ნოსტალგიური სონეტი
რას ვინატრებდი? დაბრუნებას ოცი წლით უკან, თავით მყინვარწვერს რომ აწყდები, ფეხებით ვაკეს, ტკბილი რძეებით რომ არიან ძროხები მაკე, თაფლი რომ ნიშნავს ყვავილების ყვითელ ბუტკოებს, იქით რომ წახვალ, სადაც ქარი მიგერეკება და უმიზეზოდ შეიყვარებ ვიღაცას ისე, თითქოს, გაჯობა, მოგიღრიცა კისერი მზისკენ, სულ სხვა, ახალი, გამოგიღო თავის ნეკნიდან. ხომ ვერ იფიქრებ, ამ სიახლეს რამე თუ შეცვლის, ფერს გაუმუქებს, ფრჩხილებივით დააძრობს ხორკლებს, ვიღაცა მოვა და გაითბობს ხელებს იმ ცეცხლზე, რომელიც წვავდა, ბატონობდა, ხანძარს თესავდა, ვიღაცა მოვა და დამადებს სიმშვიდის ბორკილს და მყუდროების სასარგებლოდ გაილექსება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი