პენელოპე


ვუძღვნი მანანა ღარიბაშვილს
არა და არ მოდის
ზღვაზე დასრიალებს,
ანუ ორ ხმელეთს შორის
გაწოლილ ჰომეროსზე
მის სიბრმავეს აპატიე
ქალების ლამფები და პროჟექტორები,
ზღვის სიპრიალე!
ვის უნახავს პრიალა სიყვარულის?
იმ შენს გაუთავებელ ქსოვილსაც,
უკვე, ხორკლები აყრია,
არფებმა მამლების წითელი ბიბილოები
გამოიბეს – ანტილაჟვარდი
ანგელოზების გლუვ თავებში
ჩატენილი კაკაფონია
რას ერჩოდი?
ისე რბილად ფიქრობდნენ შენზე...
და რა მოგცა მოთმინებამ?
რამდენიმე ნორმალური კაცი
რომ განასკვო,
ერთი სიგიჟე არ გამოვა?
კეთილხმოვანება ბრმებს დაუტოვე,
ფილარმონიებს.
მოჰერისგან მოქსოვილ ოჯახებს,
დაყველილი სირბილე!
თეფშზე ჩანგლის გასმა
უფრო არ გამოაფხიზლებს კაცს?
ყურებს ცვილით კი არ დაიხშობს,
მოიჭრის და სიგიჟის საბუთებივით
მიუგდებს იმ დროებით ქალებს...
ყველანი ცოტათი პოეტები ხართ:
შენც, ისიც, ორ ხმელეთს შუა გაწოლილზე,
ხომ ლაპარაკი ზედეტია...
ბრმა რომ იკითხავს: – რა არის ლურჯი?
და შოპენის ეტიუდში ჩააყოფინებენ ხელებს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი