ნევროზი
მირტყამენ, სიტყვები მტკივა, სისხლი მდის: ერთი ლიტრი – ერთი მიხაკი, გამეტაფორებამდე – მეორე ჯგუფის, ცხელი, ლეიკოციტებმა რომ თეთრი დროშა არ გამოფინონ, მერე – ლექსის მასალა, ციროზიან ღვიძლსა და არაუშავს გულს შორის ჩამჯდარი ღმერთის კარნახით, ქაღალდზე გადატანილი… იცის ვინმემ ის ფანჯარა, ჩემი კალენდარი, რომელშიც ცა ხან მწვანე ფეხებზე დგას, ხან შავზე? ხეებით ვხვდები მის ფერს, თვითონ მეორე სართულიდან არ ჩანს. ნევროზი, პარანოია, რომ მირტყამენ და სიტყვები მტკივა, ყველაფერი შიგნით ხდება, ფანჯრის მინა მშვიდია, არც დაიგრიხება, არც გაიბზარება ამის გამო ერთადერთი, სისხლის გამიხაკება, გარედანაც ჩანს, ეს ხედი ზოგად ამბებს რომ დააყოლო, რაღაც, შიდაგანათებასავით გამოგივა, ვერც გატკენენ, ვერც გამოგირთავენ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი