დედაჩემმა ერთ რიგით მდგმურად გამაჩინა..


დედაჩემმა ერთ რიგით მდგმურად გამაჩინა,
თავში როგორ გაივლებდა ჩემს პოეტობას!
ეს მე ვიფიქრე,
სიგიჟისთვის სიტყვები ჩამეცვა,
მისი ბავშვობისთვის, როცა
მშობლებს უკლავდნენ
და მაღალ სიმინდებში იმალებოდა,
ერჩივნა, მწერი ყოფილიყო, ჭიანჭველა,
გარემოსთან გაიგივებული,
ვიდრე გამართული ადამიანი,
თუნდაც, სიმინდის მწვანე დროშით ხელში.
დროშა გამოწვევაა!
განსხვავებულობა _ დამღუპველი!
მე სულ სხვას ვხედავდი.
მარჯვენა ხელს რომ დროშა ეჭირა,
მარცხენას _ ინფარქტი,
კვირას წითლად ხაზგასმული
მზე ამოდიოდა,
ორშაბათს _ სარჩულის დამჯდარი ფერის, _
ამისთვის მინდოდა, სიტყვები ჩამეცვა,
მისი შიშისთვის.
ბოლოს ჩემგანაც კი ჩრდილში გარბოდა,
პრიალისგან, გაურითმავი მეტაფორებისგან,
ყოველგვარი სიკეთე უნდოდა ჩემთვის,
მაგრამ არ იცოდა,
თავიდან რომ ლურსმანს ამოვიღებ,
მაშინვე მოვკვდები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი