ჩაფიქრება თემაზე _ პოეტი


ზოგჯერ, როცა ძალიან შეაწუხებს
ჩემი ცხოვრების წესი
და ავტონომიის მოთხოვნაზე,
მერამდენედ მიიღებს უარს,
ჩემი ტანი ზედ კეფასთან ჭრიალით მოირღვევა
და წავა სიტკბოსკენ
დამოუკიდებელი, ერთმმართველი, სრულიად ტანი,
რომელსაც ფიქრებით დამძიმებული
თავი მოუცილებია,
სული ლარნაკში ჩაუყუდებია ყვავილივით,
განთავისუფლებულა ჩემი მკაცრი
შავ-თეთრი სტილისგან
და ძოწითმოსილი, მოთახთახე, ჯანსაღი ტანი
მიდის სიტკბოსკენ!
შუა ქუჩაში თავი მოგორავს,
რომელსაც მანქანები ისე უფრთხიან,
როგორც ცხენი პირველ მანქანას;
ის კი კმაყოფილია,
მშვიდი და განყენებული ფიქრის დრო მისცეს.
მას სულ არ აფიქრებს ტანის ამბოხება,
ერთადერთი, რისიც ეშინია,
ეს არის სული,
რომელიც ახლა
ლარნაკშია ყვავილივით ჩაყუდებული,
პირი წყლითა აქვს სავსე
და ვეღარ ამოუთქვამს
წმინდა გონების კრიტიკა...
და ვცხოვრებ ასე, ხორცშესხმული ომი,
თეთრი და ალისფერი ვარდების
ასწლიანი ომი,
მაგრამ ამას ვერავინ ხვდება,
პირიქით, მეუბნებიან:
_ რა მშვენივრად გამოიყურებით!
ჩემს ტანს გულისხმობენ,
მოვლილს და ძოწითმოსილს,
_ რა კარგად აზროვნებთ!
მათ რა იციან, რა ძლიერი
სახელმწიფოს საზღვართან დგანან _
დამოუკიდებელი, ერთმმართველი, სრულიად თავის!
_ და რა გაუგებარ ლექსებს წერთ!
რა თქმა უნდა, თვალით დაუნახავია სისხლი,
და ბრინჯაოს ბალახისფერ სინათლესაც,
რომელსაც საუკუნეები დასჭირდა,
ერთ წუთში გაავლებენ ოქროსწყალში,
რომ იპრიალოს, იყვიროს, თავი დაგანახოს...
მაგრამ სანამ შენს ყელში
ჩვეულებრივ სასაუბრო სიტყვებს
ცხელ შეჭამანდში ჩაწობილი
ლუკმები ენაცვლებიან,
მათ შორის ამოტეხილი ჯადო _ სიტყვა,
სარძევე კბილივით მკრთალი და მშვენიერი,
არ ისმის და არ ჩანს,
მანამ გული არ გაგისკდება,
ან მანქანა არ გადაგივლის
და სიტყვები სურათებად არ იქცევიან
და აშკარა არ გახდება,
რომ ვარდები შენს თავზე
არც პოზაა და არც გვირგვინი,
არამედ ტვინში ჩაქცეული სისხლი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი