მზე მრგვალი..


ლურჯი ლაქი უსვია ზღვას,
სასიცოცხლო ორგანოები ჯანსაღი
და ვაშლივით უნაკლო ფორმის,
ზუსტად ჩამჯდარი მოხაზულობაში,
არც შეშუპებული, არც დაჩუტული,
ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია,
პირველ წვიმამდე,
ფანჯარაზე რომ ჩამომიჯდება,
ნაცრისფერლაბადიანი, რეზინისფეხებიანი,
გუბეებში სატყაპუნოდ,
ჯერ სულ ახალგაზრდა,
ფიქრებში აუცილებელი სევდის ჩამდები,
სანამ ძალას მოიკრებს,
მუდმივი გახდება, სიცივეშეპარული,
თოვლამდე მიმყვანი, რომელზეც
უნდა იარო, როგორც დანაყილ შუშაზე,
პირდაპირ, შინაგანი ორგანოებით,
დანარჩენი ტანი ანკეტას ავსებს:
სოციალური მდგომარეობა _ მძიმე.
თავი _ გუმბათი, მრგვალი მზე
და ლაქივით პრიალა ზღვა წარსულია,
გააჩნია, როგორ დაიმახსოვრე,
თუ კარგად, სიხარულის გაკვეთილივით, _
ერთ ტალღას მოგცემს
თბილს, ლურჯს, კრუხს,
ე. ი. მფარველს გაზეთების აგრესიისგან,
თავში ჩატენილი ანკეტებისგან,
სევდიანი და ძალიან სევდიანი
წიგნების სასარგებლოდ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი