უცნაური სურვილი


მინდა ფული მქონდეს
და ორკესტრი ვიყიდო _
სიმებიანი და სასულე სამოთხე,
ოქროსფერი,
ისე შევჯდე მუსიკაზე,
ნემსზე რომ სხედან,
უხმოდ დაინგრეს ყველაფერი,
უსიტყვოდ გამეცალოს ყველა!
მე ბახთან ერთად ვკვდები
და 22 შვილს ფეხებზე ვკიდივარ,
ჭლექიან საყვარელს ვეხვეწები,
ამდენ სინაზეში
ერთი მეთორმეტე ეტიუდი ამოუშვას
დაჭმუჭნული ფილტვებიდან!
ყველა სახსარი მიჭრიალებს,
ყველა ბუშტში კენჭები მტკივა,
მინერალური მტკვარი გამომიწერეს უზმოზე,
თვალებდაჭყეტილი პროჟექტორები უძილობისთვის,
მე კი ორკესტრის ყიდვა მინდა, ჯიუტად,
მისი შეყვარება ადამიან-ინსტრუმენტიან-მუსიკიანად,
არაადეკვატურ აფიშებზე კლავესინის დახატვა;
ზედ მიდუღებული რუშებიანი მაჯებით _
ქაფქაფა რძე და ოქროს კრეშჩენდო!
არც ერთია რძე და არც მეორე ოქრო,
მაგრამ სხვაგვარად,
ჩემს ავადმყოფ ფანტაზიაში,
როგორ დავუდგა ძეგლი მოცარტს?
როგორ გავაგებინო არამოცარტებს,
რომ ფონოგრამა საერთო საფლავივითაა?
არც უხდება მუსიკას ამდენი `როგორ~
ამიტომ, ავდგები და ორკესტრს ვიყიდი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი