ტყუილის აპოლოგია
თავი _ ფეთქებადი, გული _ ძაფების გამბმელი ზევიდან ქვევით, ფეხები _ ღონიერი ქართული ზმნასავით იარე და იყავი! ვენახში შაბიამნისფერი ძაღლი შეიყვანე, ისე ტკბილად შეგიყვარებს, ყურძენივით... რომ მოკვდები, აგლოკავს და გაგაცოცხლებს, აღარ იქნები ვალდებული ჭეშმარიტების სიმყარეს დაეყრდნო, ცეცხლი თუ მერყევია, რა, მართალი არ არის? ან გამჭვირვალე ჰაერი ზოგჯერ ფხვიერი ცომივით არ იჭმევა? მთავარია, ლამაზად ჩაჯდეს თვალებში, ცრემლივით, თქვენ იცით, რა არის სევდა? ეს არ იკითხო! მანქანას არ მოაჭრევინო სიგრძეში გაზრდილი ჩრდილი, შეღებე ძაღლი, ჰორიზონტის ლარზე გაჭიმე ვენახი, ზმნის უღლება ლექსს დაამგვანე თაბახის ფურცელზე, სანამ დაგიჭერენ და პასუხს მოგთხოვენ ყველა უკუღმართობისთვის სარგადაყლაპული ტილოს კაბები, ტვიდის კოსტიუმები, უფრო მაღლები საკუთარი სისწორის შეგნებისგან, განსაკუთრებით შენზე, სიღატაკისა და ფანტაზიის ომში დაგრეხილზე, დედაბუდიანად მატყუარაზე, რაც შვილებზე უკვე მემკვიდრეობით გადადის, უნდათ თუ არა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი