შემზადება ჰიპერბოლისთვის
მწუთხე გემო აქვს ჰაერს, ფრაჟეს გაცვეთილი კოვზივით, პიკის საათებში კანსაც იკეთებს, შემცივნების მერე რომ იცის, ისეთ ბუსუსიანს. ვინ დახატავს ატმების ჟრიალს, მათი გეომეტრიის გვერდით? სეზანი, უკვე ვეღარ, ტვინის უპირატესობას რომ თავი გავანებოთ, ქუჩაში ეძინა, სკამზე, თავქვეშ ფეხსაცმელები ჰქონდა ამოდებული, ხორკლებზე მოსიარულე დეპრესია დასახატად ვერ გამოადგებოდა... მეც რომ უარი მეთქვა შიშზე, (ასეთივე უხორცო საგანზე), გასრიალებულს მეცხოვრა, უხორკლოდ, უბუსუსოდ, ულიტერატუროდ, როდესმე მოვმწიფდებოდი ღმერთის დასანახად, ე.ი. ჰიპერბოლისთვის? პირველი, რასაც იზამდა, ატმების ჟრუანტელს დამიხატავდა, რადგან შემოქმედი იყო, მერე რომელიმე ნაცნობის სული წამიყვანდა სადმე, ცის ეკვატორზე, (თუ არსებობს), გავთბებოდით ორივე და ან აქ დაგვტოვებდა ღმერთი, ან მიწაზე ატმის ხეებად გაგვიშვებდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი