ბედი მდევარი
მომდევენ, ცხელა, ფეხებზე რუკა მახატია, ლურჯმდინარეებიანი, ლამის უხმელეთო, რასაც ვენების გაგანიერება ჰქვია მათ ენაზე, ავადმყოფობა, მაინც მომდევენ, მეტი ჟინითაც, უნდა მირტყან, მომიკვეთონ, უცხოდ მაქციონ სახლისთვის, რომლის მუცელშიც დავიხატე ცარცით და ვარდისფერი ფლომასტერით, ჩემივე ძვლებით ამომფხიკონ იმ ატმოსფეროდან, იმ ქუჩიდან, იმ ქალაქიდან, რომლის ხასიათში ნაღმებია ჩაწყობილი და რომ არ აფეთქდნენ, პროზექტურის ყინულს უპირისპირებენ, მკვეთრს, თვალისმომჭრელს, კატეგორიულს, ჩემი სიტყვა რბილია მის წინააღმდეგ, ცოტა დაღლილიც, გლანდების გადალახვით, აფეთქებების ანარეკლი მაინც შერჩა... სიკვდილამდე ერთი სევდის ბაღი მაკლია, ბესიკ გაბაშვილის ღმერთობით იქიდან ვიღა გამომაგდებს ასე გამწარებულს სიყვარულისგან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი