«იყიდეთ რამე!»


ამ ქალაქის გარშემო
ისევ თრიალეთის მთებია?
ჯერ კიდევ რბილი ზურგი აქვთ
მშობლების საფლავებივით
თუ უკვე ხიმინჯების
ჩასარჭობად ამზადებენ?
ქუჩა აღარ ყიდის
ძროხის მაწონს, კარტოფილის სიმაძღრეს,
ლეღვის დიაბეტს,
ერთი ყვირილიღა დარჩა:
«ვიბარებ ბოთლებს!»
მკვახე, მაგრამ ყელგამოწეული,
კიდევ _ ჩემი ნაცნობები,
უჩრდილო ასგრადუსიან რუსთაველზე
რომ იხვეწებიან:
_ იყიდეთ ვაჟა-ფშაველას
ციმბირის წყლული!
ვან გოგის მანათობელი ყური,
ენერგოკრიზისის დასაძლევად!
ათას ზაზიაშვილზე ერთი ფიროსმანი,
რომელსაც ჩონჩხები არ უჩხრიალებია
იმის გასაგებად, რომ ყველა ძვალი
ზუსტად იმდენი აქვთ, რამდენიც უნდა ჰქონდეთ,
სამაგიეროდ, ორი თითით იწევდა ყელს,
ლამის თრიალეთის მთებამდე...
ამაზე უკეთესს რას ასწავლიდნენ,
რაც გინდა აკადემიები ეშენებინათ
მისი სულის მისადგომებთან?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

როცა ერუდიცია გაქვს, ეს მეტაფორები საკმაოდ ზედაპირული და ადვილად ამოსაცნობი ხდება:
ვან გოგი = მოჭრილი ყური = სინათლე/ენერგია (ეს ძალიან გავრცელებული, „პოპ-კულტურული“ ასოციაციაა).

ვაჟა-ფშაველა = ციმბირის წყლული (ბიოგრაფიული ფაქტის პირდაპირი გადატანა).

ფიროსმანი = ჟირაფი/ყელი = აკადემიურობის უარყოფა (ქართული ესეისტიკის სტანდარტული კლიშე).
აქ არ არის „დაფარული პოეზია“ — ავტორი არ ტოვებს საიდუმლოს. ის ენციკლოპედიურ ცოდნას პირდაპირ პირისპირ გაჯახებს.
ის მკითხველს სთავაზობს არა ემოციურ თანაგანცდას, არამედ გამოცანის ამოხსნის სიამოვნებას: „აჰა, მივხვდი, ვაჟას ციმბირის წყლულში რასაც გულისხმობს!“
როგორც კი გამოცანას ამოხსნი, ტექსტი თითქოს იცლება და ხელმეორედ წაკითხვისას ახალ შრეს აღარ გთავაზობს.
ეს ლექსი არის ტიპური პოსტმოდერნისტული პუბლიცისტიკა პოეტური ფორმით. თუ პოეზიაში ეძებთ ღრმა მუსიკალობას, მრავალაზროვნებასა და დაფარულ, ამოუწურავ შრეებს — ეს ტექსტი ნამდვილად მოგეჩვენებათ ზედაპირულად, პირდაპირად და შესაძლოა პრეტენზიულადაც კი.
დიდაქტიკური მორალიზატორობა:
ბოლო სტრიქონები («ამაზე უკეთესს რას ასწავლიდნენ...») არის პირდაპირი ჭკუის სწავლება, რაც პოეზიას აბრტყელებს და პუბლიცისტიკად აქცევს.
ეს ლექსი უფრო სოციალურ-პოლიტიკური მანიფესტია, ვიდრე წმინდა პოეზია.

მაგრამ
ტექსტში არის ძლიერი ლოკალური, ურბანული სურათებიც: „კარტოფილის
სიმაძღრე“, „ლეღვის დიაბეტი“, „რბილი ზურგი მშობლების საფლავებივით“ და
„უჩრდილო ასგრადუსიანი რუსთაველი“. ეს ხატები ბევრად უფრო ორგანულია და
სცდება უბრალო „ენციკლოპედიურ ცოდნას“. მაგრამ ეს მეტაფორები იმდენად
უხეშია და ასევე პირდაპირი,რომ ნაცვლად ტრაგედიის ჩვენებისა ,უამრავ
მკითხველში ზედმეტ გაზვიადებად და უგემოვნებად შეიძლება იყოს აღქმული.თუმცა
ეს წმინდა გემოვნების საკითხია.ავტორს თუ მიზანი ჰქონდა ამ ლექსით სხვა

სულები გამოეფხიზლებინდა ,შესაძლოა მიიღო პირიქითა ეფექტი. თუმცა ჩემი
პირადი ვარაუდია, რომ უფრო იგნორს მიიღებდა ეს ლექსი ჩვეულებრივი
ნეიტრალური მკითხველისგან.მისი არამუსიკალურობის,პროზაულობის და ზემოთხსენებული
მიზეზების გამო. ხოლო ბაბლი სავარაუდოდ მინი შედევრად გამოაცხადებდა თავიანთ წრეში.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი