როგორ შეგიცვლია ცხოვრების ნირი..


როგორ შეგიცვლია ცხოვრების ნირი...
მოგბეზრდა ხეტიალი,
შეგიყვარდა ფუფუნება
მკვიდრი და მსუყე,
როგორც ქაფქაფა რძის თავზე
პირშეკრული ნაღები...
გახსოვს, როგორ იცინოდი
ხორხამდე ჩახსნილი ყელით,
იქიდან კი სპილენძის მადანი ასხივებდა _
პოტენციური სასულე ორკესტრი...
ან როგორი სიყვარული იცოდი,
ხელისგული რომ მიაფარო შუადღეს,
თაფლი სდის რომელსაც
და ფუტკრების ცხელი შხეფები
დაგასხდნენ ტანზე...
ან რა დღეში გაგდებდა
ერთი უხიაგი სიტყვა,
თითქოს ჭინჭრის ბუჩქებში ჩავარდი...
ახლა კი საკუთარ შვილებს
მშობლიური იმპერატივის სუსხი დაატეხე თავზე,
გეგონა,
ნაღების ფითქინა კარავს შეეფარებოდნენ,
ისინი კი პირდაპირ ქუჩის ყბაში ჩავარდნენ
(ჯოჯოხეთის ნულოვანი გარსი,
საიდანაც სიცოცხლის ათვლა იწყება)
და ვინც გმირად ჩაიფიქრა შემოქმედება,
ცოცხალი და ცხრაწრეგამოვლილი დაბრუნდება,
დანარჩენი კი ოთახის შპალერს აეწებება
უმწიფარი ნაყოფი, ქოსა, ბერწი,
ფუფუნების მემკვიდრეობით მიმღები,
თავის დროზე რომ შეგეცოდა მცხუნვარე ტკივილისათვის
და დახოცილი ფუტკრების ნატზე დაატარებდი,
ამიტომ იმ ყელის ჩამხევი სიცილითაც ვერ გაიცინა,
რომლის ფსკერზე
ცის ლურჯი ჭუჭრუტანაა დატანებული.
იქნებ, შენ მაინც გაიხსენო წარსული,
ხელები აიქნიო,
ოდნავ შეთხელებულ თმაში ქარი შეუშვა და...
ლურჯი ჭუჭრუტანა ან გაიწელება
და ცად იქცევა,
ან ერთ წერტილად შეიკვრება
და ქვად...
ქუჩაში შეკრებილი ხალხისთვის
უბედური კაცი იქნები, ფანჯრიდან გადმომხტარი,
შენი ნებიერი შვილებისთვის კი _
რძეში ჩავარდნილი ქვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი