ!

მაგრამ ამ დროს თოფიც გავარდა და ფეხზე წამოცვივნული სვანები ხრიალით წამოვარდნენ.

“ვოიდა გივერ იჰავოდა გილა”

მეორედაც გაისმა თოფის ხმა და სერზე გივერგილაც გამოჩნდა.

ფერხულით შეეგებნენ გამარჯვებულ მონადირეს სვანები. კაკბიანად შუაში ჩაიყენეს. დარაზმეს ფეხები და ტანის საზეიმო რხევით გარს შემოუარეს.

ბიმურზოლა იყო პირველი, რომელმაც ინგურის გმინვის ხმაზე შემოსახა:

“ვოიდა ლილევო ისგვანი დიდაბ ბინგოშია, ვოიდა ლილე”,

მეორედ უკვე თვითონ გივერგილას კამკამა ხმამ მაღლა ასწია:

“ვოიდა ლილევო დიდება თარინგლეზერის, ვოიდა ლილე”

ალმასგირის ბანმაც ბოლოს მეხური ლევამოსილებით ჩაიგუგუნა…

…

ძირს ინგურს ნისლიანი საბანი წამოეხურა.

მაღლა ნაპირებს საღამოს ბინდის ლურჯი ლაშქარი შემოსეოდა.

უფრო მაღლა, მახლობელ მთებზე, ღონედალეული მზის ოქროსფერი ლივლივი ქრებოდა.

შორს კი თვალშეუწვდენელი “ჩოხა–თვალაშ” უშბა თავისი უბადლო ალმასების აბრჭყვიალებით დედამიწის საზღვარს გაცილებულ მზეს შორეულ გზას უნათებდა, ხოლო თავის მოძმეთ, სვანეთის გუშაგთ, თეთრგვირგვინიან თეთნულდსა და ჭაღარა ლაჰლას, ღამის მოახლოების ნიშნებს აძლევდა…

ასე მიიწურა დღე ხუბერზე ფერხულში ჩაბმული სვანების გარშემო.

გათენებისას, ისევ ჭოლოკებით შეიარაღდნენ სვანები აიკიდეს გუდა–ნაბადი, აიყარნენ და ინგურის ვიწრო ღარის გასწვრივ ჩამწკრივდნენ ხელფეხაკაპიწებულები. ჩიხიან მაღალ ნაპირთან მირიყული ძელები რიგ–რიგად ადგილიდან დასძრეს.

ჯერ კიდევ ნისლი ბურავდა გარემოს და მოახლოებულ განთიადს ღამის ბინდი ვერ გაეფანტა. მაგრამ ინგურს უკვე ეგრნო დღის გამარჯვება, მკლავები გაეშალა, სადაფის არტახები დაეგლიჯა და ნისლის საბნის ნაფლეთები შორს, მთის კალთებისაკენ გაეტყორცნა.

ყველაზე წინ მდინარის მარჯვენა ნაპირით ალმასგირ კიბულან მიუძღვოდა ხეების აშლილ ჯოგს, მის პირდაპირ, მეორე მხარეს, კლდეებსა და ტალღებს შებროლებული გივერგილა ჭოლოკს ხმალივით იქნევდა და ნისლის ღრუბლების აკაფვით წინ მიიწევდა მამის თანაბრად.

მისი ჯიხვის “ქვირქით” ბეჭებში შეკრული ტანი, რომელსაც მხრებს ზემოდან ჰაერში შემართული თოფის ლულა გადმოჰყურებდა, დროგამოშვებით ქაფის თეთრ დუღილში ბრინჯაოს ქანდაკებასავით გამოიკვეთებოდა და ისევ კლდეებსა და მათზე ნასხლტომ ზვირთებში იმალებოდა.

– გივერგ–ი–ილ! იმე ხარი?!

გაისმოდა მაშინ ალმასგირის ძახილი და ინგურის ღმუილში უცხოდ შეჭრილი მისი დაგმინება მთების თაღოვანი კალაპოტით მაღლა ცას მამის გულის ფარულ რწოლას შეღაღადებდა.

ასე განვლეს კარგა დიდი მანძილი.

უკვე დილა იყო, როცა სვანეთის საზღვრებიც გადალახეს და ხუდონს დაუახლოვდნენ.

ხუდონს ზემოთ ანაზდად წინ გარდაუვალი დაბრკოლება გადაეღობათ – უფსკრულს ჩაირული ინგურის შუა ტანში წყლიდან ვეება კლდე ამოზიდულიყო და ხეებისათვის გზა შეეკრა. კლდეს თავზე შეყენებული ძელების ხროვა მაღალი ჯიხურივით დადგომოდა და ახლად მოდენილებსაც იჭერდა.

ალმასგირისა და გივერგილას ხეებიც ტალღებმა ამ ჯებირს დაატაკეს. უკუიქცნენ შეტორტმანებით. მაშინ მორევმა ისინი ნაფოტივით შეატრიალა, ხოლო შემდეგმა წამოსწრებულმა ტალღამ ზე აიტაცა და ზოგი ჯებირის ღრუში შესტყორცნა, ზოგიც მის ზემო სართულში აისროლა.

განაპირას, ამ ორომტრიალის პირდაპირ, ალმასგირმა ადამიანების ჯგუფი შენიშნა. მათ შორის მოიჯარადრე კაუზა ფიფია დაინახა. ორიოდე ნაცნობი სვანიც შეამჩნია. სმენა ინგურს ჰქონდა წართმეული, მაგრამ თვალმა კი მიახვედრა, რომ ხალხი კაუზა ფიფიას უყვიროდა და ემუქრებოდა.

ფიფიას კი ერთ ხელში დახვეული თოკი ეჭირა, მეორეში – ოთხკუთხიანი თეთრი ქაღალდი, რომელსაც ხშირად შლიდა და კეცავდა. აღელვებულ ხალხს ამშვიდებდა და რაღაცას ბეჯითად უმტკიცებდა. თანაც ქაღალდიან ხელს კლდისკენ აშვერდა, რომელიღაც ძელზე უთითებდა, თოკსაც მისკენ აქნევდა და გაუგებარი ნიშნებით ახსნაგანმარტებას ილეოდა.

მალე ბიმურზოლაც გამოჩნდა. მოვიდნენ ალმასგირის სხვა ამხანაგებიც.

– კაუზამ მოგვატყუილა: კლდეს ტრესტი ააფეთქებსო. ასეთი იყო დაპირება.

განაცხადა ბიმურზოლამ. აიყოლია სვანები და კაუზასკენ გაემართა.

გამოირკვა, რაც უნდოდა მოიჯარადრე ფიფიას და ის ოთხკუთხიანი ქაღალდიც რას წარმოადგენდა.

იგი ერთ ჩერვონეცს პირდებოდა იმას, ვინც გაბედავდა ჯებირზე გასვლას და კლდეზე განით მიჯოგრილ ძჭელებში ყველაზე უფრო ძირში მოქცეულს თოკს გამოაბამდა.

ადვილი ჩანდა ამ ნაძლევის მოგება, განსაკუთრებით ტანმსუბუქთათვის. ნაპირსა და კლდეს შუა დიდი მანძილი არ იყო. ისიც წყალზევით ხეებს ხიდივით დაეფარა, რომლის თავები აქეთ–იქით კლდეებს მტკიცედ მიბჯენოდა.

მხოლოდ იქ თავმოყრილ მუშებს ნაძლევის რაოდენობა ეცოტავებოდათ და მომატებას მოითხოვდნენ.

ბოლოს ერთი ტანთხელი ყმაწვილი ხის მუშა დათანხმდა ჯებირზე გასვლას. კაუზამაც ფული მის არჩეულ კაცს გადასცა.

ყოველ შემთხვევისათვის, გაბედულ ყმაწვილს თოკის ერთი თავი წელზე მაგრად გამოაბეს, მეორე რამდენსამე კაცს მისცეს ხელში ნაპირზე და ასე გაისტუმრეს.

მაგრამ ხეების მრგვალი ზედაპირი ლიპიანი აღმოჩნდა. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა მოასწრო ყმაწვილმა, ფეხი დაუსხლტა და ძელებზევე დაეცა. ხელი იტკინა. ისევ ნაპირზე გადმოიყვანეს.

ცდამ დაამტკიცა, რომ ხეები მაგრად იყო შეკრული და ხიდი ამ მხრივ მართლა უშიშარი აღმოჩნდა. მაგრამ ფერწასულმა ყმაწვილმა ცდის განმეორებაზე უარი განაცხადა. ხელის ტკივილი მოიმიზეზა.

მაშინ გივერგილამ ბიმურზოლას ყურში ჩასჩურჩულა, რომ იკისრებდა ძელზე თოკის მობმას.

ბიმურზოლამ ხელი დასტაცა გივერგილას, კაუზა ფიფიას წინ დაუყენა და მისი სურვილი საჯაროდ გამოაცხადა.

გაჯავრდა ალმასგირ. შვილს მკლავები ფრთებივით გადააფარა და განზე გაიტაცა. შეუწყრა ბიმურზოლას ასეთი საქციელისათვის. ეგონა, რომ გივერგილას ის აქეზებდა.

გივერგილას თავის გამოჩენის სურვილით ანთებული თვალები ისევ ჩაუქრნენ.

აჩოჩქოლდნენ ნაცნობი სვანები, გივერგილას გამბედაობა მოუწონეს. ალმასგირს ზოგი საქმის სიადვილეს უმტკიცებდა, ზოგი კი ფულს აბარებდა.

უცნობებმაც, როცა გივერგილა შეათვალიერეს, გადაჭრით სთქვეს:

– ეს ნაძლევი ამ ვეფხვს მოუგიაო.

გივერგილას წინააღმდეგ ახლა სხვა არავინ გამოჩნდა მსურველი.

ბოლოს იმდენი იყაყანეს, რომ ალმასგირიც ჩააჩუმეს.

გახარებულმა მოიჯარადარემ ფულიც უმალვე მას გადასცა. მეტი გაფიქრება არ აცალა, ისევ უარი არ სთქვასო, თავისი ხელით უბე გაუხსნა და შიგ ჩაუჩარა.

გივერგილამ თოფი ჩამოიხსნა, მამას მხარზე ჩამოჰკიდა.

შეაბეს თოკი. მეორე თავი ალმასგირმა სხვებს არ დაანება, ჩასჭიდა ხელი და კლდის კიდურზე ფეხის მიბჯენით მთასავით დაეყუდა ჯიხურის გალია პირდაპი.

ხელები ფრთებივით გაშალა გივერგილამ. ტანის სიმძიმე მხრებიდან შემოიბოჭა და დარხეული წონასწორობით თვალის დახამხამებაში გალია მანძილი ჯებირამდე.

ყველანი სულგანაბულნი შესცქეროდნენ.

არავის ესმოდა ყრუ, ჩანთქმული ძახილი, რომელიც ალმასგირს გულის სიღრმიდან ჯლოხინივით ამოსდიოდა:

– გეყოფა, გივერგილა… ახლა დაბრუნდი.

გივერგილა ჯებირს ჩაჰყვა ზევიდან ქვევით. მარჯვედ შეაჯდა ერთს მოხდენილად გამოწეულ ხეს, გადაიღუნა და იმ ძელს მისწვდა, რომელიც დასათოკად იყო მიჩნეული.

– აი, ბიჭი! ყოჩაღ! – დაიგუგუნა ნაპირმა.

და ერთდროულად რაღაცამ მდინარეში საშინლად გაიხრიალა. მისგან მთების კედლები შეჰქანდნენ და გარშემო მიწაც შეინძრა.

დაინგრა ჯებირი და საკვირველი ძლიერებით გამოტყორცნილმა ისარივით სწორმა ძელებმა, ზევით ჰაერში, დაბლა კიდევ წყალში, თავზარდამცემი ჭმუილ–შუილით თვალით უნახავი დოღი გამართეს. მათმა სიმრავლემ კიდევაც ჩამოაბნელა ვიწრობში.

ერთ წუთში ვერავინ ვერ გამორკვეულიყო.

უცებ ჯებირის ნგრევის ხმაზე არანაკლებად შემზარავი გმინვაც გაისმა ნაპირზე:

– გივერგილ, იმე ხარი?

იქ მყოფთ ახლა ამ ხმისკენ მოიხედეს.

ალმასგირ კიბულან წყლის პირად დამდგარიყო მხარბეჭგაშლილი, მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი ეჭირა, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავდა, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუოდა:

– გივერგილ, იმე ხარი?

ახლა ხალხიც გამოერკვა.

– გივერგილ! გივერგილ! – გაისმა ჩოჩქოლით.

მაგრამ გივერგილა არსად იყო.

ალმასგირმა ახლა ნაპირი შეათვალიერა.

– გივერგილ! – დაიყმუვლა და შემოტრიალდა.

ნაპირზე მყოფთ შემზარავი თვალები შეანათა.

ხალხის დანახვა ეოცა, თითქოს პირველად დაინახაო.

– გივერგილ… – შესახა კიდევ.

– სად არის, ძმებო, გივერგილა? – იკითხა მერე და თვალების ცეცხლზე ცრემლი გადაეღვარა.

კლდის კედელთან შეშინებული კაუზა ფიფია აწურულიყო.

ალმასგირ მას მივარდა. თოკი ხელიდან გააგდო.

– კაუზა, აჰა, შენი ფული! დამიბრუნე ჩემი გივერგილ!

ფული ამოიღო, გაუწოდა. მერე უბეშივე ჩაუდო საკუთარი ხელით.

– აჰა, ძმაო…

ორთავე მკლავებზე ხელები მოჰკიდა. შეევედრა, შეანჯღრია.

– აჰა, შენი ფული! წაიღე. ჩემი შვილი დამიბრუნე, – კვლავ ვედრებით მიმართა. მაგრამ რაკი კაუზა ფიფია ხმას არ იღებდა, ერთხელ კიდევ შეანჯღრია და შეაქანა.

უცებ კაუზას ზურგს უკან ამართული მაღალი კლდის შავი კედელი წითლად შეიღება. ზედ ტვინგარეული სისხლი შეექცა. წინწკლებად დადინდა. ალმასგირს სახეზე შეეშხაპუნა.

ცოცხალი ფიფიას ნაცვლად ახლა კიბულანს ჩოხის მოგლეჯილ სახელოებში გაყრილი უტანო მკლავები ეჭირა. ძირს კი მის ფეხებთან მოიჯარადრის უთავო ტანი ეგდო.

ალმასგირი ხან ერთ ხელს მიიტანდა თვალებთან, ხან მეორეს. გაოცებული დასცქეროდა ხელებში შერჩენილ სისხლიან მკლავებს. ეტყობოდა, ჩადენილის აზრი და მნიშვნელობა ვერ გაერკვია.

– ალმასგირ, რას სჩადიხარ? – მოესმა მოულოდნელად ბიმურზოლას ხმა, მაშინ ალმასგირმა ხელები შეუშვა კაუზას მკლავებს და მთელი ტანით შექანდა.

– ბიმურზოლ! – შესახა საშინელი ხმით და მოტრიალდა.

მის ხმაში ახლა სისხლის წყურვილი ჰკიოდა.

მიმოიხედა. გარშემო არავინ იყო. ბიმურზოლაც არ ჩანდა, რომელსაც ეძებდა. ყველანი შიშით მიმალულიყვნენ.

ალმასგირმა ისევ ინგურს მიმართა.

კლდის ქვემოთ, სადაც ჯებირი დაინგრა, წყლის ზედაპირზე რაღაც ნაცრისფერი ამოტივტივდა და ზვირთში გაერია.

– გივერგილ!

გადასახა ინგურს ალმასგირმა და დევის ლაჯებით მიჰყვა მის გაშმაგებულ მდინარებას…

…

წყლის ყოველი აქოჩრება შვილს ალანდებდა. ზვირთის ყოველი გაქანება გივერგილას სახეს წარმოუდგენდა.

შვილის ფილთა შერჩენოდა მხარზე, მაგრამ მას არ გრნობდა. თავში, გულში, ტანში, თვალებში – მხოლოდ გივერგილა ჰყავდა. ხმაც პირიდან ამ სახელის სახით ამოდიოდა, მიდიოდა, საცოდავად მიბღაოდა. კლდეებზე აბიჯებდა, ქვებს ახტებოდა. საკუთარი ძალისათვის ახლა გივერგილას სიმარდე მიემატებინა.

სადღაც გულში იმედი უღვივოდა, რომ გივერგილა თავს არ დაიღუპავდა. ვერ წარმოედგინა მისი დაღუპვა. ამ იმედით ეგონა, რომ გივერგილა მდინარეს გამოყოლილი სადმე წყლიდან ამოსული დახვდებოდა ნაპირზე მდგარი.

მეორე ფიქრით კი სასოწარკვეთილებას გრნობდა, მაგრამ ცოცხალის თუ არა, მკვდრის ნახვის იმედი მაინც ჰქონდა. ამ შემთხვევაში თვალებს ხუჭავდა და შუბლს ხელისგულით იფარავდა, რომ საშინელი სურათი არ წარმოედგინა და მკვდარი შვილის სახე არ მოჩვენებოდა, რადგანაც გაგიჟების ეშინოდა და გონების ძალა არ ჰყოფნიდა.

დილა უკვე დღეში გადადიოდა, როცა ალმასგირის წინ სოფელი ჯვარიც გამოჩნდა.

ჯვართან ინგური გაშლილიყო. თითქოს სვლაც შეენელებინა, აქამდე მაღალი ნაპირები დავაკებულიყვნენ.

ამ ადგილებსაც იცნობდა ალმასგირ. მაგრამ ამ მხრივ სოფელი ჯვარი იყო დასასრული მის მიერ ხილული და ნაცნობი ქვეყნიერების.

თემის აღმასკომის შენობის პირდაპირ ჩავლის დროს მან შენიშნა, რომ იქ შექუჩებული ხალხი მის დანახვაზე ახმაურდა და მისკენ ხელების გამოშვერით ინგურისკენ გადმოდგა. ხალხს რამდენიმე ბიჭი გამოეყო და ყვირილით ნაპირისკენ დაეშვა. – გაკვირვებოდათ დანახვა მთიდან უეცრად გადმოვარდნილი საკვირველი შესახედაობის სულიერისა, რომელიც ძველი ზღაპრების დევგმირივით, ამ დღის სიცხადეში, ცეცხლის მთასავით მოაბიჯებდა და პირიდან მუგუზლებს, ხოლო თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.

მისკენ გამოქანებული ბიჭების დანახვაზე გული აუჩქროლდა ალმასგირ კიბულანს, შედგა. ერთს მათგანს სვანური ქუდი ეხურა და გივერგილასავით ტანასხლეტილი იყო.

– გივერგილ! – დაიღმუვლა ალერსიანად ალმასგირმა.

მაგრამ ბავშვები დაფრთხნენ, უკუიქცნენ და მიიმალნენ.

მაშინ სიმწრისაგან გულზე მოქნეული მუშტი ისე მაგრად დაირტყა ალმასგირმა, რომ მაღალმა მკერდმა ღრმად ჩაიგუგუნა და მიდამოს შემზარავი ზმუილი მოსდო:

– გივერგილ! ვაიმე, გივერგილ…

და თვალებიდან ცრემლი ღვარად დადინდა.

მალე ისევ ინგურს მიმართა და მის მსრბოლავ ტალღებს კვლავ შეუსვენებლად მისდია.

მთები თანდათან უკან რჩებოდნენ. წინ მინდვრები და ველები იშლებოდნენ. ინგურიც საკვირველად იზრდებოდა, დიდდებოდა და ტოტებს ისხამდა. გარშემო ჰაერი მიმდებოდა და ალმასგირს სულს უხუთავდა. ვაკეს შეუჩვეველს სწორი ხაზებისაგან თვალები სტკიოდა.

არ იცოდა რა ადგილი იყო, სადაც შემოაღამდა.

ძლივს მიდიოდა. ჭაობში იფლობოდა. მყარ ნიადაგს ვერ ჰპოვებდა. ეკალი ჰკაწრავდა. ოფლი და სისხლი ერთად სდიოდა.

გზას მდინარის ტანით მიიკვლევდა, რომელსაც თითბრის ცის სინათლე ადგა.

როცა მთვარე ამოვიდა, გულს ესალმუნა: იგი ერთადერთი ნაცნობი იყო ამ უცხო, შმორიან არემარეში.

უსიტყვოდ შეჰღაღადა მას გულისტკივილი.

მთვარემ პასუხად უცებ ოქროს დალალები გადმოშალა და დალის სახე მიიღო. მერე დაირხა, მოწყდა და ძირს დაეშვა ალმასგირის პირდაპირ, საკვირველად ახლოს.

ალმასგირმა კარგად დაინახა, რომ დალის ჭირისუფლური სახე დაკაწრული ჰქონდა და მოესმა, რომ ისიც გივერგილას სახელს გაჰკიოდა.

– დალი, დაა–ლი! – მაგრამ ხმა არ ჰქონდა. მხოლოდ ხრიალი ამოსკდა მკერდიდან.

იმედი მაინც მიეცა ალმასგირს. ღონე მოიკრიბა და მუხლების ქნევით კვლავ წინ გაეშურა.

მაგრამ ამ დროს ანაზდად ალმასგირის არეულ თავში ჯერ საიდანღაც მოვარდნილი საშინელი ძალის ღმუილიანი ჩაშუილება შეიჭრა და შემდეგ თვალწინ გაუგებარი საკვირველება გადაეშალა. – ჰაერისა და წყლის უსაზღვროება ერთმანეთში არეულიყო და უსახოებას ქვეყნიერება ჩაენთქა. ეს იყო ზღვა ინგურის შესართავთან.

სადღაც კიდევ დაიგუგუნა და ატორტმანებულ სივრცეში ყალყზე შემდგარმა წყლის ტალღამ ალმასგირს გზა გადაუჭრა.

განგმირულივით შედგა შიშით ზარდაცემული ალმასგირ. მას ზღვა არასოდეს არ ენახა.

პირველ წამს საშინელმა დაგუგუნებამ მის ყურთა სმენას ხუდონთან ინგურის კედელზე მიჩიხული ჯებირის დანგრევის ხმა მოაგონა.

“ნუთუ კვლავ უნდა განმეორდეს საშინელება და მის თვალწინ გივერგილა აქაც უნდა დაიღუპოს?”

– დალი… უშველე შენს გივერგილას! – უკანასკნელი ღონის მოკრებით დაიღრიალა ალმასგირმა და წყალში შესდგა ფეხი.

წინ აციალებული ზღვის სიღრმეში მან მართლა დაინახა მთვარის შუქმფენი სახე, რომელიც თითქოს ზედაპირისაკენ მოისწრაფოდა. ეს გივერგილას მფარველი დალი იყო, რომელიც ამას წინ ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. ოქროს თმებში თვალგახილული, მოღიმარი გივერგილა გაეხვია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავდა.

– გივერგილ! – არაადამიანური გახარებით შესახა ალმასგირმა, მიმე ტანი აიმჩატა, ჰაერში შემართული ხელების დიდრონი, კაუჭა თითები მოლანდებული შვილისკენ გააშვირა, წყალი შეაპო და ზღვაში შეიჭრა.

მაგრამ მას ზღვა არ უგრძვნია.

და არც სიკვდილი უგრძვნია სიკვდილის წინ, რადგანაც თვალგახელილი შვილის მომღიმარი სახე თვალთაგან არ მოშორებია.

****

თითქოს ნაკვერცხლებზე წოლილიყო, ისე ბორგავდა და შფოთავდა მთელი დღე ბაადური. დედაკაცს მოსვენებას არ აძლევდა, ჭირვეულობდა, წამდაუწუმ უახოდა და ერთსა და იმავეს ეკითხებოდა:

– აბა, ერთხელ კიდევ გაიხედე, დედაკაცო, და მითხარი ჩვენი წინა ეზოს ღობე მართლა აღებულია თუ არა? მგონია, თვალი გვატყუებს.

სიბერისაგან დასნეულებული თვითონ ლოგინად იყო ჩავარდნილი და ვეღარ დგებოდა.

რუსუდანს გარეთ გახედვა არ სჭირდებოდა. ქმარს სულ ერთსა და იმავე პასუხს ალევდა:

– აღებულია, რამდენჯერ უნდა გითხრა, შე კაცო? შენც ხომ დაინახე და ისაა.

– ბაადურს სახე მოექცეოდა. ზედ ღრმა წუხილის ლანდი დააფრინდებოდა და ტუჩის ერთ კუთხეში უმწარესი გულისტკივილის გამომხატველი ცახცახი ჩაუდგებოდა.

– მერე როგორ მოგივიდა, შე ქალო? რატომ მიუშვი: შენ მაინც ფეხზე ხარ, გარეშე ხალხს ჩვენს ღობესთან რა ხელი ჰქონდა. ბესოს ეს რომ არ უთქვამს?

– აკი გითხარი, თვითონ მისი განკარგულება იყო–მეთქი. შენი თანხმობაც ხომ იყო, როცა იმ კოლექტივში ჩაგვრიცხეს. დაგავიწყდა?

ბაადური აქ ერთი ხნით ხმას ჩაიგდებდა, უნდობელი გულჩათხრობილობით შეხედავდა რუსუდანს და ისევ თავისას მოყვებოდა.

– ვთქვათ, იმ მანქანას ჩვენი მიწა უნდა მოეხნა, მაგრამ ღობე რა შუაში იყო, კარით შემოსულიყო, მოხნა კი მართლა?

– კი, ნახევარზე მეტი…

მაინც არ ცხრებოდა ბაადური. შვილის შინ დაბრუნებას ელოდებოდა. მაგრამ რუსუდანმა ეს იმედიც გაუქარწყლა. – სხვაგან არის წასული და დღეს და ხვალ ვერ დაბრუნდებაო.

ბაადურის შვილს ბესოს მთელ რაიონში კოლექტივიზაციის კამპანიის ჩატარება ჰქონდა დავალებული. დღედაღამ ამ საქმეზე მუშაობდა. დედ–მამასთან კვირაში ერთხელ თუ შემოივლიდა.

სანამ თავის სოფელში კოლექტივის ჩამოყალიბებას შეუდგებოდა, ბესო დავრდომილ მამასთან მოვიდა და მთელი საღამო ესაუბრა. დაწვრილებით აუხსნა, თუ რას ნიშნავს კოლექტივი, და ის უპირატესობაც გასაგებად განუმარტა, რაც კოლექტიურ მეურნეობას კერძოს წინაშე აქვს. აუწერა ტრაქტორი. გააცნო მისი საკვირველი შემძლებლობის ამბავი.

– ჩვენს წინაეზოს ტრაქტორი დილიდან შუადღემდის მოხნავს, შენ კი, მამა, თუმცა მთელ კუთხეში გამოჩენილ მუშად ითვლებოდი, მაგრამ მაინც სამი–ოთხი დღე უნდებოდიო. ძველი წესები ახლა არ გამოდგება. წინადაც არ იყვნენ ისინი გამოსადეგარი, მაგრამ მაშინ არაფერს ახალს არ გვანებებდნენ. შენ ძველი წესით მუშაობდი. მე კი, ახალით მინდა ვიმუშაო. კლექტივში უნდა გადავირიცხოო.

ბაადურს შვილის დიდი დაჯერება ჰქონდა. თავი მოსწონდა, რომ ის მთელ სოფელს მეთაურობდა და ამხანაგებში თავკაცობდა.

ბესოს ნათქვამი მოიაზრა, ცოტა დაფიქრდა. მერე ჰკითხა:

– ჩვენ რომ ნადი ვიცოდით, იმას ხომ არ ჰგავსო?

ძველი კაცი ძველი წარმოდგენებით და ცნებებით აზროვნებდა. ბესო მიუხვდა. შედარება დაუდასტურა. ბაადურს ეს ძალიან გაუხარდა, მაშინვე მოუწონა ღონისიება. მერე სიტყვა “კოლექტივი” რომ სწორედ გამოეთქვა, ასჯერ მაინც გაიმეორა და ბესოს ასწორებინა, სანამ კარგად არ გამოტეხა. რუსუდანსაც დააზეპირებინა, – გამხიარულდნენ ბებრები.

მერე ის იყო, რომ კოლექტივში მოყოლილი მოსახლეობა საგაზაფხულო მუშაობისათვის გააერთიანეს. ბესომ მაგალითი მისცა, და ბაადურის საყანე მიწა – წინაეზო, რომელიც ბაადურს საგანგებოდ ჰქონდა შემოღობილი, ამ გაერთიანებაში პირველადვე მოექცა. ამას იმ გარემოებამაც შეუწყო ხელი, რომ ეს მიწა ზედ მიკრულიყო საკმაოდ ვრცელ მინდორს, რომელიც კოლექტივის მფლობელობაში გადავიდა.

როგორც კი ზამთარი მიიწურა, კოლმეურნეების შეერთებულმა ძალამ თვალის დახამხამებაში აშალა და დაარღვია ბაადურის წინაეზოს ღობე.

შეიტყო თუ არა ბაადურმა ღობის აშლის ამბავი, მოულოდნელად შეიცვალა. თითქოს დიდი უბედურება თავს დაატყდაო, ისე შეიცხადა, მერე არ დაიჯერა. ჩემს შვილს ასე არ უთქვამსო.

რუსუდანმა ისე მოახერხა, რომ ქოხის კარით პირდაპირ ლოგინიდან გაახედვინა, გარღვეული ადგილი დაანახვა.

ბაადურს მაინც არ უნდოდა დაეჯერებინა.

შუადღემდის იწვალა ლოგინში, ნაშუადღევიდან ერთი აზრი აეკვიატა.

– ისევ უნდა შევღობოვო, – მაგრამ ეს ცოლსაც არ გაუმხილა.

რამდენჯერ შეეკითხებოდა რუსუდანს ღობის შესახებ და მისი დაშლის დადასტურებას გაიგონებდა, იმდენჯერ გულში ფარულად გაივლებდა.

– ისევ შევღობავ. მალე უნდა მოვკვდე. მამასთან რა პირით წარვსდგე, გარღვეული ეზო რომ დამრჩესო.

თან ღონეს ისინჯავდა, თუ რამდენად შეძსლებდა ამის შესრულებას. ძალიან ეჭვობდა, რომ მკლავებსა და ფეხებში საჭირო ძალა აღმოაჩნდებოდა. ამიტომ იყო, რომ ასე დაჟინებით ცდილობდა ღობის დაშლის ფაქტის უარყოფას და ცოლისაგან ამასვე მოითხოვდა. მაგრამ ვერ ახერხებდა.

საღამომ რომ მოაწია, ვეღარ მოითმინა, რაც ღონე გააჩნდა, მოიკრიბა და წამოდგა. გრძელი მოკაუჭებული ჯოხი ყავარჯენივით მოიმარჯვა და მოშვებული ძვლების ჭახუნით ძლივს კართან მილასლასდა.

ახალი გაზაფხულის ოდნავ შენისლულ გრილ ბინდში მისი მოშენებული ეზო ლურჯად მოჩანდა. ამ ბოლო დროს ბაადური იშვიათად ხედავდა მას ასე ფართოდ, მთელ მის სიგანესა და სიგრძეზე. როცა კი საშუალება მიეცემოდა მისი ხილვისა, თითოეულ საგანს ცალკე ათვალიერებდა, შორიდან ჩიფჩიფით ეალერსებოდა, ესაყვარლებოდა. ახლა ყურადღებაც კი არ მიაქცია. პირველადვე თვალი იქ მოახვედრა, სადაც დიდ მინდორთან თავისი წინაეზოს საზღვარი ეგულებოდა. სულ დაღამებულიც რომ ყოფილიყო, მის თვალს ამ პატარაობიდანვე შესისხლორცებულ მანძილზე უბრალო წკირიც კი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, ისე შეგრძნობილი ჰქონდა ყოველი მისი ხაზი და წვრილმანი. – ღობე მართლაც არსად იყო. მხოლოდ დარობილი სარები ერთად მოექუჩებინათ და ყორესავით კუთხეში დაეწყოთ. წინაეზო კი უშუალოდ უერთდებოდა კოლმეურნეობის ვრცელ ფართობს, რომლის დასასრული ახლოს არ ჩანდა.

– ჰუჰ! – შეოცებით წამოიახა ბაადურმა, თითქოს ნახულს სრულიად არ მოელოდაო. მისმა გაკვირვებამ შიშის სახე მიიღო, როცა საზღვარს აქეთ მან თვალი მოჰკრა შავად დაყუდებულ რაღაც საგანს, რომელიც ვერ იცნო.

სახე შეკრა, აიაგრა და უცებ ელდანაკრავივით წამოიყვირა:

– დედაკაცო, ეზოში სხვისი კამეჩი შემოსულა თუ ეს რა ამბავია?

ზარდაცემული რუსუდანი ქმართან მიიჭრა. გაიხედა. მაგრამ შეშინებული სახე გახედვისთანავე გაეხსნა და დამშვიდებულმა ბაადურს საყვედურით მიმართა:

– შემაშინე, შე კაცო! კამეჩი კი არა… ის არის… მაშინა, უხაროდ რომ ხნავს, – და უკან დაბრუნდა.

სწორედ ამ დროს იმ შავ საგანს მოულოდნელად ძალი ავარდა და გარშემო უცებ ისეთმა ტკრციალმა შესრა და შეაქანა, თითქოს ზედიზედ რამდენიმე თოფი ერთად დაიცალაო. მანქანამ მალე მიმედ მოიქშინა და თავისებური გუგუნი გააბა, მერე ზლაზვნით ფეხი აიდგა და წაგრუხუნდა.

ბაადურს ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისაგან, მაგრამ მალე გამოერკვია.

მეორეჯერ ხედავდა ტრაქტორს. გუშინ მთელი სოფელი ეხვეოდა და ეცნობოდა ამ ახალსა და საოცარ მოვლენას. ბაადურმა მაშინ თავისი ლოგინიდან თვალიღა მოავლო მას. კარგად ვერც კი დაინახა. ახლა მის დასათვალიერებლად უკეთესი შემთხვევა მიეცა, თვალს ძალა დაატანა და ყურთასმენა გაიმახვილა. მისი ყურადღება დღეს განსაკუთრებით ტრაქტორის გუგუნმა მიიქცია. მის ხმაში შეუცნობი რამ ძალა იგრნო, რომელსაც სინჯვა დაუწყო. უნდოდა გამოერკვია, თუ რა შესალებლობის შემცველი იყო იგი. მაგრამ შესადარებლად გამოსადეგი საგანი თავისი გამოცდილების საგანძურში ვერ აღმოაჩინა: – ვერაფრით ვერ აწონა, ვერაფრით ვერ გაზომა. მაგრამ ერთი რამე კი მისმა მიხვედრამ სრულიად გარკვეული აზრის სახით მოკვეთა:

ამ შეუპოვარსა და უცხო ძალას მისი ღობე მაინც წინ ვერ დაუდგებოდა.

და ეს ბაადურის გულმა რაღაც განსაკუთრებული სიმწვავით იგრნო და აღნიშნა.

მინდვრის თავთან მისი ძაღლი მეზობლის ძაღლებს შეერთებოდა და მათთან ერთად გულმაგრად უტევდა თვითმავალ საკვირველებას.

სადღაც ბავშვების სტვენაშერეული კივილი და ყიჟინიც ისმოდა და მისალმების მსგავსი შეახება, რომელიც სიხარულს გამოხატავდა.

მაგრამ მანქანის მძლე გუგუნი ისე გლეჯდა, ფლეთდა და ფანტავდა ამ აურზაურიან ახმაურებას, რომ მისგან ახლო მანძილზედაც კი არაფერი რჩებოდა. ხოლო ბაადურის ფარული გადაწყვეტილება კი მას მაინც ვერ მოეშალა. მოხუცის საიდუმლო გულისთქმა – “ისევ შევღობავ” – მაინც მკაფიოდ ხმიანობდა მის გულში და დაჟინებით ექსოვებოდა ტრაქტორის გუგუნის რიტმს.

და როცა მანქანა ბაადურის მიწას გასცილდა, მოხუცის თვალმა გადალახული საზღვრის ხაზზე ის ადგილი ბეჯითად შემოფარგლა, სადაც აღდგენილი ღობის პირველი სარი უნდა ჩარჭობილიყო. – ბაადურს ახლა საბოლოოდ გადაეწყვიტა, რომ ამავე ღამეს, როცა ყველანი დაიძინებდნენ, მუშაობას ფარულად შეუდგებოდა და თავის ღია ეზოს კვლავ შემორაგვავდა.

ამ გადაწყვეტილების მიღებამ ისე ააღელვა ბებერი, რომ მუხლებში კანკალი ჩაუდგა და იგრნო, რომ უკანასკნელი ღონე ღალატობდა. – იგი იმისთვისაც კი არ ყოფნიდა, რომ ცოტა ხანს კიდევ ფეხზე მდგარიყო. სასოწარკვეთილება ლოდივით დააწვა გულს და უფრო დაამიმა. ძლივს მოშორდა კარს და უიმედო ლასლასით ისევ თავის ლოგინს დაუბრუნდა.

ფიქრებს მისცა თავი.

ჰეე, დროზე არ მოკვდა ბაადური. ახლა ნაღვლობს საბრალო, რომ ზამთარი გადაიტანა, გაზაფხულამდე მიაწია. რა სიცოცხლეა ასეთი სიცოცხლე, თუ ცოცხლებში არ ურევიხარ. სწორედ ასეთ ყოფაში ჩააგდო ბაადური სიბერემ.

კარგამოხურულ ქოხში, შუაცეცხლის პირას წოლამ მთელი ზამთრის განმავლობაში კიდევ უფრო დაააბუნა ბაადური. უქმად გდების სევდამ კი, როგორც ჟანგმა რკინა, გული ისე შეუჭამა. არ მოელოდა, რომ სიბერე ასე მოერეოდა. თავი დევი ეგონა. ვინ მოსთვლის თავის სიცოცხლეში რამდენი ყანა მოუშენებია, რამდენი კორდი გადაუთხრია და მთის მიუვალი კალთები გადაუბარავს. რამდენი ტყე გადაუჩეხავს, ამოუბუგავს, კლდე გაუპია და დედამიწის წიაღის მადლი ზედაპირზე ამოუტანია.

ახლა კი ღონეგამოლეული წევს. მაგარი ძვლები მოკრუნჩხვია, მაღალი მკერდი ჩაფუშვია. კანზე კაჟის კორები დალბილებია და ოდესღაც სალივით მაგარი მკლავები თასმასავით მოქნილი კუნთებითურთ ორხესავით ჰკიდია, – ერთი მტკაველი ეზოს შესაღობადაც არ გამოადგება.

იმას ვერ იტყვის, რომ შრომა, ამაგი არ დაუფასეს. იქნება, ეს იყო მიზეზი, რომ სიცოცხლე ასე გაუგრძელდა. ასეთი პატივი დასდვეს ჯერ შვილმა, მერე მეზობლებმა და მთელი სოფლის ახალმა მეთაურობამაც, რომ ხელმეორედ სული ჩაედგა.

ბაადურს აგონდება ის ამბავი, რომელიც ამ ორიოდე წლის წინათ მოხდა:

ერთ დღეს სოფლის თავკაცებმა მის ქოხში თავი მოიყარეს, ყველანი იყვნენ თითქმის, ვისთანაც ბაადურს ჭირი თუ ლხინი გადახდომია. – მისი თანამებროლნი, შავი მიწის მუშები, – თოხის, ბარის, წალდ–ნაჯახის ფალავნები. სალამი მისცეს. მოიკითხეს. დღეგრელობა უსურვეს. მერე წამოდგა მისი ვაჟი, მამის ლოგინს მიუახლოვდა და ეს სასიხარულო ამბავი აუწყა:

– ჩვენი სოფლის მშრომელი გლეხკაცობის შუამდგომლობით, ხანგრძლივი, შეუწყვეტელი და პატიოსანი შრომისათვის, რომელიც შენი სიცოცხლის განმავლობაში გაგიწევია, მუშათა და გლეხთა სახელმწიფომ პატივი დაგდო და საცხოვრებელი პენსია გაგიჩინა, რადგანაც ღრმად მოხუცდი და მუშაობა კვლავ არ შეგიძლიაო.

მერე დაბეჭდილი, ბეჭედ–დაკრული ქაღალდი წაუკითხა და სასთუმალს ქვეშ ამოუდვა.

მეზობლებმაც მიულოცეს დიდი სიხარული გამოთქვეს.

არა, მადლიერია ბაადური. სიბერე უზრუნველყოფილი აქვს. ბედნიერიც არის: შვილი კაცი დადგა.

მეტი რაღა უნდა?

მაგრამ ღობეს მაინც რომ ვერ სთმობს, იმ მიწასაც რომ ვერ ელევა?

რა ქნას ბაადურმა?

ფიქრმა მოღალა.

…

ნავახშმევს კი ბაადურმა ცოლს ასე მიმართა:

– ნუღარ ფუსფუსებ, დედაკაცო, გეყოფა, დაწექი და დაიძინე, – მოსვენება მინდაო.

თვითონ თვალები მილულა. ძილი მოიგონა.

დიდხანს იფხიზლა. საიდუმლო გადაწყვეტილების – ღობის აღდგენის – სისრულეში მოსაყვანად ემზადებოდა. გულს იმაგრებდა, ეჭვებს ებროდა და ღონეს იკრებდა. სხვანაირად არ შეელო მოქცეულიყო: ღობის აშლას მისი ბუნება ვერ შერიგებოდა.

ერთი ხნის შემდეგ ჩასთვლიმა.

მაშინვე მამა გამოეცხადა, – კაცი სასტიკი, მრისხანე და ძლიერი.

ვითომ საღამო ჟამი იყო, როცა ღობემოხსნილ საზღვარზე დევივით გადმოალაჯა. მხარზე უშველებელი ძელი გაედვა, რომელსაც უღელი ხარკამეჩიც კი ადგილიდან ვერ დასძრავდა. ქამარში წინდაწინ წალდი ჰქონდა გარჭობილი.

შესდგა. საშინელი თვალებით მიმოიხედა. კარმიდამო შეათვალიერა. მერე ქოხისკენ აჩქარებით წამოვიდა. შიგ ღია კარით შემოვიდა, ძელი კუთხეში ჯოხივით მიაყუდა და ბაადურს წინ დაუდგა. ისე შეანათა თვალები, თითქოს წალდი დასცაო.

– ეს რა დაგმართია, ლაჩარო, რომ ღობისთვის ვერ მიგიხედავს? ასე როგორ დაგლახაკდი? შვილი სადა გყავს? ადე, ძაბუნო, მომყევი, შემოვღობოთ, მოგეხმარები. – თავისებურად როხინობდა, თითქოს ციდან გრგვინვა ისმისო.

ბაადურმა სირცხვილისა და შიშისაგან თვალები დახუჭა, ვითომ პასუხის მოსაფიქრებლად, რომ მამის წინაშე თავი ემართლებინა. როცა გაახილა, სასტიკი მამა მის წინ აღარ იდგა. ძელი ისევ მხარზე გაედვა და წინაეზოსკენ გაქანებული მიაბიჯებდა.

შეფაცურდა ძილში ბაადური, რათა საჩქაროდ წამომდგარიყო და მამას გაჰყოლოდა. – ღონეს რომ ნატრობდა მთელი დღის განმავლობაში, ახლა სრულიად შემატებოდა. მის სიჭარბესაც კი გრძნობდა, ისე საკვირველად გამოცვლილიყო. ლოგინიდან ფეხები გადმოდგა.

სწორედ ამ დროს გამოეღვია. მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. – დაწყებული საქმე ბაადურმა ახლა უფრო ფიცხლად განაგრო. მამის ხმა და სიტყვები ყურში ახლაც ისე ჩაესმოდნენ, რომ მათ სიცხადეში ეჭვი არ შედიოდა. – მოხუცის თავში ცხადი სიზმარს გადაბმოდა.

“მამა, ალბათ, იქ მიცდისო”, გაიფიქრა და ფეხზე დადგა.

არც კი გაკვირვებია, რომ ტანი მჩატედ აჰყვა. სიზმრად რომ მუხლებსა და მკლავებში ძალა იგრძნო, ახლაც, ცხადშიაც, ჰქონდა.

კუთხეში მიყუდებულ გრელტარიან წალდს ხელი წაავლო და გასავალ კარს გამართული ნაბიჯით მიაშურა.

ეზოში ძაღლი დახვდა. გაუკვირდა პატრონის ნახვა: რამდენი ხანია გარეთ გამოსული არ უნახავს. წალდი ხელში დაუნახა. კუდის ქნევით მიეგება, გახარების გამომხატველი წკავწკავით ფეხებს ქვეშ გაეგო და მერე თამამის ყეფით წინ გაუღვა ღია საზღვრისაკენ, თითქოს განზრახვას მიუხვდაო.

ბაადური, თითქოს მამას ბაძავსო, სასწაულებრ გაქანებული მიდიოდა. ერთ აზრად ქცეულიყო, ერთი ბრმა და უკანასკნელ სურვილად გრდაქმნილიყო, რომელსაც მისი სხეული ახლა ისე გაეტაცნა, როგორც ქარს ბუმბული.

ნაღობარ ადგილს რომ მიაწია, სადაც მისმა თვალმა დღეს ტრაქტორის გავლისას პირველი სარის ჩასარჭობი ადგილი დანიშნა, წალდი მოკლედ მოიქნია და მიწაში ჩაასო. მერე მოტრიალდა, ღობიდან გამოღებული სარების ყორე მონახა. ერთი ყველაზე უფრო მსხვილი და დიდი ამოარჩია. მხარზე გაიდვა და ისევ წალდს დაუბრუნდა. აქ შესდგა. სული მოითქვა.

მერე ორივე ხელით სარი მაღლა შემართა და მთელი ტანის ძალის მიყოლებით მოქნეული მიწაში ჩაარჭო.

მაგრამ თვითონაც, თითქოს ვიღაცამ მაღლიდან ძირს დაანარცხაო, ჩარჭობილი სარის ძირში პირქვე დაემხო მუხლებმოყრილი, წელში გადატეხილი.

და უცებ ისევე უძრავი შეიქნა, როგორც მის მიერ ჩასობილი სარი.

ერთგულმა ძაღლმა ერთხანს უცქირა, როდის წამოდგებაო. მოთმინება რომ არ ეყო, ყეფით რამდენჯერმე გარს შემოუარა და შემდეგ წინ დაუცუცქდა გაოცებული.

მაგრამ არც ბაადური და არც მისი სარი ოდნავადაც არ შენძრეულან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი