ამაო ოცნება ბორჯომის ხეობაზე
ჩემო ტყეებო! ჰორიზონტს რომ ალურჯებთ და აადვილებთ, შუამდგომლობას მიწევთ მთებთან, რომ გვერდით დამიყენონ, აკვარელით დახატული ქალაქელი და ზეთის ფერებით გამაძღარი გამიშვან უკან... ასე მგონია, ყველა ფოთლით ფიქრობთ ჩემზე, როცა ღვიძლი სახეზე სიყვითლეს მაფენს, სულ შემოდგომაში ვიცხოვრებდი, თქვენ რომ არა... ადრე შეღავათს მიწევდნენ ამის გამო, ახლა გაძვირდა თქვენი ნახვის უფლება, ფული ვერ გადავიხადე და ქალაქმა ნელ-ნელა დამიწყო წაშლა — ოსტატურად შესრულებულ ბატალიებში ვის რად უნდა ჩემი კამერული პორტრეტი? თან იმდენ ხანს ვიდექი ვარდისფერ მიწაზე ჟანგიანის საპირისპიროდ, მგონი, ბრძოლის უნარიც დავკარგე... რომ მომერევიან და მოვკვდები, მაინც მთებთან და ხეებთან ვიქნები, ამაში ფულს ვეღარ მომთხოვენ, აღარც წიგნებს გამომიქვითავენ ვალებში, რადგან არაფერი მაქვს უფრო ღირებული, ვარდისფერ მიწასაც ვერ წამიბილწავენ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი