რა დროს პოეზიაა?


როგორ გათავდა გულჩვილობა და სიძლიერე,
ვარდის ბუჩქები გადაიქცნენ მავთულხლართებად,
ქონდრის კაცებიც გადაშენდნენ, გოლიათებიც,
დარჩა ქვეყანა, საშუალო და ზომიერი.
აღარც იერი საკუთარი, შიში და თალხი
და ერთი აზრი, მკრეხელური, გონებას მიბნევს:
მზემ რომ გახვრიტოს ყურის აპკი და თვალის ლიბრი
და გაურყვნელი კულტურისგან, მარტივი ხალხი,
ალაპარაკდეს თეთრი ლექსით, გაზომოს ბედი
იმ ელინური სისავსიდან ჩვენს ნაკლულ დღემდე,
გულში სინათლეს დაელოდოს, სულის მოფენას!
მაგრამ თავს იკლავს პოეზია უარყოფილი
და აღარ ვიცი, მესიზმრება თუ ცხადში ვხედავ _
მოფრინავს ჩიტი და მეცნობა მისი პროფილი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი