ვახუშტი კოტეტიშვილს
“ეგება ვეფხვის დედაი ემზე მწარედა ტირისა”. ხალხური ხომ შეიძლება, მე იღბლიანმა მონადირემ, გადავიარო ჭიუხები და ისე როგორც ასი წლის წინათ, შემომხვდეს ვეფხვი, ის მოდიოდეს ყვავილოვანი მინდვრების მხრიდან და უძველესი წყევლა ამიხდეს: მზე დამიბნელდეს, ხმალი ვადაში გადამიტყდეს... მაშინ მე უნდა მიშველოს მიწამ: ჩამაგდოს თბილ და მსუყე წიაღში და ჩემი ჩრდილი აქციოს მინდვრად... მაგრამ მე მიწა არ მიშველის _ მთელი სიცოცხლე მე ფეხქვეშ მქონდა ნიადაგი მხოლოდ სიზმრების და უჩვეულო სახეების... და ახლაც ვეფხვი _ მოსისხლე მტერი, ჩემს აღმოსავლურ და ზანტ ხილვაში, მოდის, როგორც მზე. ასეთ მზეს მოაქვს სასტიკი გვალვა... და თუკი მართლა გიყვარს შენი უცნობი ძმები, _ შენში შემოვა თიხის ლაზარე და ამ გვალვას შეეწირები, ოღონდ მათთვის მოვიდეს წვიმა... მაგრამ უეცრად ჩემი სამსხვერპლო სხეულიდან გამოდის როგორც უმწეო ბავშვი, რომელიღაც გაძარცული სვეტიცხოველი და მევედრება: _ მზე დედაა ჩემი... მე ვიცი, მაგრამ ბრძოლა უკვე არ შემიძლია; ნუ გამიწყრები, ჩემო სინათლევ! და ელანდება გაყინულ ხელებს რაღაც ნატიფი და საშინელი, ალბათ, ბუსუსი მწიფე ატმების... მაგრამ თუ ჩემი მორყეული სამყაროს მიღმა აიშვებს მიწა, რომელსაც ქედზე უღელივით დავადგი ტაბუ, და მაპატიებს უაზრო სიზმრებს, ჭრელ სახეებს, მე მეგონება, რომ მოვიდა პურის მცენარე და ოქროსფერ სიკეთეს მაძლევს... მე მეგონება, რომ ძველისძველმა ზარხოშმა ალღომ მოიყვანა ჩემთან ვენახი, რომელიც დათმობს უკვდავებას მცენარისეულს, რომ ერთი წუთით განკაცდეს ჩემში... მაშინ მე მოვკლავ ამ ლამაზ ნადირს, რადგანაც მზე დედაა ჩემი, რადგანაც მინდა ვუთხრა მეგობრებს: _ მთელი სიცოცხლე ჩვენ დროშასავით მიგვქონდა მაღლა მოაზროვნეთა თეთრი შუბლები, მაგრამ ოდესმე თუ დაგჭირდათ დროშა სხვაგვარი, _ წაიღეთ ჩემი ტანსაცმელი, მზით გაცვეთილი, გადააფარეთ ოქროსფერ ცხენებს და გამაზღაპრეთ, მე გაძლევთ ნებას, ნუ გადაიტანთ ჩემს ძვლებს ქალაქში, ცხვარს ნუ დამიკლავთ, მე არ მჭირდება ცრემლიანი პანაშვიდები, ოღონდ მიეცით დედაჩემს ძალა, რომ დედა-ვეფხვი შეეცოდოს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი