მეტამორფოზა


შეუმჩნეველი კაცი იყო,
მთელი სიცოცხლე
ქალაქურად მოხრილი მხრებით
ოჯახისა და სამსახურის ჯვარს ატარებდა,
მაგრამ როდესაც მისი შვილების
ფრინველივით გაწელილ ყელში
ჩამდგარ წკრიალს
მსუყე შეჭამანდს დაასხამდნენ
და კოცონივით ჩააქრობდნენ,
ის გავიდოდა მაშინ სახლიდან,
ხელებს უღონოდ აიქნევდა
და ხედ იქცეოდა,
ხოლო შვილები - ვარსკვლავებად,
მის ტოტებზე ჩამოსხდებოდნენ
და გამჭოლავი სიახლოვე იყო მათ შორის...
ძალიან მალე
ტკივილის სიბრძნეს ეუფლებოდნენ
და ნირშეცვლილი ბრუნდებოდნენ
ბავშვები სახლში,
რომელიც ყველა კუნჭულიდან
შელახული თეთრეულის ვარდებს აფრქვევდა...
მაგრამ ის კაცი, ხედ რომ იქცა,
და ცას შეეხო
არც თუ ისე მაღალი შუბლით,
ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდა,
მას სიკვდილივით ეშინოდა
ნახვა შვილების,
რომელთა ლტოლვა ვარსკვლავებისკენ
მაინც ჩაახშო
ნოყიერი საჭმელების ხვატმა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი