პალტოს იცვამენ წეროები
ისე დავემგვანე საკიდარს, ვერ შეივსო და გაფრინდა პალტო. რომ შემეძლოს, წეროების მწკრივში გავამწესო და გავუშვა უკეთეს ქვეყანაში! სინათლით და სითბოთი უკეთესში და არა პეიზაჟით, ან ლექსით, ან ნახატისთვის ყველაზე მომგებიანი ფერის და ფორმის ბროწეულით... ვერცხლის კოვზები ბავშვებისთვის, გედისყელიან ფინჯანში ყავა, უსათუოდ, შაქრიანი, რამდენი სიამოვნებაა ამ ცხოვრებაში, რომ სიტკბო მოიკლო? პალტო მაინც არ ჩაგეცმევა და შენი უხორცობით გაბეზრებული ნიშნს მოგიგებს, რომ წასვლა კი არა, გაფრენაც შეუძლია და ბევრჯერ გალანძღული შენგან, გახეხილი იდაყვების და საყელოს გამო, თავსაც მოგანატრებს, რომელიმე, მწვანედ აღაღანებული ქვეყნით, ჟანგიან რეცეპტორებს გაგიღიზიანებს რუსთაველის ბოლოში, პათეტიკური სახელწოდების მოედანზე, მის კვალს ვკარგავ ცივა, ვოცნებობ ჩაიზე, მაგრამ ფული ჯიბეში დამრჩა, უფრო სწორად, ცაში... დღის 5 საათზე უკვე ღამდება, ჯიხურებიდან მზესავით მოჩანს შხამიანი ყვითელი ფანტა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი