ჰარმონია


თუ იარსებებს ჰარმონია ტვინის გარეშე,
ორკესტრს რომ ვინმემ ჩამოაჭრას ტანწვრილი ფრაკი?
ორღანი ცალკე იფართხალებს, სიმები _ ცალკე
და ქათამივით მოკვდებიან გულის არეში...
ნეტავი, როგორ გამოხატავს მუსიკა ინფარქტს?
ებრძვის ცისფერი უნივთობა სპილენძის მადანს,
სტოკატოს ნემსებს შეეხევა ხავერდის ლანდი,
თუნდაც, შოპენის _ სისხლის წვეთი ძაფივით პირთან...
როგორ ხატავენ, თუ არსებობს ტკივილის გერბი?
როგორ ეტევა მარტივ წრეში მუსიკა მთელი?
რამდენ ხანს ფიქრობს მოგლეჯილი ტანიდან თავი?
და, უცებ, ვიგრძნობ, რა მსუბუქად ვაბიჯებ ტერფებს,
ისევ მაგრილებს აბრეშუმი და თმები სველი,
ალუბლის ხეს რომ დავინახავ, რომელიც ყვავის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი