კედელი


ჩვეულებრივი სახე,
რბილი, ვარდისფერი,
ყვრიმალებით და შუბლის ძვლებით
გამკვეთრებულიც კი არა,
კედელივით დგას
ჩემსა და მზეს შორის
რომ არ დავბრმავდე?
სიცივით რომ სული გამძვრეს?
რა ურთიერთობას ვთამაშობდით!
მას უყვარდა ბოდლერის "მძორი"
და უხრწნელი ანატომია,
მე გალაკტიონის "რომელი საათია",
ღვინის წვეთებით დაკოპლილი დრო
ამაში თანვხვდებოდით.
პოეტები - მწიწკნავი აზრები
ერთმანეთზე, მაინც ერთად
საყოველთაო პრაგმატიზმის წინაშე
თუ პირიქით?
ამასაც გავუგებდი,
მაგრამ კედლობას?
კედელთან ავტობუსი უნდა
გაჩერდეს,
შეიძლება, ზედ მიასრისოს კიდეც,
ვინმე, ჩემისთანა,
იმ ბედნიერ პაუზაში,
როცა სახლიდან ახალგამოსულია,
ახალდაბანილი და მსუბუქი ტანი
ჯერ კიდევ, ღმერთის საჩუქარი
ჰგონია...
უზმოზე კედელს ვერ მოინელებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი