თქვენ გიყვართ ბახი?


ბაროკო ყველგან, კედლებზე, ჰაერში
ჩამომტვრეული ბრინჯაოს ზეზი,
ანგელოზები სუფევენ ჭერზე
ის დგება ფეხზე და მეგებება,
დაგმანულ ფანჯრებში შუადღე ჟონავს...
და უკრავენ სრულიად უცხო ბახს;
კლავესინზე მიყინული ნატიფი მაჯები
და რუშები, უნაკლოდ ქათქათა,
რუშები სამწყება, შვიდწყება, ასწყება,
რუშების გახამებული აპოკალიპსი
და უცებ ანგელოზების
ოქროვანი სასიდან
ჩუმი, ქართული, უმხურვალესი:
_ წმინდა გიორგი, მეოხ ეყავ ჩემს სათნო მეუღლეს!
მე, ყვრიმალების და ლავიწის ძვლებად
ქცეული, ვეკითხები:
_ რა დაემართა თქვენს მეუღლეს?
_ ალბათ, მოეძალა
ნარინჯისფერი სტიქია ღრიანკალის,
და თავი მოიკლა...
_ მერე თქვენ?
_ მე ბახს ვუკრავდი და არ გამიგია...
მოხუცი მელომანი, მელნისფერი თმები,
თვალებში უბიწო ლურჯი მინანქარი,
ნატიფი მსახური მელოსის...
მთელი სიცოცხლე იმეორებდა:
წმინდა გიორგი, მეოხ ეყავ
ჩემს სათნო მეუღლეს...
მაინც აჯობა ღრიანკალმა,
ღია ფანჯრიდან
ქვებსა და ღორღს დაასკდა მისი მეუღლე,
უწია ზოდიაქომ,
ნაღველი ჩაექცა და სახე მოერღვა
წალეკა ღრიანკალის ბრდღვიალა სტიქიამ...
მე, ყვრიმალების და ლავიწის
ძვლებად ქცეული, ვდგავარ...
მოხუცი მელომანი მეკითხება ზრდილობის გამო:
_ თქვენ გიყვართ ბახი?
_ და მერე როგორ!
ორი ხის წვერზე მიმაბან ორივე ფეხით,
და როცა ხეებს აუშვებენ,
ჩემი კივილის სიმაღლეზე
მზე ჩამიცდება სასულეში
და გაგლეჯილი ფორებიდან
სიმწრის ოფლივით გამოჟონავს,
ცას კი შეიძლება შეეშინდეს,
მე _ სისხლის კოლტი მტკივნეული,
მზე ვეგონო და ორი მზის ერთად შეეშინდეს
და გამაზავოს უვნებო თეთრი საღებავით...
_ მე ბახზე გკითხეთ!
_ მაგრამ ასეთ ცას მე ვერ ვნახავდი
ათასი წელი რომ მეცოცხლა...
ბაროკო დუმს
და უამრავი მისი ბზარიდან
სისხლადქცეული ბრინჯაო წვეთავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი