გადაარჩინეთ ჩვენი სულები
ეს ქალი მალე უნდა მოკვდეს და სულ უფრო ემსგავსება მცენარის ღეროს, რომელიც პატარა ხნით გაითქვიფა ადამიანებში და ისე გააბრუა მათმა ენამჭევრობამ, რომ შვილიც კი გააჩინა, მათს სახეს დაბუნებას მიმგვანებული, მაგრამ გულში მაინც მცენარის ღერო, რომელსაც დედისგან განსხვავებით ურჩევნია მიწაზე გართხმული ბალახი იყოს, ვიდრე თავმომწონე ადამიანი, რომელსაც ჯერ მზეს და მთვარეს ადარებენ, მერე კი შუაში მოიმწყვდევს წამლებით, ნემსებით, რენტგენის სხივებით შეიარაღებული კონსილიუმი (წელს ქვემოთ მთლად ურცხვი ვნება, წელს ზემოთ ცივი და მიუდგომელი გონება) და ზუსტი დიაგნოზის განაჩენს გამოუტანს. თან ისეთი კმაყოფილია, თითქოს ან გადარჩენა შეეძლოს მისი, ან ტკივილის შემსუბუქება... მიწაზე გართხმულ ბალახსაც რა შეუძლია? გარდა იმისა, რომ თავი მოგაგლეჯინოს, ან გაგაცოცხლებს, ან ვერა, მაგრამ მტლად კი დაგედება... ღმერთო რა ტკბილია ეს სიტყვა, ჩვენი ლექსიკონიდან პირწმინდად ამოვარდნილი. ისეთი ტკბილი, თვალებს რომ დახუჭავ, და გრძნობ, რომ შენი ზედა ქუთუთო ვარსკვლავიანი ცაა... მაგრამ თვალს გაახელ თუ არა, ცა ისევ თავის ადგილზე ავარდება, ხოლო სადაც კი გაიხედავ, თვალსაწიერზე, ყველგან გარდაუვალი კონსილიუმი დგას და ცდილობს თავისი დახვეწილი ლათინურით და უძლეველი ქიმიით ჩაკლას შენში მცენარის ღერო, რომელსაც ერთს-ღა შერჩენია ატავისტური უნარი მტლად დადების... არადა, იღუპება ჩემი ბავშვობის ქალაქი, ორ მტრულ ბანაკად დაყოფილი: ერთი მუჭა ჭირისუფლები და დიაგნოზდასმულთა უზარმაზარი არმია, ლოგინში ჩაცვენილი ციანოზის ლურჯი ყვავილები... ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, ერთი ენა _ დეპეშის და წაქცეული ბავშვის _ მტკივა, ვიღუპები, მიშველეთ! მეორე _ ხატოვანი და ქვეტექსტით დამძიმებული, მაგრამ პასუხის ვერ გამცემი ელვა-დეპეშაზე და ამიტომ მტრული, უცხო, გაუგებარი... და ღმერთო, გამახსენე, დიდი ხნის ნასწავლი და დავიწყებული უნარი, მტლად დავედო ადამიანს და შევეშველო მცენარის ღეროდ გადაქცევაში, უტკივილოდ, ულაპარაკოდ, უთალხოდ, ისე უბრალოდ, წაქცეულ ბავშვს რომ ფეხზე წამოაყენებ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი