ადამიანის ხმა


ცნობათა ბიუროში ვრეკავ,
რომ ადამიანის ხმა გავიგონო,
არავის არ ვბაძავ, არავითარ კოკტოს!
ყველას თავისი სიჩუმე აქვს,
მეტ-ნაკლები სიმწარის ხარისხით.
ჯერ მრავალსიტყვაობა, ენამჭევრობა,
ლექციები კათედრების ბარიკადებზე,
ზედ, სისხლის წვეთებივით,
ციტატები ლექსებიდან,
მერე, მისი მარტოობა ბეჭდებიანი თითებით
ეხება ეგზისტენციას,
მე სარეველა ბალახს ვებღაუჭები,
ის ურეკავს კაცს, რომელმაც მიატოვა,
მაგრამ სადღაც არის, ყავას სვამს,
იასამანზე ლაპარაკობს, როგორც ქალზე
და, პირიქით, ესთეტიკას ეთამაშება!
მე ცნობათა ბიუროში ვრეკავ,
სადაც, მხოლოდ,
ცოცხლების ტელეფონების ნომრებს იძლევიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი