ლიტერატურული სარჩული


ხეებია, მდინარეა, მაინც ყველაფერი
უფრო ქვასავით იკვეთება, ვიდრე შრიალებს...
ამ ყველაფერში ვარ ჩამხობილი,
გადავკეტე ყვირილი ვიბრაციის ბოლომდე,
მორჩა აღტაცება ლიტერატურით:
ცალკე _ ტექსტი, ცალკე _ სქოლიოების კუზი;
იარონ და ზიდონ თავისი
უკუღმართი ესთეტიკა სიკვდილამდე,
მას მერეც, რა ჩემი საქმეა?
ჩვეულებრივი ხეები მაქვს თვალწინ,
არამოფიქრალი, მდინარე _ უშროშანო,
ტალახიანი,
ამასობაში გულზე მჩხვლეტენ
ფრანგი პოეტები (ნემსები ოქროსია),
ვან გოგმა რომ ყური მოიჭრა,
ამაზე მეტი რა უნდა ქნა?
შენივე მოგონილი ველოსიპედი
მიიჭედო გაგიჟებულ მენიერზე?
`ქაცვია მწყემსი~ დაწერო?
მერე, გადახვეწილი გურამიშვილი?
გაგდებული, მოკვეთილი, მოკლული სხვები?
შესაბამისი ნახტომების აღმოჩენა
საკუთარ სისხლში...
რამდენი სხივი სჭირდება ღმერთს
ჩვენი სარჩულის გასანათებლად!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი