სიზმარი და სინამდვილე
(მშიერი სტუდენტის ჩანაწერიდან) I ყოველი დღე ვათვალიერებ გაზეთების უკანასკნელ გვერდებს. დიდი ყურადღებით ვკითხულობ ყოველნაირ განცხადებას. იქნება, წავაწყდე რაიმე სახეიროს–მეთქი. მაგრამ ბედი არ მწყალობს! არაფერია ჩემი შესაფერი. რამდენი ხნის ვარ, რამდენი ხანია ვსწავლობ, მაგრამ ცხოვრებას ჯერ ჩემთვის არ გაუღიმია! არ ვიცი, ღმერთმანი, ვის რა დავუშავე. ავი ძაღლივით გადამკიდებია ეს ბედია თუ რაღაცა! საშველს არ მაძლევს! ვის მოვსთხოვო სამართალი? თუ გინდა, აი, ეხლაც! ჩემი შესაფერი განცხადება არც ერთ გაზეთში არ მოიპოვება. როგორ შეიძლება არაფრის გაკეთება არ შემეძლოს, რა მაკლია? ხელი, ფეხი, თავი, თვალი… ჭკუა… თუ ცოდნა! მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა, სამუშაოს მაინც ვერ ვშოულობ და ულუკმაპუროდ ვარ” მართალია, ცოდნაცაა და ცოდნაც, მაგრამ მაინც! რის სპეციალისტად შეიძლება გამოვდგე? კომერსანტ–ვოიაჟორი არა ვარ, ბუღალტერი–კორესპონდენტი არა ვარ, “კონტორჩიკი” არა ვარ, სახლის თუ მამულის გამგე–მმართველი არა ვარ, მებაღე არა ვარ! შვეიცრად, მეეზოვედ, ოფიციანტად მე არ ვვარგივარ. მეტად ინტელიგენტური სახე მაქვს და თანაც სათვალეს ვატარებ, პენსნეს, საშინელი ბეცი ვარ! რა სათქმელია, პროვიზორი მე არა ვარ, ფორმაციის არაფერი მესმის! ტექნიკი, ექიმი, ვექილი!… უკაცრავად, უკაცრავად! ნამეტანი მაღლა აწევა როდია საკადრისი!! ნეტავი სტენოგრაფისტობა მაინც შემესწავლა! არა, სჯობს, მგონი, ისა ვთქვა, რა ვარ?… ვისაც ეს აინტერესებს, ერთი მიმართოს იმ გიმნაზიას, სადაც რვა წელი დავყავი და იკითხოს, რა შემასწავლეს? ეს ამბავი დედაჩემმა რომ იცოდეს ისე, როგორც მე ვიცი, ცუდად მომეპყრობოდა! “რა ისწავლე, რას შვრებოდი, აბა, რვა წელიწადი სასწავლებელში მყავდი, და ისიც გიმნზიაშიო!! გაგათავებინე სწავლა, არაფერი დამიზოგავს და ახლა არაფერი არა ხარო?” ოღონდაც დედაჩემო, ოღონდაც!!. განცხადებები ბლომადაა გაზეთებში. ნაირ–ნაირი ჭრელ–ჭრელი!! სტუდენტები რომ უხვად იძლევიან თავიანთ შრომას! მოდი, ძველ დროს გავიხსენებ, და მეც ამ გაჭირვების დღეს წამოვისტუდენტებ, თუმცა სტუდენტი უკვე აღარ ვარ. მაგრამ რა უჭირს ვისარგებლო სტუდენტის სახელით? შუბლზე არ მაწერია რომ სტუდენტი ვიყავი და ახლა აღარა ვარ! რაც შეეხება ცოდნას, რიგით არ უნდა ჩამოუვარდე იმათ ცოდნაში! რუსულად ჩინებულად ვლაპარაკობ, ლათინურსა და ბერნულს ენებზე კი ახლა არავინ ლაპარაკობს! სულ სხვაა ფრანგული და გერმანული! თეორია ვიცი, თეორია მიხსნის! უთუოდ! ჰო! ეს თეორია! იქნება ბევრმა არც კი იცის რა არის თეორია!! ახლა კი დავწერ განცხადებას, მივალ რედაქციაში, უკანასკნელ ფულს გადავიხდი მის დაბეჭდვაში. იქნება ამხანაგებმა მასესხონ! – ამნაირად ვაუწყებ მსურველთ, რომ მე გამოცდილი რეპეტიტორი ვარ – ფილოლოგი, რომელმაც ოქროს მედალით დავასრულე გიმნაზიის კურსი. მსურს ვიქონიო გაკვეთილები, რომ ჩინებულად ვამზადებ მოწაფეებს ყველა სასწავლებლისათვის, და აგრეთვე სიმწიფის ატესტატზე! მაქვს უმწიკვლო რვა წლის პრაქტიკა! და სხვა. აი, რანაირი იქნება ჩემი განცხადება. ხვალ დილით ჩემი განცხადება გამოჭიმული იქნება ერთ–ერთ საუკეთესო გაზეთის ფურცლებზე. რამდენი მამა, შვილის აღზრდით გატაცებული, რამდენი ექსტერნი, სწავლა–განათლების მოსურნე, წაიკითხავს ჩემს განცხადებას? თუ ხარ სადმე, ბედო, გამოჩნდი ახლა!.. არა, მართლა, ხუმრობის გარეშე, ძალიან იმედი მაქვს! იმედი კი!… რა კარგია იმედი!! კარგი იმედის სიკარგეში ყველა დარწმუნებულია, მაგრამ უნდა ვთქვა მაინც, რომ თუმცა ორი დღე არ მისადილია, თუმცა მშიან, მცივა და მწყურიან, თუმცა თავიც მტკივა და ამაღამისთვის ჩემს ლამპაში ნავთი არ მოიპოვება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კარგს გუნებაზე ვარ და ღიღინით დასაძინებლად ვემზადები!! – მიბოძეთ ლამპა, ნავთი უნდა ჩაგისხათ! ვაი, სირცხვილო! როგორ გინდა ახლა! ეს მოსამსახურეს სიტყვებია და, ცხადია, მე მომმართავს, მოდი, და, ახლა ნავთის ფული ჩაუჩხრიალე იმას!!! – ჰა! პაშა, თქვენა ხართ? რა გითხრათ, იცით, პაშა, დღეს მეტად დაღლილად ვგრნობ თავსა, და ადრე უნდა დავიძინო! ასე რომ… ძვირფასო პაშა, სინათლე დღეს არ მესაჭიროება… თავი მტკივა და სინათლე კი ტკივილს უფრო გამიღიზიანებს! – სინათლე ტკივილს გაგიღიზიანებს!.. ხა–ხა! ნერვები გქონიათ აშლილი? – მაშ, მაშ! ასე, ახლა ბატონი ვარ! ბნელში ვარ, იმიტომ, რომ სინათლე თავის ტკივილს მიღიზიანებს! ხომ შეიძლება ეს ასე იყოს და მე მართალი ვიყვე, ჩემთვის ბნელში დარჩენა სჯობდეს! ლოგინში ჩავვარდი! – ჰა! ჰა! ბედო, თუ ხარ სადმე, თუ სწერიხარ სადმე, ამ ორ დღეში ვნახავ შენს ბიჭობას! აბა, დატრიალდი, ღმერთო ჩემო! მომაგონდა დედაჩემის სიტყვები: “თუ ბედზე გიწერია, შვილო, პატარა, უმნიშვნელო შემთხვევას შეუძლია გაგაბედნიეროს ისე, რომ არც მოელოდეო!” მართალი ხარ, დედაჩემო! მართალი! მაშინ იქნება არ გეთენხმებოდი, მაგრამ ახლა… სრულიად ხელს ვაწერ შენს ბრნულ აზრებს!! ასეთი იყო სინამდვილე. … ჩამეძინა!.. აი, სიზმარიც, რომელმაც სინამდვილე შეცვალა. ვითომ გათენდა… მზემ მოცინარი სახით გადმომხედა და რამდენიმე კეკლუცი სხივი ჩემს ფანჯარას სტყორცნა, თითქო მომაძახაო: “გიხაროდეს!” ლოგინში რა გამაჩერებდა, წამოვვარდი. ტანთ ჩავიცვი. პირის დაბანა ვერ მოვასწარი, რომ დარეკეს და გოგომ ღია ბარათი შემომიტანა. “მოწყალეო ხელმწიფეო! გთხოვთ მობრანდეთ ამ თვის… ოთხშაბათს 2–3 ს. პირად მოსალაპარაკებლად გაკვეთილის შესახებ. ჩემი ვაჟი მეოთხე კლასის მოწაფეა, რომელიც უნდა ამეცადინოთ მათემატიკაში”. მისამართი ცოტა შორს მეჩვენებოდა, მაგრამ სიშორეს რას დავსდევ! მგონი, ბოსტანში ამოვყო თავი! სასწრაფოდ პირს ვიბან, სარკეშიაც ვიხედები! გავუცინე ჩემს თავს… იმანაც გამიცინა!.. კარგადაა საქმე! – ჩავახველე!… მათემატიკა! ეს ისეთი საგანია, რომ უკანასკნელი ოცი მანეთი ღირს, ა? რა იცი, კაცო, იქნება ამდენს მწარეს იმიტომ მაჭმევდა ცხოვრება, ზედ ეს ტკბილი დამეყოლებინა! კიდევ დარეკეს! ბიჭო, ბიჭო… ჩემთანაა? გოგოს მოაქვს ბარათი! დავხედე – კიდევ ერთი მეპატიჟება! ხო, ხო, ხო! წავიკითხოთ: მ.ხ. დასამატებელი გამოცდა ლათინურში, კვირაში სამჯერ!” და სხვ. ესეც მე!… სამართლიანად უნდა მოვიქცე! ჯერ პირველ წერილზე წავალ, მერე რიგ–რიგად! მაშ, სამართლიანობა უნდა! რომ პირველად მეორესთან წავიდე, გაიგებს ვინმე და უზრდელობაშიაც ჩამომართმევს!! ქუდი, პალტო და შურდულივით გამოველ ბინიდან!!… მზემ ახლა უფრო გასაგონად მომაახა: – “გიხაროდესო”! – ჰო, გმადლობ, გმადლობ! მზეო! თუმცა უჭმელი ვარ, აგერ ორი დღის, მაგრამ მაინც ისე მივდივარ, თითქოს ყოველი ჩემი ნაბიჯი ათას მანეთად იყოს დაფასებული!! მიველ დანიშნულებისამებრ!.. სახლი დიდებულია. ცხადია, ვიღაც ტუზი ცხოვრობს. სწორედ კაცობა აქ უნდა, და მეც მეტად სერიოზული სახით მივადექი კარს. შვეიცარმა მორიდებით დამიკრა თავი! ალბათ კარგი შეხედულება მაქვს… ხუმრობა არ მიყვარს! უპირველესად ყოვლისა, თავის დაჭერა, თავის დაკავება!! დავრეკე! – ვინ გნებავთ? – მომესმა პასუხად ქალის ნაზი ხმა. ამას არ მოველოდი, შვეიცარი განზე გადგა. – რეპეტიტორი!.. გაიღო კარი. – მობრანდით! ქალბატონი ახლავე გეახლებათ! – მითხრა გოგომ, თითქო მომელოდა. თან იცინოდა, მიღიმოდა… კარგი ნიშანია! ა? შევედი დარბაზში. უმოწყალოდ მდიდრულად არის მორთული!… აქ ოცი მანეთი რა ფულია?… ორმოც მანეთად უნდა დაფასდეს, მათემატიკა ისეთი საგანია! სად დავჯდე? იქნება, სკამი გვერდზე გამიხტეს და… რა იცი, ყველაფრის უნდა გერიდებოდეს! ცოტაც რომ დავაცილო დასაჯდომს ხომ დავიღუპები კაცი! სკანდალი მოხდება, არ დავჯექი, კედელზე ჩამოკიდებულ რაღაც სურათს დავუწყე თვალიერება. – გამარჯვება! – მომესმა. მოვიხედე – დიდებული ქალი. რა თქმა უნდა, სწრაფად ფეხები მოვიმარჯვე, მხრები ავიწიე და სალამი მივეცი. – დაბრნდით! – მე გეახელით თქვენი წერ… – ვიცი, ვიცი!… – გამაწყვეტინა ქალმა. დალაგებით მამცნო პირობები. ლაპარაკიდან შევიტყვე, რომ განათლებული ქალი იყო. – პირობა ასეთი არის: 25 მანეთი თვეში და სადილი. – თუ მოხერხებულად ცნობთ, – დაამატა ქალმა, და ერთი მადლიანად შემომხედა, – შეგილიათ გადმოხვიდეთ აქ, ჩვენსას! ოთახი ცალკე გექნებათ, სადილიც, რა თქმა უნდა და 20 მანეთი ფულად! ეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორც გინდათ! გავშეშდი, რა ვუთხრა? – კარგი!.. კარგი!.. – ენა დამება! ეშმაკი ვერ მიხვდებოდა რაზე ვამბობდი კარგს, რომ საცხოვრებლად გადმოვდიოდი, თუ იმაზე, რომ ვივლიდი და ოცდახუთ მანეთს დავჯერდებოდი? – ვინაიდან, – დავიწყე, – ბინა უფასოდ მაქვს და ესე იგი… ჩემთვის უფრო მოხერხებულია ვიარო და… დავთანხმდე ოცდახუთ მანეთზე. – კარგი და პატიოსანი! მაშ ივლით, კეთილი! – დიახ, დიახ! – რომელ ფაკულტეტზე ბრანდებით? – უცბად მკითხა ქალმა! როგორც ცხელი ტყვია, ისე მეცა ეს კითხვა! სწრაფად ფიქრი აღმეძრა – ვაი თუ ამაზეა დამოკიდებული ჩემი ბედ–იღბალი–თქო!.. ენამ დამასწრო და წარბშეუხრელად ვუპასუხე: – ფიზიკურ–მათემატიკურზე… – ჰო, ეს ხომ ზედგამოჭრილია! რა ეროვნების ბრანდებით? – ქართველი! – სასიამოვნოა! მე ძალიან მომწონან ქართველები. ლამაზები არიან. – შემომხედა, გამიცინა. – მართლმადიდებელი ბრანდებით? – მხოლოდ ახლა მეცა თვალში* რომ ქალს დიდი ოქროს ჯვარი ეკეთა შიშველ მკერდზე, ძვირფასი ქვებით მოოჭვილი. “თუ ახლა მიშველა მართლმადიდებლობამ, გავიფიქრე, მაშინ არ გავამტყუნებ საქართველოს იმაში, რომ საუკუნოები იბრძოდა მის დასაცავად! და ამისთვის სისხლს ღვრიდა. ჩანს, რომ დღეს ისტორიაც ჩემკენ არის!” – დიახ! – ვუპასუხე დაუყოვნებლივ. – სარწმუნოებას ალბათ მაინცდამაინც არ აქცევთ ყურადღებას? ა? – თვალების ცბიერი დაპატარავებით მკითხა ქალმა. ამაზე დუმილი ვარჩიე. მცდის–მეთქი, გავიფიქრე. მაგრამ დუმილის გაგრელებაც უხერხული იყო. – ეს როგორ შეიძლება, ქალბატონო! – თავის მოკატუნებით წავილუღლუღე. – ეს მე მომწონს. სარწმუნოების გარეშე ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია. ადამიანი პირუტყვი არ არის. – რა თქმა უნდა, ქალბატონო. – უკაცრავად… თქვენი სახელი მითხარით. იცით ძალიან მომწონხართ. – ეპიფანე. – მშვენიერია… იშვიათია… მამის? – ნიკოლოზის ძე. – ჰო, ეს ხომ მეფურია და ის არის, ეპიფანე ნიკოლოზის ძევ… ნატაშა! – გასახა მოსამსახურეს, – ცხელი ყავა მიართვით სტუმარს! ვერ მოვასწარი უარის თქმა, რომ მოსამსახურემ ყავა და ნაირნაირი ნამცხვარი შემოარბენინა და თვალის დახამხამებაში პატარა სუფრა გაშალა. – მიირთვით, ეპიფანე… – ნიკოლოზის ძე… – ღმერთო ჩემო, ჩვენი მეფის სახელი როგორ დამავიწყდა… დიაღ, ეპიფანე ნიკოლოზის ძევ. მოიწიეთ აქეთ, ნუ გერიდებათ – ამ სიტყვებით ქალმა ფეხზე შედგმული ფეხი გადმოიღო, კაბის ქობა გადაიგდო და მუხლებამდე შიშველი თეთრი წვივი გამოაჩინა. ეს, რა თქმა უნდა, უცაბედად მოუვიდა. უმალვე გაისწორა და ქობა წვივზე ისევ მოხდენილად გადაიფარა! ბოდიში მოიხადა. თავაზიანად მიმიპატიჟა ყავაზე ხელმეორედ. – ყველაფერი ჩემი ხელით არის დამზადებული, ეპიფან ნიკოლოზის ძევ. მიირთვით… მოიწიეთ აქეთ! ნუ გეშინიათ, არ მოიწამლებით! რა მორცხვი ვინმე ყოფილხართ!.. ეჭვი შემდის, რომ ნამდვილი ქართველი ბრძანდებით… – კი, ბატონო, ნამდვილი ქართველი! – მაგრამ ქართველები ხომ გაბედულები არიან… – აქ მასპინელს ფეხზე ისევ გადასვრა ქობა და თეთრი, სხმული წვივი ისევ გამოუჩნდა მუხლის თავამდე… მაგრამ ამ შემთხვევაში არ შეუსწორებია. – ჰეე, რომ იცოდეთ, რა მოწყენილი ვარ ეს დღეები? ჩემი ქმარი რიაზანშია წასული საქმეზე და ვინ იცის, როდის დაბრუნდება!.. ხმა ვერავისთვის გამიცია, წარმოიდგინეთ. ჰოდა, მიირთვით ყავა, ძალიან გთხოვთ… ეს კი არა სადილადაც დარჩით. ვისაუბროთ… თქვენი მშვენიერი ქვეყნის ამბები მიამბეთ… გამართეთ. მანამდე ჩემი კოლინკაც მოვა, თქვენი მომავალი მოწაფე… ბარემ იმასაც გაგაცნობთ… დარჩით სადილად, ეპიფანე ნიკოლოზის ძევ! – გმადლობთ დიდად, ქალბატონო. სამწუხაროდ, არ შემიძლია, გაკვეთილი მომელის! – წამოდგომა დავაპირე. – მე კი არ გაგიშვებთ! აი, არ გაგიშვებთ! – ამ სიტყვებით ხელი ჩამავლო მაჯაში. მტკიცედ თქვა: – თქვენ არ ხართ ქართველი, მატყუებთ… აბა, სად არის ქართული პირდაპირობა, სითამამე და თავხედობამდე მისული გაბედულება, რაც ქართველებს ახასიათებს… არა, არ გაგიშვებთ, სანამ არ დამიმტკიცებთ, რომ ქართველი ხართ! – ამ დროს, ოი საშინელებავ, ჩემმა თვალებმა ნათლად დაინახეს რომ ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ჯვარი, რომელიც ქალს გულზე ეკეთა, უცებ ცოცხალ გველად გადაიქცა, დააღო ვეება პირი და ორკაპიანი ენა სისინით გამოჰყო. შემეშინდა. – აჰა, სად არის თქვენი ქართველური ვაჟკაცობა? ჯვრის არ შეგშინებიათ და გველის შეგეშინდათ! მოჰკიდეთ ხელი, დააღრჩვეთ, გიბრძანებთ. წამოვვარდი. განზე გამისხლტა სკამი, რომელიც ხრიგინით დაეცა იატაკზე… გამეღვიძა. კარგა გათენებული იყო. ნაღვლიანი ავდექი. ვერ გამიგია, რა იყო წუხანდელი სიზმარი. ვერ ვბედავ იმის თქმას, როს ცუდი იყო. ჩვეულება არ არის ჩვენში სიზმარზე თქვა ცუდიაო. კარგი არ იყო, აშკარაა. გულში ჩუმად ვფიქრობ: “დამცინა ბედმა, ძილშიც არ მასვენებს, როგორც ჩანს” – მაგრამ ხმამაღლა ამას არ ვამბობ. იქნება ბედი აქ არაფერ შუაშია და ცილი რომ დავწამო, გაჯავრდება და მართლა დამცინებს. ბედის დაცინვა კი მეტად ნელი საქმეა. ამაში ყველა დამეთანხმება, ვისაც გამოუცდია. II გახსნილი ბარათი მიჭირავს ხელში და ზედ გახარებული სახით დავცქერი. ჩემს განცხადებას უმოქმედნია! ეს უკვე სიზმარი არ გახლავთ! ვატყობ მისამართით, რომ ვიღაცა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ცხოვრობს, რაც ნიშანია სიმდიდრისა! მეც, რა თქმა უნდა, სწრაფად გავსწიე იქითკენ. მივდივარ და ვფიქრობ. “რასაც ვიტყვი, მოკლედ ვიტყვი! რუსული, როგორ გამიწყრება ღმერთი, და შემეშლება! თვითონ არას ვიტყვი, პასუხს კი მოჭრილად გავცემ ყოველ კითხვაზე! გაკვეთილს გააჩნია! – შეიძლება ოცდახუთი კი არა, ოცდაათი მანეთი დავაფასო! ხო–ხო–ხო! ოცდაათი მანეთი. რა დიდებულად ვისადილებ! უწინარეს ყოვლისა სადილის აბონემენტს ავიღებ ერთი თვით! საცვალს ვიყიდი! უსათუოდ! პირველი საქმეა საცვალი! მგონია, კარგა ხანია არ გამომიცვლია. ერთი საპონიც… ესეც პირველი საქმეა!… აბანო, რა თქმა უნდა! თავდაპირველად აბანოში უნდა წავიდე! ცოტა ვალებსაც გავისტუმრებ! მოვეწყობი, ერთი სიტყვით და დავისვენებ!”.. ასე ფიქრში რომ ვარ, უცბად ჩამიქროლა გაბრჭყვიალებულმა ავტომობილმა! “როგორი სადილი უნდა ქონდეს ამის პატრონს? ა?… აი, ტრამვაიც, რამდენი კმაყოფილი სახე ზის შიგ?.. კარგია კმაყოფილ ხალხს რომ ვუყურებ! რაღაც შენდა უნებურად შენც კმაყოფილი ხდები ცხოვრებით. აგერ ეტლიც!.. ვიშ, რა ცხენებია! რამდენი ექნება ჯამაგირი მეეტლეს? რა კარგად აცვია?!.. ჩუ! ის მანდილოსანი მე მიყურებს! – კარგი ბიჭი ვარ განა? მაშ!” … რა ამბავია, რომ ყველა მე მიყურებს? ხომ არ შემამჩნიეს რამე?.. მაგრად, ბიჭო ეპიფანე! პირზე ღიმილი გადავიკარი და თამამი ნაბიჯით გავეშურე წინ!.. სახლი =2:… ეს არის! შევედი! – ვინ გნებავთ? – შემეკითხა შვეიცარი, რომელიც არც ამდგარა ჩემს დანახვაზე! ნეტავი ეს რას ნიშნავს, მაგრამ რატომ უნდა ადგეს ეს შვეიცარი? შენზე უკეთ სჭამს, სვამს… უკეთ აცვია და ახურავს, ვინ გდიხარ შენ, რომ წამოგიდგეს, წამოგეჭიმოს… მე შენი ამბავი ვიცი, და ვერცხლის მანეთს ჩაუდებ ხელში! მე ესა და ეს კაცი მინდა–მეთქი! – სტუდენტი ხართ? – დიახ! წერილით დამიბარეს! – უკვე აყვანილია მასწავლებელი! – მაგრამ როგორ მოხდა ეს, როცა მე ვიყავი დაბარებული?! – გულმოსილმა ვკითხე შვეიცარს! – თქვენისთანა აქ 50 იყო ამ დილით! ალბათ, სხვაც ყავდათ დაბარებული! – ეს… ეს… უზრდელი ყოფილა შენი ბატონი! ბრიყვი! – მე არაფერი ვიცი! არა მეკითხება რა! – უთხარით იმას, რომ მე უზრდელი და ბრიყვი ვუწოდე! – შეიძლება!… მე არა ვიცი რა!.. ალბათ, შვეიცარს ბევრი არაფერი ქონდა საწინააღმდეგო, რადგანაც, როგორც შევატყვე, ჩემს გინებაზედ ცალი ულვაში აუთამაშდა, თითქოს ესიამოვნაო!.. ჩანს, კმაყოფლი არც ის ყოფილა თავისი ბატონით. რაღა დამრჩენოდა, დავბრუნდი! ქუჩაზე ხალხი ისევ ირეოდა. ვის უსაქმობა ეტყობოდა, ვის საქმიანობა! ვის მოწყენილობა, ვის უდარდელობა! ტრამვაი თავის საქმეს განაგრძობდა… პოლიციელი ეგვიპტეს მუმიასავით გაჩერებული იყო შუა ქუჩაში და სულელურად იცქირებოდა აქეთ–იქით! ავტომობილი, ეტლი, ტრამვაი, ველოსიპედი, ქალი, კაცი, დიდი, პატარა ერთმანეთში არეულიყო! ქალაქი, უზარმაზარი, დიდი ქალაქი თავზე დამწოლოდა და სულს მიხუთავდა! – ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი! ჩემი ბინისაკენ გავწიე… იქნება, კიდევ ვინმე გამოეხმაურა ჩემს განცხადებას! ეს პირველი იყო, თუ სიზმარს არ ჩავთვლით. ის, რომელიც ახლა შინ დამხვდება, იქნება მესამე… – კი, მაგრამ სიზმარს რას ერჩი, როგორ არ გინდა ჩათვალო? ის, რომელიც ახლა შინ დაგხვდება, მეოთხეა… არც ისე ცოტაა… სიზმარიც ხომ სინამდვილეა, და ბედს ტყუილა ემდური, ჩემო ეპიფანე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი