თვითკრიტიკული სონეტი
სამოთხე კია საქართველო სხვისთვის და სხვისთვის, ჩემთვისაც, მაგრამ უკვე ვიცი გულით და თავით ხავერდოვანი ნიავები უფრო ფიტავენ, აქ უფრო მკვეთრად, უფრო მეტი იღვრება სისხლი კი, მართალია, ყველა ჯოხი ყვავილებს ისხამს, ყველა ქვა ფიქრობს, ემოციებს იოკებს ბავშვი, ნიჭიერები თავის ბოღმას ხარშავენ ქვაბში, რომელსაც ლექსად მოგაჩვენებს დილა სისხამი. სიტყვებს არა აქვთ ზომიერი, ზუსტი მიზანი, მათი წყალობით უცხო წალკოტს აგიშენებენ, ვარდ-ბულბულიანს, ფარვანიანს და აღზევებულს, რაც უნდა უმტრო, მერე აღარ გაგაძევებენ, ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ უყვართ სუსტი, ხიზანი, მიწას კარგავენ, მერანს ცაში მიაჭენებენ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი