0 153

დეკადენტური სონეტი


ვინ არღვევს ღობეს და ვინ ადგენს უხილავ მიჯნას
ოქროს წვეთები ტალახივით უჟმურ მადანში
განელებული აბრეშუმით მზე დეკადანსის,
თუ ჩავარდნილი ტვინში ჭია, ჩუმად მქენჯნავი?
ჯერ აივსება ვარსკვლავებით წყლიანი გეჯა,
გუბედ იქცევა გასრესილად, ხელი თუ ახლე,
გაფურჩქნილ ხატებს სილოგიზმის ეკალი ახლავს,
თოთო ბავშვივით ეომები საწოლის თეჯირს...
ვერ ერევი, თუ ვერ ელევი კედლებს და ჭერებს,
პურში ღმერთს ხედავ, გამეტებულს, ჭიქაში _ ემბაზს,
გფიტავს და გტეხავს ბოლოს ბედი ოხერტიალი,
მაგრამ ჯერ უნდა იყვავილო თმის ყველა ღერით,
რისი საზღვარი, ვისი ჭერი, ო, ჩემო რემბო,
მთვრალი გემივით ქვეყანაზე მოხეტიალე!
კომენტარები (0)