დაგვიანებული რეკვიემი


გ. ტაბიძეს
_ როგორ შეიძლება ერთი პურით
და ერთი თევზით ათასობით კაცი გააძღო?
შეკითხვა რიტორიკულია
და მასზე არავინ არ გიპასუხებს,
ან თუ გიპასუხებს,
მხოლოდ თავაღერილი კაცი,
განსხვავებით შენგან, მიწაზე თვალდაბჯენილისგან,
თითქოს ნიკაპის ქვეშ ხელი ამოგკრეს
და ზევით აგახედეს,
ხოლო ფეხების ორ სქელ ბოძზე შემდგარ
შენს ცოლს, რომელიც მუყაითი ჭიანჭველასავით
თავისზე სამჯერ მძიმე ტვირთს
ეზიდება სახლში,
ის კაცი თუ ეტყვის:
_ ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი,
ასეთი ცისფერი?
ამის მერე ისღა დაგრჩენია,
ან გიჟად გამოაცხადო იგი, ან ღმერთად,
რაც შენს თვალში, დაახლოებით, ერთიდაიგივეა
და სასწრაფოდ გაყიდო
არა იმიტომ, რომ ვერცხლის ხამი ხარ,
ან გეჩქარება კაცში ღმერთი დაინახო,
შენში უკეთესი შენ,
ცივი რძის ფსკერზე
შაქარივით დალექილი სევდა,
არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება
მიწაზე თვალდაბჯენილმა კაცმა
თავაღერილი კაცი არ გაყიდოს
და კაპიკიც არ უნდა თავისთვის,
ყველაფერს მას მოახმარს,
ნელ-ნელა გამოუზოგავს,
რომ ღვინოში ჩაახრჩოს
და ქვეყანას დაანახოს,
რომ ყველაფრით ჯობია
ამ წვერმოშვებულ ლოთს და ბოგანოს,
უშვილძიროს და აზრადაც კი არ მოსდის,
რომ იმ მთვრალ თავში
პაწაწინა ფიქრი კი არ ფეთქავს,
არამედ კაპელა დახვავებულა,
არა ხიბლი დარხეულ ყელთა,
ამღერებულ ჯგუფად შეკრული,
არამედ კაპელა, მკაცრად შავ-თეთრი,
მაგრამ მაღალი ბგერის წვეროზე
ისე უტიფრად ოქროცურვილი,
რომ
მზესუმზირების კაშკაშა თავებს
დღე შემოყავთ ქვეცნობიერის უკუნეთში,
რომელიც არის ლექსი
და რომელიც მის მხრებზე,
ქერტლისაგან გადათეთრებულ მაუდზე
თოვლივით მჭვირვალ და ბოძისფეხება ქალებსაც
ატარებს, ყველას, ვისაც მისი ცისფერი აღტაცება
ურჩევნია კანონიერ ლოგინს...
ბოლო იმედი-ღა გრჩება _
შეიძლება, ისიც საწოლში მოკვდეს,
როგორც ყველა მიწაზე თვალდაბჯენილი მოქალაქე,
მაშინ მიხვალ და თანაგრძნობას გამოუცხადებ,
როგორც ტოლს,
მაგრამ შენთვის თანაგრძნობა
სიტყვების მოცეკვავე რიტუალია,
მისთვის _ თანატკივილი,
რომელსაც ძველად თანალმობა ერქვა
და ახლა აღარა აქვს შესატყვისი,
მიზეზი, ალბათ, შეუსაბამობა
ჩახლეჩილ ყელსა და ნარნარა ბგერებს შორის...
მისი ლოგინიც ცივია და ცარიელი,
სამუდამოდ წაშლილი ტოლობის ნიშანი,
რადგან ვინ გაიგებს
მოწყვეტილი ვარსკვლავის გზა-კვალს?!
სად დაეცემა იგი და სად ამოსკდება
ცეცხლოვან ბუჩქად...
ჩემო პატიოსანო, დაბღვერილო კაცო,
შენ მას ომს ვერ მოუგებ
ვერც გარეგნობით, ვერც სიფხიზლით,
ვერც გახამებული საყელოთი
და ვერც მარგალიტებივით შვილებით,
რადგან მან იცის პასუხი
უპასუხო შეკითხვაზე:
როგორ შეიძლება ერთი ლექსით,
ისევე როგორც ერთი პურით და ერთი თევზით
ათასობით კაცი გააძღო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი