მორბენალთა სახელით
მე მორბენალი ვარ, ერთი მრავალთაგანი, ჩვენ ყველანი თითო ცოდვით მძიმე ან მსუბუქი ვართ ერთმანეთზე, მაგრამ მე ერთი ნაბიჯით წინ გავრბივარ, ხელწაკრული პირველობისკენ. ეს მე ვქმნი შთაბეჭდილებას, რომ მთელი ქალაქი დარბის _ სულ ბოლოს ქალები მორბიან, ისინი, წესით, მყარად უნდა იდგნენ მიწაზე, მაგრამ ქარში თავს აიწყვეტენ და დარბიან, ერთი მათგანი მე მომდევს მწითური, როგორც შემოდგომის ნეშო, რომელიც ფეხქვეშ გაგებული, ხალიჩას გავს, ან ჩამქრალ კოცონს, და ერთადერთი ნეტარებაა გრძელ დისტანციაზე მორბენალისთვის... მაგრამ როცა მას ქარი მოაფრიალებს ისე, რომ გეგონება, ხანძარიაქალაქში, ან დროშები გამოფინეს, ან მთავარ ქუჩაზე წითელი ტიტები მოცელეს, მე მხოლოდ ათას ენას ვხედავ ძაღლისას, მდევარს ვხედავ, რადგან ბუნებით დევნილი ვარ, მორბენალი ვარ... ამასვე ხედავენ სანახაობაზე ხარბი დამწყები მორბენლებიც, ჩემს მომდევნოებს პირველობა უნდათ და ცდილობენ თავიდან მომიცილონ: აივნებზე და ფანჯრებში გამოფენილ ხალხს კი (ხალხს იმათ ვეძახი, ვინც ასაკის გამო სირბილს თავი დაანება, უმოძრაონი მზემ გააზანტა, წვიმამ თბილი ხელი შუბლზე მიადო და ჩააფიქრა). ამ ხალხს აინტერესებს, შეუძლია თუ არა ვინმეს ჩემი თაობიდან, რომელიც სირბილში ახერხებს ანბანის სწავლას და გამრავლებას, ერთი წუთით შეჩერდეს, კედლების თეთრ, ჩლუნგ სახეებს მოწყვიტოს თვალი და გაიხსენოს რომელიმე დავიწყებული სიტყვა, მაგალითად "ამაღლება", საჩოთირო სიტყვა, თუ მისი ლურსმნებივით ბგერებიდან სისხლი არ წვეთავს... რა ვიცი, შემიძლია? ან ჩემს ტვინში მოცელილი ტიტები ძაღლის წითელ ლაქუცა ენებს მივამგვანო და არა მდევარს, შემიძლია? ხალხი ამბობს: _ გაზაფხული მოვიდა! ამასობაში ჩემზე ერთი ნაბიჯით უკან მყოფნი მეწევიან, მათი მოზეიმე სახეები ისე პრიალებენ, როგორც პირველობის სიმბოლო ჩემს მკერდზე, ან როგორც სპილენძის უხმარი ტაშტები, რომლებიც უკვდავებას ეთამაშებიან. ვინ შეგარჩენს მოსეირნე ნაბიჯის ფუფუნებას... და მე ვეწევი საკუთარ სიმბოლოს, უკან ვიტოვებ გაბრაზებას, აღტაცებას, ბოღმას. ქანცგაწყვეტილი ქალი ავტობუსიდან ჩადის, თითქოს უფსკრულში გადავარდა... ხალხი ისევ ამბობს: _ გაზაფხული მოვიდაო, მაგრამ ამ სიტყვებმა დაკარგა სიტკბო და შეკითხვის იერი მიიღო; მე კი ვიცი, რა ცეცხლით სუნთქავდა იმ ქალის თმა, მაგრამ მე ხომ პოეტი არა ვარ, მე მორბენალი ვარ, უკან უამრავი ხალხი მომდევს. აბა დაუყენეთ რაგინდარა ცხენს შუაგზაზე ცეცხლწაკიდებული ადამიანი, გაგიჟდება ცხენი და გადაიჩეხება და, შეიძლება, მთელი ჯოგი თან გადაიყოლოს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი