გამოუსავლობა


თავისი ცხოვრება აღარ აქვს,
სხვისას უყურებს ჭუჭრუტანიდან
(ტელევიზორი, ბულვარული რომანები),
მუქთი ლაჟვარდი,
აქა-იქ _ შავი ნასკვები,
რომლებიც ყულფებად ვერ იქცევიან,
თვითმკვლელობა რომ სცადოს,
ტანზე კუნთები ბორცვებივით აზის,
ისეთი მტკივნეულია,
მწარე სიტყვების მალამო დროებითია,
შვება არ მოაქვს,
ბავშვი, რომელსაც ლამპა უნთია თავში,
არ ჰყავს,
მიწა, რომელიც გაათანაბრებდა
ბალახიან ზედაპირთან, სხვისია,
ცის საზღვარს ანგელოზები დარაჯობენ,
ატმებივით ხაოიანი ფრთები აქვთ,
ტირილს იწყებს,
_ ღმერთს ნუ სცოდავო!
აბა, რა ქნას?
ისეთი ხმა აქვს,
ხერხი რომ ხავერდში შეახვიო...
აღდგომა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი