ომივით მოვარდა მოგონება..
ომივით მოვარდა მოგონება: სპილენძის მუსიკით, ხიშტზე წამოცმული გულით თუ გახლეჩილი ლეღვით, რომელსაც გულის ფორმა ჰქონდა და სიტკბო, ჭაობივით ჩამთრევი... შემოდგომა იდგა ქალაქური, თავშეკავებულად ფერადი, სპილენძის მჭახე ხმა პირდაპირ ჰაერში აწითლებდა ფოთლებს, სანამ მიწამდე მიაღწევდნენ, ერთიანად ჩაჟამებული ქალაქი კი მშვიდი იყო და უვნებო, წინასწარ წაგებული ომივით. სწორედ ამ დროს, ჩემი შვილი უაღრესი ხარისხის სისასტიკით მეკითხებოდა; როგორ შეეძლო ბარათაშვილს, კანცელარიის ჭორიკანა მოხელე ყოფილიყო... ლეღვის ნაყოფის მოხაზულობა ჯიუტად იმეორებდა ჩემს გულს, პაროქსიზმებისგან დროშასავით აფრიალებულს, და მე გავიხიზნე მთაში, სადაც გვიანი შინდი გაანელებდა ლეღვის ჭაობივით ჩამთრევ სიტკბოს და მხოლოდ ჩამოვარდნილი ფოთოლი გაფხაჭნიდა განაზებულ ყურს... ქალაქში მოვარდნილი ომი კი ჩემმა შვილმა უნდა გადაიხადოს, გავიდეს ბრძოლის ველზე და იქ გამოაწრთოს და შეარბილოს თავისი უაღრესი ხარისხი, მალე მეც დავბრუნდები ქალაქში, სადაც არაფერი არ შეცვლილა, შემოდგომა ისევ სანთელივით წვეთავს, თითქოს სპილენძის საყვირების ისტერიკა წითლად არ გაეფოთლა ტანზე სულ ცოტა ხნის წინ... ჩემს შვილს ისევ აწუხებს დიდი პიროვნების გაორება, თუმცა მე არაფერს აღარ მეკითხება, მე მგონი, არც ომია წაგებული, სიცხეებიც ჯერ არ გატეხილა, მაგრამ ხალხში ამბობენ, მარიამობისთვეში ყინული ჩავარდება წყალშიო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი