სულით დაავადებულთა სახლში..


სულით დაავადებულთა სახლში,
სადაც პატარა ავადმყოფ კაცებს
თავი ჰგონიათ ღმერთები და გენიოსები,
ერთმა ქალმა,
ნაწვიმარმა და მგლოვიარემ,
შემომჩივლა,
რომ ის ხე არის მსხმოიარე
და აღარ ჰყოფნის ჭიქის წყალი
და ფანჯრის მზე,
რადგანაც მის ამწვანებულ თვალებს
და ფოთლებს, - გამოსხმულს მაჯებზე,-
სჭირდებათ მდინარე, გრილი და კეთილი,
და მზე, რომელიც არ იქნება დაფლეთილი
რკინის რიკულებით და კედლებით...
კაცებს კი შურთ მისი ბედი...
როცა ვინმესთან მოაქვთ ვაშლი - 
მძიმე და მუქი - 
ის იღიმება,
თითქოს ჯანსაღ შვილს უქებენ...
და ყველას უამბობს თავის საიდუმლოს,
მაგრამ მას ხვდებიან ცივი დუმილით...
სველ ზეწარში ახვევენ ვიღაცის ხელები,
ის კი ნაწვიმარი და მარტოხელა
მაინც ყველაზე ბედნიერია,
რადგანაც იცის,
რომ ხე არის მსხმოიარე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი