დევები


“რას მიცინი დევის ქალო,
რას მიელვებ თეთრსა კბილსა?!”
ხალხური
იწვნენ დევები, ბეწვაშლილნი და დაგეშილნი,
ვერცხლის ხმლებივით კრიალებდა მათი ეშვები,
საცრისოდენა თვალებიდან ირიბად წვიმდა,
ლაშებზე სისხლი შერჩენოდათ წუხანდელ ლეშის.
მათ არ შიოდათ და არ სციოდათ,
მაგრამ შეშურდათ უსუსური კაცების ბედი
და გაარღვიეს ცხოველურის მკვიდრი კედელი
და შინაური ხარებივით რქები სტკიოდათ.
მათ ყნოსვას აჰყვა შეხუთული სუნი სახლების,
სტიოდათ რქები, ნესტოები უცახცახებდათ...
მზე სისხლისფერი, რბილი ბალახი
ლეშის სუნი და უცნაური სუნი სახლების...
მზეთუნახავი დიაცები იდგნენ ერდოზე,
სპილენძის მძივი შემოენთოთ ოფლიან მკერდზე
და მათ სიზმრებში უცნაურად და გამომწვევად
რეკდნენ ზარები, ვერცხლისფერი და საქორწილო.
მეურმეები ოცნებობდნენ თეთრ აღზევანზე,
ადამიანებს შიოდათ პური და აღზევება,
ვერგანდევნილი სანთლებით და ღამისთევებით
ისევ ღრეობდა კაცის სულში ჯოგი დევების...
ისინი ჭამდნენ, ხვრეპდნენ არაყს, ერთმანეთს კლავდნენ,
მიწაზე ენთო უძლეველი ნადირის კვალი...
მერე სანაცვლოდ ლოცვების და თეთრი კრავების
წმინდა გიორგი არიგებდა სულსა და მკლავებს -
თეთრი მხედარი, გახვეული თემის დროშაში,
ბრძანებდა ღმერთი: არა კლათ და არა იმრუშოთ!
ნუ გაიტაცებთ მტრის იარაღს, ცხვარსა და ქალებს
და ურჯულოთა მეჩეთებზე არ დაგრჩეთ თვალი...
კაცებიც რწმენას, სურვილებს და ხარებს სწირავდნენ,
შვილების ნაცვლად ფიცულობდნენ თამარ პირიმზეს,
მაგრამ სიზმარში ზრიალებდა მშიერი ხმალი
და კბილებს თეთრად აელვებდნენ დევის ქალები.
და ძე კაცისა გაურბოდა ხატებს და ზარებს,
მას სჭირდებოდა რაღაც მკვეთრი, უზარმაზარი;
დიდი ცდუნება, დიდი შრომა და მწარე ვნება
დევის ქალები, ცოდვიანი სპილენძის თმებით...
და როცა ხატის წვიმასავით ალმაცერ თველებს
კვარი ყვითელ და ქრისტიან ხელს ააფარებდა,
უძილო ფშაველს, ოჯახის და საქონლის პატრონს,
ელანდებოდა: ხატობაში უწყალოდ დათვრა;
ეძებდა წყალს და არა კაცმა არ მისცა წყალი,
ითხოვდა პურს და ჩაუკეტა ჯილაგმა კარი,
ეძებდა მზეს და დაღლილი მზის მადლი გაუწყრა,
ანთებდა ცეცხლს და უპატრონო კერა ჩაუქრა...
საგნები თითქოს გამოექცნენ ხაზს და სიმყარეს,
გამოეცხადა მას უაზრო ურცხვი სამყარო:
თოვლში მწითური და ვეება ქალის თმა ეწყო,
როგორც დაჭრილი სისხლის ნადირის ბეწვი.
იდგნენ დევები, ბეწვაშლილნი და დაგეშილნი,
ვერცხლის ხმლებივით კრიალებდა მათი ეშვები,
მათ ჰქონდათ რქები, მეჩეთების ნახევარმთვარე,
მათ ჰქონდათ ძალა და არ ჰქონდათ სიკეთე ხარის.
ისინი იდგნენ უსუსური კაცის წინაშე,
იდგნენ ღამეში, უკუნეთში, ქარში, წვიმაში,
და პირდებოდნენ ადამიანს დევების ძალას
და აცდუნებდა ადამიანს დევების ქალი...
მათ ჭირდებოდათ, ჭირდებოდათ კაცების სული
და როგორ ჭირდა ლეშის ფასად მისი დათმობა!
და ხელებიდან იღვრებოდა წითელი სილა _
დევის ქალების ცოდვიანი სპილენძის თმები...
ხოლო კაცებმა არ იცოდნენ, რა იყო სული...
იქნებ ის იყო საკუთრება, ვითარცა ხმალი,
ან იქნებ, როგორც თვალისჩინი ღმერთმა ასესხა,
იქნებ, ის იდგა უპეებში ლურჯი წყალივით,
იქნებ, სხეულში ამღვრეული ლუდივით ესხა?
იქნებ ამ სულმა აგრძნობინა ხეების სისხლი,
ნადირის ენა და კლდეებში ყვითელი სიცხე?
მან შეიყვარა ნაშიერი და ცოლი თვისი
და მოყვასივით შეიბრალა მოსისხლე თვისი,
არა იმიტომ, რომ სიკეთე უხვი, ვეება
ჩვეულებრივი შიშის ფასად ეყიდათ დევებს...
და ძე კაცისა ხმალს ფერავდა, ისხამდა აბჯარს,
ებრძოდა დევებს, უზარმაზარ, ულმობელ ზღაპარს
და ჭრილობიდან მოდიოდა ნამდვილი სისხლი
და მზიან მკლავებს ადუნებდა სულეთის სუსხი...
და მან იცოდა, ამ სიმაღლეს თუ კიდევ შერჩა,
მისი სხეულის სიფრიფანა და მყიფე ჩენჩო,
თუ გაუძლებდა და ამ ზღაპარს თუ დაიტევდა,
უზარმაზარი მოვიდოდა ქვეყნად სიკეთე,
რადგანაც კაცი დროშასავით სიმაღლეს შერჩა _
ულამაზესი, მახლობელი და სასაცილო...
მას უყვარს შენი შეცდომებიც, შიშიც, კაცობაც,
მისთვის ტკივილი მდინარეა, მზეა სირცხვილი...
ის შენი ძმაა და ის ებრძვის ქარის წისქვილებს.
მაგრამ თუ გულში ჩაუვარდა ახალი მთვარე,
მოეძალება რაღაც მძაფრი, უზარმაზარი:
დიდი ცდუნება, დიდი შიში და მწარე ვნება,
დევის ქალები, ცოდვიანი წითელი თმებით...
მერე დილამდე
ებრძვის ჭრელ და ულმობელ ზღაპარს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი