თავისუფლება?


მაგნიტური დღეები,
ამოვარდნები, გადასახადები,
წარსულის გაიდეალება
მართლა, იმ ვარდბულბულიანი
პოეზიის შვილი ხარ?
რაზედაც შენს შვილებს ეცინებათ,
კი, ეგუები ყველაფერს, ეჩვევი,
ისტორიული მოქნილობა -
"ვითარცა ლერწამნი
ქართაგან ძლიერთა" -
ტანის ყველა უჯრედში
გამჯდარი მეხსიერება...
მორიგი დივერსიის შემდეგ
მოსული შუქი, ტელევიზორი,
ჰოლივუდი, ვაშლების პრიალა კანი
დეკოლტეებში,
გეი-კლუბი თბილისში,
სიახლე, თავისუფლება,
ბილწსიტყვაობა,
ლამის მეტაფორული...

გინდა მიწაში?
რომელიც დედაა, რომელიც თბილია,
საიდანაც ხეები ამოდის,
ოღონდ, შენ ვეღარ ხედავ,
იმასაც ვერ დაინახავ,
თებერვლის ბოლოს
როგორ იზრდება დღე,
სულ ცოტათი, სულ ერთი საათით
და კი აღარ ვარდები,
ოქროსფრად გადადიხარ სიბნელეში,
მცენარესავით, თუ დაგაცალეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი