ვარდები ქალაქის მოედანზე


არ ვიცი, რა მოხდა,
ამ ცხელ, ჩახუთულ, ჩაგუდრონებულ ქალაქში
რატომ გაგიჟდნენ ვარდები...
ვუყურებ მათ და მგონია,
ათასი პროჟექტორი მომაშუქეს,
წითელქაღალდაფარებული,
თითქო მსოფლიოს ყველა თეატრმა
მოიცალა ჩემთვის...
ზურგს შევაქცევ
და ქეჩოში წამავლებენ ხელს,
უცნაურ ხელს,
რომელსაც მზე უძგერს მაჯაში,
ისეთი ამომავალი და ალისფერი,
როგორც მწითური ბავშვები,
ღამეც რომ ვერ იქრობენ
თმის ძირებსა და ჭორფლის კოპლებს,
ამიტომაც ეშინიათ მათი ადამიანებს _
სახლის ბუდეში ვერ ჩადებენ
თბილად და მორგებულად
და ცოდვის შვილებივით ქალაქს მიუგდებენ,
რომ მერე, ერთ უჟმურ დღეს,
ქალაქის ყველაზე გადატვირთულმა მოედანმა,
წითელი პროჟექტორებივით ამოაშუქოს
ერთი ჰექტარი ვარდები,
თუ მიწაში ჩარგული მწითური ბავშვები,
რომლებსაც შეუძლიათ
უბრალოდ, ძალდაუტანებლად
ადამიანის გამხნევება,
როცა ის ისეთი უმწეოა,
თითქოს კანი სულაც არა აქვს
და პირდაპირ სისხლით ეხება სამყაროს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი