მეცამეტე სართული


“რა მაღლა ცხოვრობთ!” და ირიბად დავამატებდი,
ცაზე ვკიდივარ თვალსაჩინო მაგალითივით,
როგორ არ უნდა გაგიჟდე და კიბეს მისთხოვდე,
რეცხო და ხარშო, მაგრამ ბნელში არ ანათებდე.
არ იგონებდე სიტყვებს, სკამში სულს არ ხედავდე,
გენატრებოდეს ჩვეულებრივ ქუჩაში გავლა
და არა წყალზე, თორემ ისე გაგივა ყავლი,
რომ ჩაქვავდები სარკეების ოთხკუთხედებში.
სადმე, კედელზე დაგკიდებენ, ისევ, ირიბად,
თმაში ლურსმნები ამოგივა, როგორც ეკლები
მაგრამ მზერაც თუ გადმოვარდა ოქროს ჩარჩოდან,
დანით მოგჭრიან, დაგირგავენ ფონში ტირიფებს,
თვალი კი წავა, გზაზე მერცხალს გადაეყრება,
შენს სურათს ცაში წაიღებენ და გადარჩები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი