მთლიანობის სონეტი


მე დავიღალე სიძლიერით, მე მინდა დედა,
ის, ადრინდელი, ძალიან მხნე, ძალიან უხვი,
გადამეფარე, მშვენიერო, თეთრი კრუხივით,
თვალის კილოდან ამომიღე ნატეხი სევდა!
სხვა ვერ მიშველის, არ ეყოფა უანგარობა,
უეშმაკობა, გაზომილი დროცა და სივრცეც,
მეც, ოქროს წყალში გავლებული გულიც რომ მივცე,
ჩემს საუფლოში არ მოვუშვებ მაინც არავის.
ან ვის რად უნდა კოჭლი სკამი, საწოლი რკინის,
პური და წყალი, უსახური დარდი თვალებში,
ძილის წამლებით გამაძღარი ვეშაპი _ ღამე,
როდესაც კაცი, შეგნებული, მიტეხავს მინას,
რაც მისთვის ნიშნავს აღგზნებულ და ბრჭყვიალა წამებს
ჩემთვის _ კაცისკვლას და ვინა მთქვა მე მის გარეშე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი