ბედნიერი შური


კაცმა თქვა:
"ვარსკვლავიანი ცა ჩემს თავზე
და ზნეობრივი კანონი ჩემშიო" _
ეს სიტყვები მაშინ მაგონდება,
როცა ისეთი თავდახრილი ვცხოვრობ,
რომ გუბეში უფრო ვხედავ ვარსკვლავებს,
ვიდრე ცაში,
თან, შემიძლია გავსრისო, კიდეც, ისინი
დაფეხზე წყლის ძონძი ჩამოვიკიდო,
ისე შეუგნებლად,
როგორც ძაღლმა ან კატამ,
მართალია, ზოგჯერ გამახსენდება,
რომ უნდა გამოვეპარო
ტკბილი ცომისგან მოზელილ ეშმაკებს,
რომლებიც სახლის
მყუდრო ნაოჭებში სუფევენ
და სიტყვა ვთქვა, დავიწყებული, გუმბათოვანი,
მაგრამ ჩემი ტაძარი
ალაზნის ველზე დგას
და გედისყელისფერ სინათლეს
გამოსცემს ისეთს,
რომ მე უკეთესს
ვერანაირი სიტყვით ვერ ავაშენებ,
მე, რომელიც
მკვდარ ასფალტს ვმწყემსავ
და გუბე
ქვეყნიერების სარკე მგონია...
მაგრამ, ზოგჯერ,
ყველაზე უფრო მშურს კაცის,
რომელმაც არა კანონების კრებულს,
ძვირფას პედაგოგს,
ან დედას და მამას,
არამედ ვარსკვლავიან ცას
მოკიდა ხელი
და სათნოების მასწავლებლად დაგვიყენა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი