გადასულია ყველაფერი წრესა და საზღვარს..


გადასულია ყველაფერი წრესა და საზღვარს,
მერყეობს ქვიშა ჩემს ხელებში და წყლისკენ გარბის,
ვეღარ ავაწყობ მე ცხოვრებას უახლეს თარგზე,
ვაჭრუკანები მომჩხავიან, მიგდებენ მასხრად.
ჩემს ცხოვრების წესს, უპატრონოდ დარჩენილ ტაძარს,
თავზე ხეები რომ ამოსდის, ზარების დუმილს
ომს უგებს ქონის მარმარილო, სიმრგვალე დუმის,
სახეებს დროშად მოარხევენ, ფართოს და მაძღარს,
რამაც თვალები დამიბნელა და, მაინც ვხედავ,
მესამე თვალით, ოქროს კვეთმა რომ დამაჭედა
მტკივნეულ შუბლზე, რა მკაფიოდ ვხედავ მათ ბოლოს:
უსულო, უტყვი, უთვისტომო, ხორცების ყმუილს,
მათი ზეცასთან შერიგება მშვენიერ ტყუილს _
მოდიდან გასულ პოეზიას შეეძლო მხოლოდ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი