ქალაქის მსხვერპლი


ყოველთვის, როცა რაიმე ცუდი უნდა მოხდეს,
წერო მესიზმრება,
არა მინდორში გვირილასავით ამოსული,
არამედ ქუჩაში ცალ ფეხზე მდგარი,
როცა ერთიორად უფრო თეთრი და წაგრძელებულია,
მაგრამ მაინც ვერავინ ხედავს,
წამგებიანია მისთვის ქალაქის ფონი,
ქალაქის, რომელიც ადამიანების
და მანქანების მოძრაობაა,
ისეთი გაუთავებელი და უაზრო,
თითქოს საცერით წყალი მოგაქვს,
მაგრამ შეჩერება სიკვდილის ტოლფასია
და ვის რად უნდა
ვიღაც შერეკილის სიზმრიდან
ამოთრეული წერო თუ ადამიანი,
რომელიც წეროსავით იგრძელებს კისერს,
რომ შეამჩნიონ,
ფრთებიც თუ გაშალა,
სულაც ჯვარცმულს დაემგვანება
და გამოიწვევს ათას შეკითხვას,
გაოცებას, თანაგრძნობას...
ამიტომ ქაღალდივით უფერულ ცაზე
ყველა ფრთოსანს საშლელი უნდა გადაესვას,
რომ არ შეფერხდეს ხალხის სიარული
უკან და გვერდზე გაუხედავად,
ჰორიზონტს მიბჯენილი შუბლებით.
მაგრამ რომელიმე მათგანს რომ დაესიზმროს
ისეთი მკაფიო წერო,
თითქოს მწვანე მინდორს
გვირილა უჭირავს ხელში
და ერთი წუთით შეაჩეროს
ნაჯახივით წინ გასროლილი შუბლი,
მერე ვერასოდეს უცხოსავით ვეღარ ჩაუვლის
ნაკლოვანი კაცის პირმოთნეობას
და უსახურ ქალს,
რომელიც წეროსავით იგრძელებს კისერს,
რომ შეამჩნიონ,
და ახლა მასზე გამოცდის ქალაქი
ლამის ხელოვნებად ქცეულ
ვერშემჩნევის უნარს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი