სინათლის ქვეშეთში


სიცხე
საბნის ალისფერი ატლასით იწყება
და ცეცხლს თამაშობს,
როგორც მოყვარულთა სცენაზე,
თუმცა გაუგებარია, საიდან გაჩნდა
ასეთ უნაკლოდ გახამებულ ლოგინში _
არც ნაოჭი, არც ჩაღრმავება...
იქნებ სიზმრის ქვესკნელებიდან
ამოვარდა,
რომ დაეთრგუნა
საშუალო სქესის ერთფეროვნება...
ცხელი და ცივი წყლის მილებიდან
მოთქრიალებს რძე და სისხლი
და უკვდავების წყაროს თამაშობს,
მაგრამ, ხელს შეახებ თუ არა,
ორივე დედდება, ერთი _ ნაღებად,
მეორე _ ტვინის ანევრიზმად...
_ წყალი!
მაგრამ ნაღების ტკბილი ბურთი
ჩაგჩარეს პირში
და კევივით ვეღარ ელევი,
ფიქრები ეწებებიან ერთმანეთს,
ცხენ-მზე-კაცი,
ატლასის კაბაში გამოწყობილი,
ერთი წუთით პურის საყიდლად
გარეთ გასული,
სიცხისგან დნება და სინათლეს ერევა,
და, საერთოდ,
ადამიანის ტანები აღარ დადიან ქუჩებში,
მათ ცვლის მდედრი და მამრი სინათლე
ბავშვების წვეთები,
მხოლოდ ბებრები,
რომელთა მარილიან ძვლებში
სხივიც ვერ გაატანს,
დედაბოძებივით დგანან შიგადაშიგ,
რომ ცა და მიწა
ერთმანეთში არ აითქვიფოს
მათი სინათლე ისეთი ლბილია,
როგორც გაფცქვნილი კვერცხიდან
ყვითელი გულის ნათება...
მაგრამ ბავშვები,
ისეთი კუთხოვანი, მძაფრი და აქოჩრილები,
რომ ქინძისთავებივით იჩხვლიტებიან
მოფერებისას,
ბავშვები,
კითხვის ნიშანივით წამახული
და მრგვალი თავებით
შეშვერილნი არიან სინათლის ზმნას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი