ტრაგედია


პიესა სხვისი, ვნებები,
ყოფა, მკვლელობა _ სხვისი,
მაგრამ საოპერო მუსიკის ფონში ვმონაწილეობ,
კედელზე გაკრული შპალერივით,
პირველი ბგერები მე მხვდება,
რიკოშეტით პერსონაჟებს ურტყამს...
შეიძლება, რომელიმე ტკბილმა მომღერალმა
მკვლელობისკენ გიბიძგოს?
ე.ი. ფიჭას რომ ღეჭავ
და კბილების ხვრელებიც კი
თაფლით გევსება,
სისხლის სიმლაშე აუცილებელია
სრულყოფილების მისაღწევად?
მე რომ შპალერი ვარ
და შენ თავს მირტყამ სიმაგრეზე,
ხოლო ნახატების წალკოტში
მოკლული სეირნობს, ესეც მუსიკაა...
აიღე რომელიმე ტკბილი მომღერალი,
გაამრავლე სინდისის ქენჯნაზე
და პართენონს მიიღებ,
ჟარგონზე მოლაპარაკე ტრაგედიას.
გაგიგიათ ჯინსის სოფოკლე?
მაგრამ ეს ყელში გაჩრილი სვეტები!
თავში ჩაშენებული ქოროები!
ახლიდან აგაგებენ,
სულ ხორბლისფერ გოგო-ბიჭებს
აგიკრავენ კედლებზე შპალერად,
დანაყილი შუშის კათარზისებს
დაგადევნებენ, თეთრი ძაღლებივით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი